ახალი ამბები

ივანიშვილს, ძალაუფლებას თუ არ დათმობს, სანქციები ემუქრება — ნათელაშვილი

7 ივლისი, 2020 • 1877
ივანიშვილს, ძალაუფლებას თუ არ დათმობს, სანქციები ემუქრება — ნათელაშვილი

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც, საქართველოს შეიძლება შეუჩერდეს აშშ-ის მიერ გამოყოფილი დახმარების 15%. ის ამჟამად კომიტეტმა უნდა განიხილოს.

ნათელაშვილის თქმით,  „აშშ-ის კონგრესი ივანიშვილის რეჟიმისთვის სანქციების დაწესებას იწყებს“ და „ თუ ივანიშვილი არ გამოაცხადებს, რომ თმობს ძალაუფლებას, ელოდება ისეთი რეალური სანქციები, როგორიც არ ღირსებია მსოფლიოში ცნობილ, თანამედროვე თუ წარსულის დიქტატორს“.

“მთავარია, ივანიშვილმა შეიგნოს, რომ მისი დრო წავიდა და გამოაცხადოს ძალაუფლების გადაცემასთან დაკავშირებული პროცედურების დაწყება და მისცეს ქართველ ხალხს საშუალება მომავლის დიდ მაგისტრალზე გასვლისა, რის უფლებას იგი არ გვაძლევდა. ეს გახლავთ ისტორიული მნიშვნელობის დოკუმენტი, რომელიც შედგენილია ჩვენ მიერ 8 წლის განმავლობაში ვაშინგტონისათვის მიწოდებული, დასაბუთებული ინფორმაციების საფუძველზე და ამას ამაყად ვაცხადებთ.

დღეს ივანიშვილის ეპოქა, მისი რეჟიმის არსებობის საშინაო და საერთაშორისო საფუძველი, ბაზისი, დამთავრებულია.

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, დაგვანებოს თავი“, — განაცხადა ნათელაშვილმა.


კანონპროექტი შეაფასეს „ქართულ ოცნებაშიც“. მმართველ გუნდში მას „უპერსპექტივო ინიციატივას“ უწოდებენ.

ამ თემაზე იხილეთ:

საქართველოს, შესაძლოა, აშშ-ის დახმარების 15% შეუჩერდეს – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი