საზოგადოება

საჯარო მოხელე ვარ და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას მაძალებენ. როგორ მოვიქცე?

25 აპრილი, 2024 • 11557
საჯარო მოხელე ვარ და რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობას მაძალებენ. როგორ მოვიქცე?

29 აპრილს “ქართული ოცნება” პარლამენტის წინ კონტრაქციის გამართვას გეგმავს რუსული კანონის მხარდასაჭერად.

მედიაში გაჟონილი ცნობების თანახმად, გეგმავენ, რომ აქციაზე საჯარო მოხელეები მიიყვანონ და ამით შექმნან სურათი, თითქოს ხალხი უჭერს მხარს რუსულ კანონს, რომლის მიღებასაც „ოცნება“ აპირებს.

ზოგადად ხელისუფლებების მხრიდან საჯარო სექტორში დასაქმებულებზე ზეწოლა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა.

ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე გზას, როგორ შეიძლება უარი ვუთხრათ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ისეთ აქციაში მონაწილეობაზე, რომელზე გასვლაც არ გვინდა:

საერთოდ, კანონიერია მოთხოვნა, რომ აუცილებლად წავიდეთ სახელისუფლებო აქციაზე?

„თუ არ უნდათ წასვლა, არ უნდა წავიდნენ. საჯარო სამსახურის შესახებ კანონი ცალსახად ადგენს, რომ ასეთი დავალების მიცემის უფლება არავის აქვს“ ,– ამბობს „ნეტგაზეთთან“ ლელა ხათრიძე, „სამართლიანი არჩევნების“ იურისტი.

იურისტის თქმით, საჯარო მოხელეებმა, თუკი აქციაზე წასვლის დავალებას მიიღებენ მათი ზემდგომებისგან, უნდა იცოდნენ, რომ ეს უკანონო დავალებაა.

საჯარო მოხელეს იცავს საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“.

„მე-7 მუხლის თანახმად, საჯარო სამსახურის პრინციპი არის კანონიერება. რაც იმას ნიშნავს, რომ საჯარო მოსამსახურე უნდა იქცეოდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის და სხვა კანონმდებლობის შესაბამისად“, – ამბობს ლელა ხათრიძე.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონის“ მე-17 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეს უფლება არა აქვს, თავისი სამსახურებრივი მდგომარეობა პარტიული (პოლიტიკური) მიზნებისათვის ან/და ინტერესებისათვის გამოიყენოს. საჯარო მოსამსახურეს ასევე უფლება არა აქვს, სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას მონაწილეობა მიიღოს აგიტაციასა და წინასაარჩევნო კამპანიაში. საჯარო მოსამსახურეს ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საარჩევნო სუბიექტის, საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერი ან საწინააღმდეგო აგიტაციისა და კამპანიის პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება.

ხელმძღვანელს არ აქვს უფლება, საჯარო მოხელეს მისცეს უკანონო დავალება, რომელიც მის უფლება-მოვალეობას სცდება. როდესაც მოხელე მიიღებს ასეთ უკანონო დავალებას, მან წერილობით უნდა მიმართოს თავის დაწესებულების ხელმძღვანელს და თავისი შეშფოთების შესახებ დააფიქსიროს წერილობით. ამასთან, როცა უკანონო არის დავალება, საჯარო მოხელეს არ წარმოეშვება მისი შესრულების ვალდებულება. კანონი არის ამ მხრივ სრულიად ცალსახა – უკანონო დავალებების გაცემა საჯარო სამსახურში არ შეიძლება!“ – ამბობს ლელა ხათრიძე.

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 73-ე მუხლი ეხება მოხელის მიერ განკარგულების შესრულების ვალდებულებას. ეს მუხლი ამბობს, რომ მოხელეს უფლება აქვს, უარი თქვას განკარგულების შესრულებაზე, თუ განკარგულება ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მარტივად, უკანონო განკარგულების შესრულების ვალდებულება მოხელეს არ აქვს. უფრო მეტიც, პირიქით ვალდებულია, რომ არ შეასრულოს ან გააკეთოს რამე ისეთი, რაც დაარღვევინებს მას კანონს“, – ამბობს ლელა ხათრიძე.

თუკი თქვენი სამოქალაქო პოზიციის გამო საჯარო სამსახურში შეგავიწროებენ, გახსოვდეთ, რომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოს კანონმდებლობით აკრძალულია. პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციას წარმოადგენს, მაგალითად, პირის სამსახურიდან გათავისუფლება, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის წევრობის, მისი მხარდაჭერის, განსხვავებული ან/და კრიტიკული პოლიტიკური შეხედულების პირებთან პირდაპირი ან ირიბი კავშირის, სოციალურ ქსელებში გამოხატული პოზიციის ან სხვა მსგავსი მიზეზით.

არსებობენ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც მსგავს სიტუაციებში მოქალაქეებს იცავენ.

არ მაქვს სასამართლოს და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების იმედი, რომ დამიცავენ. ასე რომ, იძულებული ვარ ხელმძღვანელის მოთხოვნას დავემორჩილო…

ერთ-ერთი გზა უკანონობის აღსაკვეთად შეიძლება იყოს მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება. თუ იცით სანდო ჟურნალისტის/მედიის ან ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციის შესახებ, შეგიძლიათ მას ანონიმურად მიაწოდოთ ინფორმაცია, რომ ამა და ამ რაიონში აქციაში მონაწილეობას აიძულებენ საჯარო მოხელეებს.

როდესაც თერჯოლიდან მედიაში გაჟონა ერთ-ერთი მიმოწერის ფოტოასლებმა (ე.წ სქრინები), პირმა, რომელიც მიმოწერაში დავალების გამცემად ფიგურირებს, მერის წარმომადგენელმა მამუკა გოგბერაშვილმა განაცხადა, რომ მას ფეისბუკი გაუტეხეს და სინამდვილეში არავის აძალებდა აქციაში მონაწილეობას.

თუ თქვენს ხელმძღვანელს ფეისბუკი გაუტეხეს, მაშინ არც აქციაზე წასვლის დავალება და არც მისი შესრულების ვალდებულება არსებობს.

არც ერთი ეს გზა ჩემთვის უსაფრთხო არ არის და მაინც მიწევს აქციაზე იძულებით წასვლა…

ვერც რაიმეს მომიზეზებას ახერხებთ?
თუ მაინც გიწევთ აქციაზე წასვლა, შეგიძლიათ იქ უბრალოდ დაფიქსირდეთ, დაადასტუროთ თქვენი მისვლა და მალევე დატოვოთ ტერიტორია. მსგავსი რამ სხვა საჯარო მოხელეებსაც უქნიათ წარსულში, როდესაც სხვადასხვა ხელისუფლება საკუთარ აქციებში მონაწილეობას ავალდებულებდა. იმართებოდა მრავალათასიანი აქციები საჯარო მოხელეების მონაწილეობით, თუმცა ხალხი ნახევარ საათში მნიშვნელოვნად მცირდებოდა. რუსული კანონის წინააღმდეგ პოზიციის დაფიქსირება თუ გსურთ, სხვა ფორმებითაც და სხვა დროსაც შეგეძლებათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი