ევროპარლამენტარები 31 ოქტომბერს საქართველოში გამართული საპალრამანეტო არჩევნების პირველ ტურს საერთო განცხადებით ეხმაურებიან.
ევროპელი დეპუტატები საქართველოს, როგორც ევროკავშირის მთავარ მოკავშირეს, პანდემიის მიუხედავად, საპალრამენტო არჩევნების წარმატებით ორგანიზებას ულოცავენ.
საერთო განცხადებაში ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ მთლიანობაში თავისუფლებები დაცული იყო და არჩევნებიც კონკურენტული იყო. თუმცა, მათი განცხადებით, მიუხედავად ამისა, იყო ამომრჩეველზე ზეწოლის სამწუხარო შემთხვევები. ასევე, მმართველ პარტიას და სახელმწიფოს შორის ზღვარი წაშლილი იყო როგორც კამპანიის, ისე არჩევნების დღეს.
“კანდიდატებს შეეძლოთ თავისუფლად ეწარმოებინათ კამპანია, რაც ამომრჩევლებს აძლევდა საშუალებას, არჩევანი სხვადასხვა პლატფორმებს შორის გაეკეთებინათ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან ინტერესის და ჩართულობის დონე ასევე წარმოადგენს ამ არჩევნების პოზიტიურ მახასიათებელს”, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ მედია და პოლიტიკური გარემო კვლავ ძალიან პოლარიზებულია, რაც ყველა მხარის მხრიდან უხეშ რიტორიკაში გამოიხატა, თუმცა აღნიშნავენ, რომ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით ეს შემცირებულია, რაც “პოზიტიური მიღწევაა”.
განცხადებაში ასევე საუბარია საარჩევნო კამპანიის დაფინანსების საკითხზე. როგორც ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, საჭიროა კამპანიის დაფინანსების საკითხების შემდგომი განხილვა ეუთო /ოდირის რეკომენდაციების შესაბამისად.
მათივე თქმით, დასაფასებელია, რომ თვითიზოლაციასა და კარანტინში მყოფი პირებისათვის ხმის მიცემის უფლება უზრუნველყოფილი იყო და დემოკრატიისა და ჯანმრთელობის დაცვას შორის კომპრომისული გამოსავალი იქნა ნაპოვნი.
ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რო ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება კიდევ ერთხელ ჩამოერთვათ.
“პირველი ტურის შემდეგ და მეორე ტურის წინ ყველას სიმშვიდისკენ მოვუწოდებთ. ყველა შესაძლო საჩივარი და შენიშვნა, რომელიც დადასტურებული იქნება მტკიცებულებებით, სამართლიანად, გამჭვირვალედ და მკაცრი ფორმით უნდა იქნას განხილული”, — ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
მათი თქმით, ევროპარლამენტი მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებას აგრძელებს და ახლად არჩეულ პარლამენტთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე შემდგომ თანამშრომლობას ელის.
განხცხადებას ხელს აწერენ:
ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი,
ევროპარლამენტის სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე მარინა კალიურანდი,
ევროპარლამენტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს შესახებ სვენ მიკსერი
ევროპარლამენტის წამყვანი წევრი საქართველოში დემოკრატიის მხარდამჭერი საქმიანობისთვის ვიოლა ფონ კრამონი.