ახალი ამბები

“კორუფცია ჭამს ქვეყნის მომავალს და მეგობრების დახმარებას” – ენმ აშშ-ის კანონპროექტზე

7 ივლისი, 2020 • 1620
“კორუფცია ჭამს ქვეყნის მომავალს და მეგობრების დახმარებას” – ენმ აშშ-ის კანონპროექტზე

აშშ-ის კონგრესის კანონპროექტზე, რომელშიც საქართველოს მთავრობისთვის დახმარების 15%-ის შეჩერებაზეა საუბარი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” პასუხისმგებლობას “ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს აკისრებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის თქმით, ეს “ოცნების” “კორუმპირებული მმართველობის” შედეგია.

“მინდა ვთქვა, რომ 30-წლიანი ურთიერთობების ისტორიის მანძილზე, საქართველოსა და აშშ-ს შორის მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ მოგვისმენია კრიტიკა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მეგობრებისგან თუ სტრატეგიული მოკავშირეებისგან.

მაგრამ დღეს უპრეცედენტო ნაბიჯს დგამს ამერიკის კონგრესი, როცა როგორც დემოკრატიული, ისე რესპუბლიკური პარტიის მხარდაჭერით, აწესებს უკვე, შეიძლება ითქვას, სანქციას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმთან მიმართებით. რატომ ხდება ეს?

ეს ხდება იმიტომ, რომ იმ სრულიად უპრეცედენტო კორუფციის მასშტაბმა, რომელიც ქვეყანაში დაამყარა ივანიშვილმა, შეუძლებელი გახადა მათ შორის დახმარების მიტანა ადამიანებამდე. ანუ კორუფცია ჭამს ჩვენს ქვეყანაში ჩვენს მომავალს და ასევე იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენი მეგობრები გამოყოფენ ჩვენი ქვეყნისთვის”, – თქვა სამადაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა.

კანონპროექტში საუბარია საქართველოზეც, რომლისთვისაც 2021 წელს გათვალისწინებულია 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა. თუმცა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

კანონპროექტს მმართველ გუნდში “ცალკეულ, უპერსპექტივო ინიციატივად” მოიხსენიებენ.

საქართველოს, შესაძლოა, აშშ-ის დახმარების 15% შეუჩერდეს – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი