ახალი ამბები

ISFED-ის ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება

1 ნოემბერი, 2020 • 1242
ISFED-ის ცნობით, უბნების 8%-ში ოქმებზე ბალანსი ვერ ჯდება

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება [ISFED]“ ამბობს, რომ მათი პარალელური დათვლის (PVT) თანახმად, უბნების 8%-ზე დაფიქსირდა დისბალანსი შემაჯამებელ ოქმში.

ორგანიზაცია ამბობს, რომ ამ 8%-ში ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას – „რაც სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს,“. მაგალითად, ISFED-ის ინფორმაციით, საბურთალოს 33-ე საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებლ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატება ამომრჩევლების ხელმოწერებს.

„ამასთანავე, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად, განსაკუთრებულ ყურადღედბას იმსახურებს“, – ამბობს ISFED-ის ხელმძღვანელი, ელენე ნიჟარაძე.

ნიჟარაძე განმარტავს, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე – „ანალიზი აჩვენებს, რომ შესაძლო შედეგზე მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები,“.

მისივე შეფასებით აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას და ამდენად, საჭიროებს დაუყონებლივ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.

„ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა. ჩვენი აზრით, პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, გადათვლაზე მიწვეულ უნდა იქნას ყველა დაინტერესებული მხარე – საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიებისა და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, – აცხადებს ნიჟარაძე.

შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის შესახებ საუბრისას ორგანიზაცია კონკრეტულ მონაცემებსაც აქვეყნებს.

  • #67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის #14 უბნის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირებულია პროპორციულ სიაში ზედმეტი ხმების რაოდენობა.
  • #2 ვაკის საარჩევნო ოლქის #47 უბანზე გამოვლინდა ერთით ზედმეტი ხმა ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების რაოდენობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება დააწერინეს ერთ-ერთ რეგისტრატორს. მოხდა შედეგების თავიდან გადათვლა, თუმცა კვლავ ერთით მეტი ხმა დაფიქსირდა.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #33 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებლ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 54-ით აღემატება ამომრჩევლების ხელმოწერებს.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #56 საარჩევნო უბნის პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში ბიულეტენების რაოდენობა 19-ით აღემატებოდა ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობას.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ ოქმებში (პროპორციული და მაჟორიტარული) 20-20 ბიულეტენით აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ხელმოწერების რაოდენობას.
  • #5 ისნის საარჩევნო ოლქის #84 საარჩევნო უბანზე პროპორციული სისტემით შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა  და ბათილი ბიულეტენების ჯამი 29-ით ნაკლებია ამომრჩეველთა სიაში ხელმოწერების საერთო რაოდენობაზე.
  • #3 საბურთალოს საარჩევნო ოლქის #90 და #92 საარჩევნო უბნის პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში გაცემული ბიულეტენების რაოდენობა 1-ით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #19 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმებში სუბიექტების მიერ მიღებული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი განსხვავდება ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა რაოდენობისგან, კერძოდ, 19-ით ნაკლებია მაჟორიტარული ოქმის და 54-ით ნაკლებია პროპორციული ოქმის მონაცემები.
  • #49 თერჯოლის საარჩევნო ოლქის #20 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი 3-ით აღემატებოდა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას.
  • #18 ახმეტის საარჩევნო ოლქის #7 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში სუბიექტების მიერ მიღებული ხმები 210-ით ნაკლებია ამომრჩეველთა ხელმოწერებზე.  
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #89 საარჩევნო უბნის პროპორციული სისტემის შემაჯამებელ ოქმში საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები 83-ით ნაკლებია ამომრჩეველთა ხელმოწერებზე.  
  • #22 მარნეულის საარჩევნო ოლქის #48 საარჩევნო უბანზე შემაჯამებელ პროპორციულ ოქმში გაცემული ბიულეტენის რაოდენობა 1-ით მეტი იყო ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე.

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში განახორციელა.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 1000-მდე საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს ცენტრალურ ოფისში ფუნქციონირებდა 20 ოპერატორისა და 11 იურისტისაგან დაკომპლექტებული მონაცემთა ანალიზისა და ინციდენტების ცენტრები. მიმდინარე არჩევნები ჩატარდა გლობალური პანდემიის კოვიდ-19 ის პირობებში.

„სამართლიანი არჩევნების“ არჩევნების დღის დაკვირვება ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (PVT) მეთოდოლოგიას.

PVT მეთოდოლოგია ითვალისწინებს დამკვირვებლების შემთხვევით შერჩეულ საარჩევნო უბნებზე განთავსებას, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია.

„PVT გვაძლევს საშუალებას დროულად და სწრაფად აღმოვაჩინოთ დარღვევები, სისტემურად შევაფასოთ არჩევნების დღის პროცესი და გადავამოწმოთ ოფიციალური შედეგების სიზუსტე პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მცირე ცდომილების ხარისხის ფარგლებში. ამ დროისათვის „სამართლიანი არჩევნები“ წარმოგიდგენთ ხმის დათვლის პროცესის შეფასებას და არჩევნების დღის საბოლოო შედეგებს“, – ამბობს ორგანიზაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი