ახალი ამბები

კობახიძე აშშ-თან პარტნიორობაში არსებულ „სისუსტეებზე“ საუბრობს

23 თებერვალი, 2024 • 1521
კობახიძე აშშ-თან პარტნიორობაში არსებულ „სისუსტეებზე“ საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისს სურს გააღრმაოს სტრატეგიული პარტნიორობა როგორც ჩინეთთან, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

თუმცა კობახიძე აღნიშნავს, რომ თუ ჩინეთის დამოკიდებულება პარტნიორობისადმი „ყველა კუთხით ჩანს“, აშშ-თან პარტნიორობაში „წლების განმავლობაში გვქონდა გარკვეული სისუსტე“.

„პრიორიტეტები არა მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ურთიერთობა ორმხრივი საქმეა და პრიორიტეტები ორმხრივად განისაზღვრება. ჩინეთისგან ვხედავთ პარტნიორობის გარღმავების ინტერესს, რაც კონკრეტულ საქმიანობაშიც გამოიხატა. გააქტიურებულია ეკონომიკური-სავაჭრო ურთიერთობები. ჩინური კომპანიები აქტიურად ჩართულნი არიან ეკონომიკურ პროექტებში, რაც მნიშვნელოვანია.

გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, რამაც ხელი შეუწყო [პარტნიორობის გაღრმავებას]. გვაქვს პირდაპირი ფრენები, კოვიდის შემდეგ აღდგა ჩინური მხარის გადაწყვეტილებით. როცა პრემიერი ღარიბაშვილი იყო ჩასული ჩინეთში, უმაღლეს დონეზე მოუწყვეს დახვედრა. ყველა კუთხით ჩანს ჩინეთის დამოკიდებულება“, – განაცხადა კობახიძემ.

შედარებისთვის, პრემიერმა აშშ-თან სტრატეგიულ ურთიერთობაზეც ისაუბრა და მწუხარება გამოხატა, რომ ბოლო წლებია, ვაშინგტონისა და თბილისის ურთიერთობებში „სისუსტეს“ აქვს ადგილი.

„რაც შეეხება აშშ-ს, წლების მანძილზე გვქონდა გარკვეული სისუსტე, გამოვლინება შესუსტებული ინტერესისა, რაც ჩვენთვის სამწუხარო განვითარება იყო. კონკრეტულ დეტალებშიც გამოიხატა – უმაღლესი დონის ვიზიტები არ შემდგარა დაახლოებით 6-7 წელია. ეს გამოიხატება პროტოკოლურ საკითხებშიც. მერვე წელია, უმაღლეს დონეზე არც ერთ პრეზიდენტს თუ პრემიერს არ მიუღია მილოცვა აშშ-დან. არის შედარებით საშუალო დონე, საიდანაც იგზავნება მილოცვები.

სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მხრივაც არ გვაქვს კარგი ვითარება. არ გვაქვს პირდაპირი ფრენები, უვიზო მიმოსვლა. ეს საჭიროებს გაუმჯობესებას. აშში-ს ელჩს შევხვდი, გვქონდა გულწრფელი საუბარი. გამოიხატა სურვილი უფრო ინტენსიური პარტნიორობის. ჩვენი მხრიდან არის მაქსიმალური სურვილი. დანარჩენი დამოკიდებულია შესაბამის ქვეყნებზე“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, აშშ-ის ახალ ელჩს, რობინ დანიგანს დადებითი წვლილი შეაქვს ურთიერთობების განვითარებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი