ახალი ამბები

ეს არ არის ბოლო ასეთი გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება აშშ-დან მიიღებს – ჯაფარიძე

7 ივლისი, 2020 • 1078
ეს არ არის ბოლო ასეთი გზავნილი, რომელსაც ხელისუფლება აშშ-დან მიიღებს – ჯაფარიძე

“გირჩის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ აშშ-ში დაინახეს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კორუფციის კუთხით ვითარების გაუარესება და სწორედ ამიტომ ჩაწერეს კანონპროექტში დახმარების ნაწილის შეჩერებაზე მოთხოვნა.

საუბარია საგარეო ოპერაციების დაფინანსების კანონპროექტზე, რომლითაც საქართველოსთვის 2021 წელს გათვალისწინებულია 132 025 000 დოლარის ოდენობის დახმარების გამოიყოფა. თუმცა საქართველოს მთავრობისთვის გამოყოფილი თანხის 15% შეიძლება შეჩერდეს, ვიდრე სახელმწიფო მდივანი კომიტეტის წინაშე არ დაადასტურებს, რომ მთავრობა დგამს ეფექტურ ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების, კორუფციასთან ბრძოლისა და კერძო სექტორისთვის კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის მიმართულებით, მათ შორის, უცხოელი ბიზნესმენების.

ჯაფარიძის თქმით, წარმოუდგენელია, “ქართულმა ოცნებამ” არჩევნებამდე ვინმეს დააჯეროს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტები ვითარდება.

“ხელისუფლების მიმართ კონკრეტული გზავნილია, რადგან მათ არ მოსწონთ ის სიტუაცია, რაც ქვეყანაშია. მათ შორის ხაზია გასმული კორუფციასა და დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობაზე, რაც ფაქტია, და ამაში ახალი არაფერია. უბრალოდ კარგია, რომ ეს გზავნილი მათგან წამოვიდა. მეორე მხრივ, გზავნილია საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ ჩვენი დასავლელი მთავარი პარტნიორი აქ არსებულ სიტუაციას რეალურად აფასებს და არ არის ისე, რომ რაღაც არასწორი წარმოდგენები აქვს იმაზე, თუ რა ხდება ქვეყანაში. მეტიც, არ მგონია, რომ იქ, სადაც ასეთი განცხადებები იწერება, რაღაც ილუზიები ჰქონდეთ, რომ არჩევნებამდე ან უახლოეს თვეებში “ქართული ოცნების” ხელისუფლება კორუფციის თუ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში რაიმე წინსვლას აჩვენებს. მგონია, რომ ეს არ არის ბოლო ასეთი ტიპის გზავნილი, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება აშშ-დან მიიღებს”,-ამბობს ჯაფარიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი