ახალი ამბები

ასეთი საგანგაშო სიგნალი 2003 წლიდან არ გვქონია – ბოკერია აშშ-ის კანონპროექტზე

7 ივლისი, 2020 • 1047
ასეთი საგანგაშო სიგნალი 2003 წლიდან არ გვქონია – ბოკერია აშშ-ის კანონპროექტზე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტს, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა, რომ საქართველოს აშშ-ის დახმარების 15% შეუჩერდეს, „უაღრესად საგანგაშო სიგნალს“ უწოდებს, რაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობას უკავშირდება.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა რამდენიმე საათის წინ სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა. კანონპროექტი ეხება სახელმწიფო დეპარტამენტის, USAID-ის და მათთან დაკავშირებული საერთაშორისო პროგრამების და ღონისძიებების ბიუჯეტს 2021 ფისკალური წლისთვის.

კანონპროექტში საუბარია საქართველოზეც, რომლისთვისაც 2021 წელს გათვალისწინებულია 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა. თუმცა შეიძლება შეჩერდეს საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15%.

თანხის რაოდენობა შეიძლება შეჩერდეს მანამდე, სანამ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ საქართველოს მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ 7 ივლისს ბრიფინგზე განაცხადა:  „საერთაშორისო ასპარეზზე ასეთი გაჭირვების დროს, იმის ნაცვლად, რომ ვლობირებდეთ თავისუფალ ვაჭრობას აშშ-თან და დამატებით დახმარებას, ჩვენ გვაქვს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან უაღრესად საგაგნაშო სიგნალი“.

გიგა ბოკერიას თანახმად, ასეთი სიგნალი 2003 წლის შემდეგ საქართველოს არ მიუღია: „შევარდნაძის ეპოქაში იყო ბოლოს ამ ტიპის გზავნილი, იმდენად ღრმა არის დღეს უკვე შეშფოთება ივანიშვილის ნაბიჯებით, რომელსაც ის დგამს დღეს ჩვენ ქვეყანაში და რომლითაც მან ჩვენი ქვეყანა ჩიხში შეიყვანა“.

გიგა ბოკერიამ ახსენა ახალი კანონპროექტი, რომელიც მარეგულირებელ კომისიას ეხება და რომელზეც არასამთავრობოების და მაუწყებლების ნაწილმა შეშფოთება გამოხატა, და განაცხადა, რომ „კონგრესის დღევანდელი გზავნილიც ასეთ გადაწყვეტილებებს უკავშირდება“:

„გადაწყვეტილებებს საგანგებო ზომების საპარლამენტო კონტროლის გარეშე მიღებაზე და, რა თქმა უნდა, 8 მარტის შეთანხმების არშესრულებას, პოლიტიკური პატიმრების საკითხის არგადაწყვეტას და ზოგადად ვითარების ნორმალიზაციისკენ სრულფასოვანი ნაბიჯების არგადადგმას“, – თქვა გიგა ბოკერიამ.


დაფინანსების შეჩერება არ შეეხება დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის განვითარების პროგრამებს, ასევე, გენდერული ძალადობის აღმოფხვრასთან და მოწყვლადი ჯგუფების დახმარების ღონისძიებებს.

სახელმწიფო მდივანს შეუძლია უარი თქვას ზემოაღნიშნულ შეზღუდვაზე, თუ დაადასტურებს, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის ეროვნული ინტერესებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი