ირაკლი კობახიძე მიტროპოლიტ იობის კრიტიკას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლება სასულიერო პირებთან საჯარო პოლემიკაში შესვლას არ აპირებს. მისი შეფასებით, მსგავსი საჯარო დაპირისპირება დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის.

კობახიძის განმარტებით, ლაშა ნაცვლიშვილს, რომელმაც სავარაუდოდ მიტროპოლიტ იობს საჯაროდ შეაგინა მას შემდეგ რაც სასულიერო პირმა “ქართული ოცნება” გააკრიტიკა, “ქართულ ოცნებასთან” დღეს არაფერი აკავშირებს. კობახიძის თქმით, ადრე ნაცვლიშვილს “ქართულ ოცნებაში სერიოზული როლი ჰქონდა, თუმცა დღეს პარტიასთან არავითარი კავშირი აღარ აქვს. რაც შეეხება თავად ნაცვლიშვილის განცხადებას, კობახიძემ აღნიშნა, რომ საკითხზე შსს-ში წარმოება უკვე დაწყებულია და გადაწყვეტილებას შესაბამისი უწყებები მიიღებენ.

„ჩემთვის ზოგადად ასეთი ტიპის უხეში, შეურაცხმყოფელი განცხადებები არის, რა თქმა უნდა, მიუღებელი”.

რაც შეეხება უშუალოდ მიტროპოლიტი იობის კრიტიკულ შეფასებებს “ქართული ოცნების” მიმართ, კობახიძე ამბობს:

“რაც შეეხება ამ განცხადებას, საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლებას შორის დამაზიანებელია როგორც ეკლესიისთვის, ისე ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენ არ ვაპირებთ ამ პოლემიკაში ჩართვას და ასევე ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ იქნებიან ასეთი პოლემიკის ინიციატორები. ეს უნდა გაითვალისწინოს როგორც სასულიერო პირმა, ისე ხელისუფლების წარმომადგენელმა“, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტების კითხვების საპასუხოდ ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ კითხვების არსებობის შემთხვევაში, ხელისუფლება ნებისმიერ პირთან შესახვედრად და სასაუბროდ მზად არის.

„ყველას ვთავაზობთ შეხვედრას, საუბარს, დისკუსიას, ამისათვის ვართ აბსოლუტურად ღია, თუმცა საჯარო პოლემიკა სასულიერო პირსა და ხელისუფლების წარმომადგენელს შორის არის არასწორი“, — დასძინა მან.

როგორც ცნობილია, წინა კვირას მიტროპოლიტმა იობმა საჯაროდ გააკრიტიკა “ქართული ოცნების” პოლიტიკა სხვადასხვა მიმართულებით. ამას მოჰყვა მმართველი პარტიის წარმომადგენლების და “მოლაპარაკე თავების” მხრიდან ორგანიზებული კამპანია, რომლის ფარგლებშიც მართლმადიდებელ იერარქს უწოდეს “აგენტი” და აგინეს კიდეც.

“იობ ტვაიუ მაწ რა… (რუსული შრიფტი გაიჭედა და ასე მომიწია დაწერა)”, – დაწერა ლაშა ნაცვლიშვილმა.

ლაშა ნაცვლიშვილი წარსულში იყო “ქართული ოცნების” მთავარი პროკურორის მოადგილე, ასევე მუშაობდა უშუალოდ პარტიაშიც. მიიჩნევა, რომ იგი ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული  პირია. წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ და საინფორმაციო პროცესებში. იყო პროსამთავრობო ტელეკომპანია POSTV-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამჟამად პოზიციონირებს როგორც “ქართული ოცნების” მხარდამჭერი. მისი ოპონენტების ინფორმაციით, ის მართავს “ქართული ოცნების” ფეისბუკ-ტროლს “ქეთევან მიქიაშვილს”, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.