ახალი ამბები

ცალკეული, უპერსპექტივო ინიციატივა და არა გადაწყვეტილება – “ოცნება” კონგრესის კანონპროექტზე

7 ივლისი, 2020 • 1666
ცალკეული, უპერსპექტივო ინიციატივა და არა გადაწყვეტილება – “ოცნება” კონგრესის კანონპროექტზე

“ქართული ოცნება” ეხმაურება აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტს და აცხადებს, რომ საქართველოსთვის დაფინანსების ნაწილის შესაძლო შეჩერების შესახებ ჩანაწერი ცალკეული კონგრესმენების ინიციატივაა და არა – მიღებული გადაწყვეტილება.

“ქართული ოცნება” სიცრუეში ადანაშაულებს ოპოზიციას, აქცენტს აკეთებს რა ენმ-ის წევრ სალომე სამადაშვილის განცხადებაზე, რომ “ამერიკის კონგრესი საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების ნაწილს ყინავს, სანამ არ მოისმენს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის, კორუფციასთან ბრძოლის თაობაზე. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან ძვირი უჯდება თითოეულ ჩვენგანს”.

“კონგრესს არაფერი გაუყინავს, არც დოკუმენტი მიუღია და არანაირი ცვლილებები დოკუმენტში არ შეუტანია. ეს არის ტყუილი და დეზინფორმაცია. ერთადერთი, რასაც მსგავსი ინფორმაციის გავრცელება შეიძლება უკავშირდებოდეს, ან არაპროფესიონალიზმია და უნარი, ვერ წაიკითხო ის, რა ინფორმაციაც მოდის ამერიკიდან, ან – მიზანმიმართული დეზინფორმაციული კამპანია, რომლითაც ცდილობენ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ კახა კუჭავამ.

მისი თქმით, საუბარია კონგრესის ერთ-ერთი კომიტეტის ერთ-ერთ ქვეკომიტეტში ინიცირებულ  კანონპროექტზე, რომელსაც ჯერ კიდევ ძალიან ბევრი თვე დასჭირდება იმისთვის, რომ სესიამდე მივიდეს და კენჭისყრა ჩატარდეს.

“კანონპროექტის დაინიცირება ჩვენთან იქნა „გაყიდული“, თითქოს კონგრესმა მიიღო რაღაც გადაწყვეტილება, რაც ღიმილის მომგვრელია. ეს არის ერთ-ორსაათიანი აჟიოტაჟის ატეხვის მცდელობა იმ ფაქტზე, რომელიც არ მომხდარა. მსგავსი ინფორმაციის გავრცელება, ერთადერთი, ვისაც ხელს აძლევს და ვის ინტერესებშიც არის, ეს არის ჩვენი ჩრდილოელი ოკუპანტი და სამწუხაროა, რომ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები ზუსტად ამ ნარატივს იმეორებენ და სიხარულით იღებენ იმ ფაქტს, რომ საქართველოს თურმე რაღაც სანქციები დაუწესდა, რაც ტყუილია. კანონპროექტს ჯერ კიდევ ძალიან დიდი დრო დასჭირდება, რომ მივიდეს ფართო განხილვამდე, მათ შორის, კონგრესის პლენარულ სესიამდე”, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, ადგილი აქვს რამდენიმე კონგრესმენის მცდელობას, რომ  ეს ცვლილებები აისახოს აპროპორიაციის დოკუმენტში, თუმცა კონგრესი ასე მარტივად გადაწყვეტილებებს არ იღებს.

“ეს არის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რომელიც ფიზიკურად ვერ მოესწრება, რომ ახლო მომავალში იქნას განხილული. ამას სჭირდება დრო, თუმცა ის, რომ რამდენიმე კონგრესმენი აგრესიული ლობიზმის შედეგად ჩვენი ხელისუფლების წინაააღმდეგ არის განწყობილი, დასამალი არ არის და გვესმის კიდეც, მათ შორის ერთ-ერთი კონგრესმენის ბოლოდროინდელი ჩართვა ოპოზიციურ ტელეარხზე ძალიან კარგად მეტყველებს ამაზე”, – დასძინა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ვოლსკის თქმით, კონგრესის მიერ კანონპროექტის მოწონების პერსპექტივა, პრაქტიკულად, არ არსებობს და სახელმწიფოს არანაირი ზარალი არ მიადგება.

“ოპოზიცია კონგრესის კანონპროექტს აღიქვამს გამარჯვებად. ეს არის სიცრუე. როცა ჩვენ ამ ხნის განმავლობაში ვმუშაობთ ნატო-სთან ინტეგრაციის, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის ხარისხის გაზრდაზე, ჩვენი ოპონენტები მუშაობენ, რომ იქნებ ზიანი მიადგეს ჩვენს ქვეყანას და დახმარება და პოლიტიკური თანადგომა შეუმცირდეს”, – განაცხადა ვოლსკიმ და დასძინა, რომ “ფრონტერას” ხელწერაც იგრძნობა.

“არის კონგრესმენების ჯგუფი, რომელიც ცნობილია ჩვენთვის და მათ მოამზადეს კანონპროექტი, რომელიც გამოქვეყნდა. ჯერ კომიტეტში უნდა განიხილონ, შემდეგ სხვა კომიტეტებში და შემდეგ მთლიანად კონგრესმა უნდა მოიწონოს, რისი პერსპექტივაც, პრაქტიკულად, არ არსებობს. ასე რომ, ჩვენი ოპონენტები მინდა დავამშვიდო, რომ სახელმწიფოს არ მიადგება არანაირი ზარალი, თუნდაც ასეთი ინტენსიური, გააფთრებული ბრძოლის მიუხედავად“,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.​

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტის ინიცირებული კანონპროექტი “არის ცალკეული ინიციატივა” და ცალკეულ ინიციატივასა და მიღებულ გადაწყვეტილებას შორის ტოლობის დასმა არასწორია.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა.

კანონპროექტში საუბარია საქართველოზეც, რომლისთვისაც 2021 წელს გათვალისწინებულია 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა. თუმცა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

საქართველოს, შესაძლოა, აშშ-ის დახმარების 15% შეუჩერდეს – კანონპროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი