ახალი ამბები

უფლებადამცველები და აქტივისტები აპროტესტებენ გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცესს

25 აპრილი, 2024 • 510
უფლებადამცველები და აქტივისტები აპროტესტებენ გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცესს

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე შშმ პირები და ორგანიზაციები აკრიტიკებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შერჩევის პროცესს.

გაეროს შშმ პირთა კომიტეტში ხელისუფლებამ წარადგინა გიორგი ძნელაძე, „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის“ გამგეობის თავმდჯომარე.

„საქართველოს ხელისუფლებამ გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წარადგინა წევრობის კანდიდატი თემის ყოველგვარი მონაწილეობის გარეშე. თითქმის ყველა საჯარო უწყებასთან, მათ შორის,  საქართველოს მთავრობასთან არსებულ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორის საკოორდინაციო კომიტეტთან მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აქტივისტებისგან, შშმ პირთა და მშობელთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციებისა და საკითხზე მომუშავე სხვა ორგანიზაციებისგან დაკომპლექტებული საკონსულტაციო საბჭოები. კომიტეტის საქმიანობა მხარდაჭერილია საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ. საკოორდინაციო კომიტეტის ხელმძღვანელი, ადამიანის უფლებების საკითხში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მონაწილეობას იღებდა კანდიდატის შესარჩევ კომისიაში.

გაეროს შშმ პირთა კომიტეტში წარსადგენი კანდიდატის შერჩევის არც პროცესი და არც კრიტერიუმები არ განხილულა გაეროს შშმ პირთა კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორის საკოორდინაციო კომიტეტთან არსებულ საკონსულტაციო საბჭოსა თუ ზოგადად შშმ პირთა თემში. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ჩვენი, შშმ აქტივისტებისა და წარმომადგენელი ორგანიზაციების, მონაწილეობის გარეშე, ფარულად – ჩრდილოვან გარემოში. ხსენებული ფაქტი ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს, თემის კანონიერ და მთლიანად სახელმწიფოებრივ ინტერესებს“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე შშმ პირებმა და ორგანიზაციებმა დღეს, 25 აპრილს გაავრცლეეს.

განცხადების მიხედვით, მათთვის მიუღებელია, რომ ხელისუფლება, რომელიც უცხოური გავლენის გამჭვირვალების შესახებ კანონპროექტის წარდგენას- რომლის მიღების შემთხვევაშიც შემოსავლების 20 პროცენტზე მეტის უცხოეთიდან მიღების შემთხვევაში არასამთავრობო ორგანიზაცია ვალდებული გახდება, დარეგისტრირდეს „უცხო ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად -ამართლებს სამოქალაქო სექტორის გამჭვირვალების აუცილებლობით, საკუთარ საქმიანობაში უგულებელყოფს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ჩართულობის პრინციპებს.

„ამავდროულად, გაეროს შშმ პირთა უფლებების კომიტეტის წევრობის კანდიდატის წარდგენა მოხდა თვითონ გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის 4.3, 33.3 და 34 მუხლების დარღვევით. აღნიშნული მუხლების მიხედვით შშმ პირები შესაბამის ფორმატში უნდა მონაწილეობდნენ ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტაში, რომელიც შესაძლოა, რამე ფორმით აისახოს მათ უფლებრივ მდგომარეობასა და ყოფაზე, მათ შორის, შშმ პირთა უფლებადაცვით საერთაშორისო სტრუქტურაში ექსპერტის კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის პროცესში. მივიჩნევთ რა, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს შშმ პირთა შესახებ გადაწყვეტილებათა მიღება ხსენებული თემის წარმომადგენელთა ექსკლუზიის ფონზე“, — აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები:

  1. მოუწოდებენ საქართველოს სახალხო დამცველს, გამოიკვლიოს აღნიშნული საკითხი;
  2. მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, შეაფასოს გაეროს შშმ პირთა კომიტეტის წევრობის კანდიდატურის წარდგენის წარმართული პროცესი;
  3. სთხოვენ საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო ყურადღება მიაქციოს განცხადებაში მოყვანილ ფაქტებს, გამოხატოს სოლიდარობა საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისადმი და მხარი დაუჭიროს შშმ აქტივისტებს და წარმომადგენელ ორგანიზაციებს, რათა სამომავლოდ არ მოხდეს პროცესების გაუმჭვირვალედ წარმართვისთვა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • “პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის”
  • “ფსიქიატრიის სერვისის მომხმარებელთა და გადარჩენილთა საქართველოს ქსელი”
    სენტირე
  • ფონდი აურეს
  • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • თანაბარი ჩართულობის ცენტრი/EPC
  • “ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ” (FAD)
  • მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის
  • მოძრაობა ინკლუზიური საზოგადოება- საქართველო
  • ესმა გუმბერიძე
  • ანა სიხაშვილი
  • მარინე კორკოტაძე
  • შორენა შავლაყაძე
  • დავით ყვირილიანი
  • ეკატერინე თორთლაძე
  • თათია დათაშვილი
  • კობა ნადირაძე
  • გოდერძი გოგოლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი