ახალი ამბები

ელენე ხოშტარია დეპუტატის მანდატის გამოყენებას არ აპირებს

19 აპრილი, 2021 • 1057
ელენე ხოშტარია დეპუტატის მანდატის გამოყენებას არ აპირებს

“ევროპული საქართველოს” ყოფილი წევრი და მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ვინაიდან “ევროპული საქართველო” დატოვა, სადეპუტატო მანდატი არა მას, არამედ პარტიას ეკუთვნის.

ამასთან, ხოშტარია ამბობს, რომ შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული განახლებული დოკუმენტი კრიზისის გადაჭრის გზა არ არის.

“როგორც იცით, მე “ევროპული საქართველო დავტოვე”, შესაბამისად, სადეპუტატო მანდატი ეკუთვნის პარტიას და არა მე. არ მიმაჩნია კეთილსინდისიერად, ვისარგებლო იმით, რაც მე არ მეკუთვნის. მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვნად მიმაჩნია დავაფიქსირო ჩემი პოზიცია: ვფიქრობ, რომ არსებული კრიზისის გადაჭრის ერთადერთი გზა არის ახალი, სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების დოკუმენტი წინაზე არსებითად უკეთესია, სამწუხაროდ, ის არ არის კრიზისის გადაჭრის გზა.

შესაბამისად, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, კიდევ ბევრია სამუშაო კრიზისის გადასალახად. პირველ რიგში, პოლიტპატიმრების გამოშვება და პოლიტიკური დევნის სამარცხვინო პრაქტიკის დასრულება. როგორც ბოლო თვეების გამოცდილებამ გვანახა, კრიზისიდან გამოსვლის გზაზე ორი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის- ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო ჩართულობა”, — წერს ხოშტარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი