ნეტგაზეთი | “გამორიცხულია ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა” – ნათელაშვილი მიშელის დოკუმენტზე “გამორიცხულია ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა” – ნათელაშვილი მიშელის დოკუმენტზე – Netgazeti
RU | GE  

“გამორიცხულია ასეთ დოკუმენტზე ხელის მოწერა” – ნათელაშვილი მიშელის დოკუმენტზე

“ლეიობრისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, შარლ მიშელის შეთავაზებულ დოკუმენტს ხელს არ მოაწერს. ამის შესახებ ნათელაშვილმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა.

“ეს არავითარი დოკუმენტი არ არის, ეს არის ივანიშვილის მორიგი აფიორა, დაახლოებით უფასო ფულის მსგავსი. რა თქმა უნდა, გამორიცხულია ასეთ დოკუმენტზე ხელმოწერა, სადაც წერია, რომ ადგილობრივი არჩევნების მიხედვით ან დაინიშნება ვადამდელი არჩევნები, ან არ დაინიშნება. საერთოდ არაფერ შუაში არ არის ადგილობრივი არჩევნები ვადამდელ არჩევნებთან”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ასევე პოლიტპატიმრების საკითხი არ უნდა წყდებოდეს შეთანხმების საფუძველზე და განხილვის გარეშე უნდა გაათავისუფლონ ისინი.

“სხვა შემთხვევაში გამოვა, რომ კიდევ დაგვიჭერს [“ქართული ოცნება”] ვიღაცას და მერე კიდევ დაევაჭრება ოპოზიციას, რომ ახლა იმას გამოვუშვებ და ამაზე მომიწერეთ ხელი. გამოვა ტყვეთა სყიდვის წახალისება ჩვენი მხრიდან”, – განაცხადა ნათელაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარტიებს ახალი წინადადება გუშინ, 18 აპრილს წარუდგინა.

მიშელის დოკუმენტში საუბარია როგორც ვადამდელ არჩევნებზე, ასევე პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საქმეებზე.

“საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისთვის და ამ შეთანხმების იმპლემენტაციისთვის ხელმომწერები იღებენ ვალდებულებას ,მოაგვარონ ამ დოკუმენტის ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმული ორი შემთხვევა, ამნისტიის ან სხვა გზით, რომელსაც ერთი და იგივე შედეგი მოჰყვება. კერძოდ, შეთანხმების ხელმოწერიდან ერთი კვირის ვადაში პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიამ უნდა დააინიციროს ამნისტიის კანონი 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევაზე”, – ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ “ქართული ოცნების“ 2021 წლის 16 აპრილის შეთავაზების თანახმად, 2022 წელს უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, თუ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში „ოცნება“ პროპორციულ ხმათა 43%-ზე ნაკლებს მიიღებს”.

შარლ მიშელის ახალი წინადადება პარტიებს გუშინ, 18 აპრილს, ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართულ შეხვედრაზე წარედგინათ. შეხვედრას “ქართული ოცნებაც” უნდა დასწრებოდა, თუმცა მმართველი პარტია შეხვედრაზე არ გამოცხადდა.

იხილეთ დოკუმენტი სრულად:

შარლ მიშელის წინადადება პარტიებს: ტექსტი სრულად

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი