ცხინვალის შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის მოთხოვნა, სირიამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება გააუქმოს, რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის ზიანის მიყენების მცდელობად შეაფასა.

ამის შესახებ ბარციცმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო TASS-ს განუცხადა.

მისი თქმით, კალასის განცხადება რუსეთის, მისი მოკავშირეებისა და, მათ შორის, აფხაზეთის წინააღმდეგ მიმართული მცდელობების ნაწილია.

„ეს არის რუსეთისა და მისი მოკავშირეებისთვის, მათ შორის აფხაზეთისთვის, ზიანის მიყენების განუწყვეტელი მცდელობები. ამისთვის ყველაზე მდაბიო მეთოდებიც კი გამოიყენება. ეს მცდელობები სუვერენული სახელმწიფოების პოზიციის აშკარა უგულებელყოფას ეფუძნება“, – განაცხადა ბარციცმა.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, სირიის მთავრობა ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებულ, სუვერენულ და დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებს.

ბარციცმა ასევე აღნიშნა, რომ სირიაში დაახლოებით 200-ათასიანი აფხაზურ-ადიღეური დიასპორა ცხოვრობს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.

„ვფიქრობ, სირიის არაბულ რესპუბლიკასთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ. ამ ქვეყანაში საკმაოდ აქტიურად ვმოქმედებთ და ახლა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში უფრო ფართო მიმართულებით ვიწყებთ მუშაობას“, – განაცხადა მან.

ბარციცის თქმით, აფხაზეთის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სხვა სახელმწიფოების მხრიდან მისი საერთაშორისო აღიარების გაფართოებაა.

კაია კალასმა სირიის საკითხი 16 ნოემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე წამოჭრა. მისი თქმით, სირიასთან ევროკავშირის განახლებული ასოცირების შეთანხმება ადამიანის უფლებების დაცვისა და უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების მკაფიო პირობებს უნდა ითვალისწინებდეს. კალასმა განმარტა, რომ საუბარია ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის დროს მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ამასთან, მან დააზუსტა, რომ 2008 წლის შეთანხმების ხელმოწერისა და მისი შემდგომი განახლების პროცესები ერთმანეთისგან გამიჯნულია.

კალასის განცხადებას მანამდე, 17 ნოემბერს, ცხინვალის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროც გამოეხმაურა. უწყების წარმომადგენელმა ევროკავშირის პოზიცია „შეუსაბამოდ“ და რეალობის დამახინჯებულ აღქმად შეაფასა. ცხინვალის დე ფაქტო უწყების განცხადებით, სირიის მიერ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯია. უწყებამ ევროკავშირის ხელმძღვანელობას მოუწოდა, უარი თქვას „პოლიტიკური შანტაჟის მცდელობებზე“.

სირიამ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა, ბაშარ ალ-ასადის მმართველობის დროს. აღიარების შემდეგ სირიამ ორივე დე ფაქტო რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.