ნეტგაზეთი | “ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის რეპუტაციის შერყევა” – ჯაფარიძე აშშ-ის კანონპროექტზე “ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის რეპუტაციის შერყევა” – ჯაფარიძე აშშ-ის კანონპროექტზე – Netgazeti

“ხელისუფლებამ მოახერხა ქვეყნის რეპუტაციის შერყევა” – ჯაფარიძე აშშ-ის კანონპროექტზე

პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის ახალი კანონპროექტი საქართველოს კიდევ უფრო ღრმა კრიზისამდე მიიყვანს.

საუბარია წარმომადგენელთა პალატის ახალ კანონპროექტზე, რომლითაც აშშ-ის დახმარება საქართველოში, შესაძლოა, 15%-ით შემცირდეს.

„ჩვენმა დღევანდელმა ხელისულებამ მოახერხა ქვეყნის რეპუტაციის ისე შერყვევა, რომ ჩვენ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.. წარმომადგენელთა პალატის განცხადებასა და იმ კანონპროექტს ვგულისხმობ, რომელიც დღეს ცნობილი გახდა საზოგადოებისთვის”, – თქვა ჯაფარიძემ.

“ლელოს” ლიდერის შეფასებით, შეერთებული შტატების დახმარება საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და თუ ხელისუფლება არ შეცვლის “მავნებლურ ქმედებებს”, საქართველო ამ დახმარებას დაკარგავს.

ჯაფარიძე განმარტავს, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება გააგრძელებს დემოკრატიული ინსტიტუტების ნგრევას, კერძო ინსტიტუციების ხელყოფასა და უცხოური ინვესტიციების განდევნას – ამ დახმარებას საქართველოს მართლაც შეუწყვეტენ.

„მმართველი გუნდის წარმომადგენლები უტიფრად აცხადებენ იმას, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით არ ხდება და არ ხდებოდა დევნა პოლიტიკური ოპონენტების. ისე, რომ თითქოს ქვეყანა აყვავებული იყო პანდემიამდე და მხოლოდ პანდემიამ შეუშალა ქვეყანას ხელი გზაზე განვითარების.

ეს არის დამახასიათებელი დღევანდელი ხელისუფლების, არაღიარება შეცდომების და, სამწუხაროდ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ აპირებენ გააგრძელონ ისეთი საქმიანობა, როგორსაც ახორციელებენ. ეს ქვეყანას მიიყვანს ძალიან ღრმა კრიზისიამდე“, – აცხადებს ჯაფარიძე.


აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტმა სახელმწიფო და საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტი გამოაქვეყნა.

კანონპროექტში საუბარია საქართველოზეც, რომლისთვისაც 2021 წელს გათვალისწინებულია 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარების გამოყოფა. თუმცა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების უფლებების, მათი ფინანსური ინტერესებისა და ინვესტიციების დაცვის ჩათვლით.

ცალკეული, უპერსპექტივო ინიციატივა და არა გადაწყვეტილება – “ოცნება” კონგრესის კანონპროექტზე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან