მოძრაობა „ხმა“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ ლევან ზურაბაშვილი შეიწყალოს.
ამის შესახებ მოძრაობა „ხმა“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც მოძრაობა „ხმა“ აცხადებს, ლევან ზურაბაშვილი ტყუილუბრალოდაა დასჯილი და მისი შეწყალება გამორჩეულად სამართლიანი და სახალხო გადაწყვეტილება იქნებოდა, რაც კი პრეზიდენტად ყოფნის დროს სალომე ზურაბიშვილს მიუღია.
„ვულოცავთ გათავისუფლებას ლაზარე გრიგორიადისს. დაუმტკიცებელი ბრალდებით 9-წლიანი პატიმრობისთვის ახალგაზრდა ადამიანის გაწირვა და ამის დაჟინებული მოთხოვნა ჩვენი საზოგადოების მცირე ნაწილის მხრიდან გამაოგნებელია და სამარცხვინო.
თუ ლაზარეს ცეცხლის წაკიდებას ედავებოდნენ, ლევან ზურაბაშვილი მეოთხე წელია სათამაშო პისტოლეტისთვის ზის ციხეში. რასაც ლევანი დაუპირისპირდა, ავთვისებიან სიმსივნესავით გვაქვს მოდებული საერთო სოციალურ სხეულზე. ძარცვა და დამცირება ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ვალით და ძარცვით დატანჯული ჩვენი ხალხისთვის პირიდან ლუკმის ამომრთმევი ბანკების, სლოტ-კლუბებისა თუ ფარმაცევტული კომპანიების საქმიანობა ბანდიტიზმის ნაირსახეობად განიხილება – ინსტიტუციონალიზებულ ბანდიტიზმად. პოლიტიკური კლასის ძირითადი ნაწილი ან მათგან მომდინარეობს, ან მათი მოკავშირე და ლობია. ხოლო ამ ბანდიტების მიმართ შურისმაძიებლობა აღიქმება როგორც მორალური შეთქმულება ჩაგვრის და მჩაგვრელის წინააღმდეგ. ამ შეთქმულებაში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხედავს და დაინახავს საკუთარ ადგილს“, – ნათქვამია „ხმის“ განცხადებაში.
ლევან ზურაბაშვილი პოლიციამ 2020 წლის 20 ნოემბერს დააკავა. შსს-ს ცნობით, მას ერთ-ერთი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ფილიალში 17 პირი ჰყავდა მძევლად აყვანილი.
დაკავებული სამ მოთხოვნას აყენებდა:
- აიკრძალოს აზარტული თამაშები;
- ბანკებს სესხზე მხოლოდ 7%-იანი წლიური განაკვეთის დაწესების უფლება მიეცეთ და ყველა მსესხებელს გადაუტანონ სესხი 7%-ში;
- შემცირდეს წამლების ფასი, ფარმაცევტულ კომპანიებს მხოლოდ 10%-იანი მოგების უფლება მიეცეთ.
2022 წელს უზენაესმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ლევან ზურაბაშვილს საპატიმრო სასჯელი 7 წლიდან 9 წლამდე გაუზარდა.