ახალი ამბები

“არა თავდასხმა, არამედ მეგობრული შეხსენება” — ასიგნაციების კომიტეტი კანონპროექტზე

8 ივლისი, 2020 • 2141
“არა თავდასხმა, არამედ მეგობრული შეხსენება” — ასიგნაციების კომიტეტი კანონპროექტზე

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის თქმით, ელიან, რომ კომიტეტში შეტანილი კანონპროექტი, რომლის თანახმადაც აშშ-ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარების 15% შეიძლება გაიყინოს, შემდეგ თვეში წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობის მიერ უნდა განიხილონ.

ამის შესახებ კომიტეტის კომუნიკაციების დირექტორმა „ნეტგაზეთს“ წერილობით აცნობა.

ასევე, კომიტეტის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით პროექტში გაწერილი დებულება არ არის „თავდასხმა საქართველოზე“:

„ეს პროცესის დასაწყისია და, როგორც მოსალოდნელია, შემდეგ თვეში მას წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობა განიხილავს. ამის შემდეგ იქნება მოლაპარაკებები სენატთან [აშშ-ის კონგრესის მეორე პალატა — რედ.].

ნათელი რომ იყოს, ეს კანონპროექტი არ არის თავდასხმა საქართველოზე — უფრო მეტად, მეგობარი გამოხატავს შეხსენებას, რომ საჭიროა ქმედებები დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, კორუფციასთან საბრძოლველად და საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებთან შესაბამისად კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად“, — გვიპასუხეს კომიტეტში.

რას გულისხმობს კანონპროექტი?

კანონპროექტი ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების და ღონისძიებების ბიუჯეტს 2021 ფისკალური წლისთვის. კანონპროექტი უარყოფს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინადადებას სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და მათთან დაკავშირებული პროგრამების დაფინანსების 20%-ით შემცირების თაობაზე; აღადგენს მნიშვნელოვანი დიპლომატიური, განვითარებისა და ჰუმანიტარული პროგრამებისა დაფინანსებას, მათ შორის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის დაფინანსების ჩათვლით.

კანონპროექტში საუბარია საქართველოზეც, რომლისთვისაც 2021 წელს გათვალისწინებულია 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა. თუმცა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

დაფინანსების შეჩერება არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარების პროგრამებს, ასევე, გენდერული ძალადობის აღმოფხვრასთან და მოწყვლადი ჯგუფების დახმარების ღონისძიებებს.

სახელმწიფო მდივანს შეუძლია უარი თქვას ზემოაღნიშნულ შეზღუდვაზე, თუ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.

რას ამბობენ მასზე მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ კანონპროექტი „ცალკეული“ და „უპერსპექტივო ინიციატივაა“.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, კახა კუჭავას თქმით, „ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრება, რომ ახლო მომავალში იქნას განხილული. ამას სჭირდება დრო, თუმცა ის, რომ რამდენიმე კონგრესმენი აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინაააღმდეგ არის განწყობილი, დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე”, – დასძინა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, კონგრესის მიერ კანონპროექტის მოწონების პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ არსებობს და სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიადგება.

„ოპოზიცია კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ეს არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატო-სთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს”, — განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ „ფრონტერას” ხელწერაც იგრძნობა.

„არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა. ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც, პრაქტიკულად, არ არსებობს. ასე რომ, ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად“, — განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ინიცირებული კანონპროექტი „არის ცალკეული ინიციატივა” და ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის ტოლობის დასმა არასწორია.

შეფასებები განსხვავებულია ოპოზოციაში — მაგალითად, „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, კანონპროექტი „უაღრესად საგანგაშო სიგნალია. როგორც ის აცხადებს, ასეთი სიგნალი 2003 წლის შემდეგ საქართველოს არ მიუღია: „შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი, იმდენად ღრმა არის დღეს უკვე შეშფოთება ივანიშვილის ნაბიჯებით, რომელსაც ის დგამს დღეს ჩვენ ქვეყანაში და რომლითაც მან ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“.

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ხელისუფლებამ ქვეყნის რეპუტაციის შერყევა მოახერხა: „„ჩვენმა დღევანდელმა ხელისულებამ მოახერხა ქვეყნის რეპუტაციის ისე შერყვევა, რომ ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.. წარმომადგენელთა პალატის განცხადებასა და იმ კანონპროექტს ვგულისხმობ, რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის”, – თქვა ჯაფარიძემ.

კანონპროექტს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაშიც“ გამოეხმაურნენ — სალომე სამადაშვილის თქმით, „30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, საქართველოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა“. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან განაცხადა, რომ „კორფუცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ასევე იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გამოყოფენ ჩვენი ქვეყნისთვის“:

„დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს ამერიკის კონგრესი, როცა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით, აწესებს უკვე, შეიძლება ითქვას, სანქციას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით. რატომ ხდება ეს?

ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ივანიშვილმა, შეუძლებელი გახადა მათ შორის დახმარების მიტანა ადამიანებამდე. ანუ კორუფცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ასევე იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გამოყოფენ ჩვენი ქვეყნისთვის”, — განაცხადა მან.

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი მიიჩნევს, რომ „კონგრესი ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას იწყებს“:

„თუ ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ თმობს ძალაუფლებას, ელოდება ისეთი რეალური სანქციები, როგორიც არ ღირსებია მსოფლიოში ცნობილ, თანამედროვე თუ წარსულის დიქტატორს.

მთავარია, ივანიშვილმა შეიგნოს, რომ მისი დრო წავიდა და გამოაცხადოს ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება და მისცეს ქართველ ხალხს საშუალება მომავლის დიდ მაგისტრალზე გასვლისა, რის უფლებას იგი არ გვაძლევდა. ეს გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ჩვენ მიერ 8 წლის განმავლობაში ვაშინგტონისათვის მიწოდებული, დასაბუთებული ინფორმაციების საფუძველზე და ამას ამაყად ვაცხადებთ“, — განაცხადა მან ბრიფინგზე.

გირჩის ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ აშშ-ში დაინახეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კორუფციის კუთხით ვითარების გაუარესება და სწორედ ამიტომ ჩაწერეს კანონპროექტში დახმარების ნაწილის შეჩერებაზე მოთხოვნა: „ხელისუფლების მიმართ კონკრეტული გზავნილია, რადგან მათ არ მოსწონთ ის სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. მათ შორის ხაზია გასმული კორუფციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობაზე, რაც ფაქტია, და ამაში ახალი არაფერია. უბრალოდ კარგია, რომ ეს გზავნილი მათგან წამოვიდა“, — ამბობს ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი