ახალი ამბები

დაუბალანსებელი ოქმების მიზეზი ადამიანური შეცდომაა – კობახიძე

2 ნოემბერი, 2020 • 1486
დაუბალანსებელი ოქმების მიზეზი ადამიანური შეცდომაა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ დაუბალანსებელი ოქმები ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა და ამის მიზეზი „ადამიანური შეცდომაა“.

„დაუბალანსებელი ოქმები ყველა არჩევნებზე ფიქსირდებოდა, რისი მიზეზიც ადამიანური შეცდომაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ 11 ნოემბერს, დაახლოებით 18:20 საათზე ბრიფინგზე.

კობახიძის თქმით, „ამგვარი ხარვეზები ხშირ შემთხვევაში ჩვენი პარტიისა და კანდიდატების საზიანოდ ფიქსირდება“.

კობახიძის თანახმადვე, „ყველა ტექნიკური ხარვეზი, რომელიც ოქმებში ფიქსირდება, ამჟამად ზუსტდება საარჩევნო ადმინისტრაციაში, რაც საარჩევნო პროცესში ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა“.


სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]“ აცხადებს, რომ მათი პარალელური დათვლის (PVT) თანახმად, ქვეყანში 31 ოქტომბრის არჩევნებზე საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში.

„ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად, განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს“, – წერს ორგანიზაცია.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI, ინსტიტუტი) მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, „საარჩევნო ოქმებში არსებულმა სავარაუდო უზუსტობებმა, ფართოდ გავრცელებულმა ცნობებმა საარჩევნო უბნებზე ან მის გარეთ დამაშინებელი ქცევის შესახებ, შედეგების დაგვიანებულმა გამოქვეყნებამ და წინასაარჩევნო პერიოდში ძალაუფლების ბოროტად გამოყენების განცდამ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული პროცედურების გაუმჯობესების კუთხით მიღწეული წინსვლა გადაფარა“.

წინასწარი შედეგებით პარლამენტში 9 პარტია შედის, თუმცა ყველა ოპოზიციური პარტია გაყალბებულად მიიჩნევს არჩევნებს, არალეგიტიმურად ცნობს შედეგებს და უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე. ესენი არიან:

„ნაციონალური მოძრაობა“; „ევროპული საქართველო“;სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“; „ლეიბორისტები“; „გირჩი“ ; „მოქალაქეები“ და „პატრიოტთა ალიანსი“.

ნახეთ ასევე:

ISFED-ის ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება

ყველა საჩივარი სამართლიანად და გამჭვირვალედ უნდა იქნას განხილული — ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი