ახალი ამბები

საქართველოს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ ჰყოლია – რობინ დანიგანი პარლამენტში

28 თებერვალი, 2024 • 608
საქართველოს აშშ-ზე ძლიერი მხარდამჭერი არ ჰყოლია – რობინ დანიგანი პარლამენტში

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში აშშ-ის ელჩ რობინ დანიგანს მოუსმინეს.

მოსმენის თემა საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი ასპექტები და აშშ-ის საგარეო პოლიტიკა იყო.

თავისი გამოსვლა დანიგანმა დაიწყო აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სიტყვებით: „ჩვენ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, ისევე როგორც ყველა მათთან, ვინც იზიარებს ჩვენს ინტერესებს. ჩვენ არ დავტოვებთ ჩვენს მომავალს დაუცველს მათი ახირებების მიმართ, ვინც არ იზიარებს ჩვენს ხედვას თავისუფალი, ღია, განვითარებული და უსაფრთხო სამყაროს შესახებ“.

დანიგანის თქმით, საქართველოში მისიის დაწყებამდე ბაიდენმა სწორედ უკვე არსებული ძლიერი პარტნიორობის გაღრმავება სთხოვა.

„საქართველოს და აშშ-ს განსაკუთრებული მეგობრობა აკავშირებთ. ჩემი მთავარი პრიორიტეტია გავაღრმაო ეს განსაკუთრებული მეგობრობა და პარტნიორობა“, — თქვა ელჩმა.

რობინ დანიგანმა ხაზი გაუსვა, რომ დამოუკიდებლობის დღიდან არცერთი სხვა ქვეყანა არ ყოფილა საქართველოს ისეთი ძლიერი მხარდამჭერი, როგორც შეერთებული შტატები და 32 წლის განმავლობაში აშშ-მა 6 მილიარდ დოლარზე მეტი დახარჯა საქართველოს დახმარებაზე.

დანიგანის თქმით, ელჩის როლში მისი პრიორიტეტებია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, საქართველოს ევროატლანტიკური ტრაექტორიის მხარდაჭერა, ორმხრივი ვაჭრობისა და ინვესტიციების გაზრდა, მათ შორის შუა დერეფნის მხარდაჭერით, სამხედრო პარტნიორობის გაძლიერება, ასევე, კულტურული კავშირების განმტკიცება.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის წევრი. მე ვიცი, რომ ამ ოთახში ბევრი თქვენგანი ძალიან ბევრს მუშაობდა ამ ეტაპის მიღწევისთვის და ვიცი, რომ მომდევნო თვეებში და წლებში ბევრს იმუშავებთ კანონმდებლობაზე და სხვა მიმართულებებზე, რაც აუცილებელია ცხრა ნაბიჯის შესასრულებლად“, — მიმართა დანიგანმა დეპუტატებს და იმედი გამოთქვა, რომ კანონმდებლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან და საზოგადოების ყველა სეგმენტთან.

„საბოლოო ჯამში, ევროკავშირში გაწევრიანებას დასჭირდება კონსენსუსი და ერთიანობა ქართულ საზოგადოებაში“, — განაცხადა დანიგანმა.

მან თქვა, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი პირველი რაც გააკეთა, ბრიუსელში საქართველოს კანდიდატურის მხარდასაჭერად გამგზავრება იყო.

ელჩმა ისაუბრა მომავალ საპარლამენტო არჩევნებზეც და თქვა, რომ რამდენიმე დეპუტატს პირადადაც ესაუბრა ამ საკითხზე.

„ვიცი, იზიარებთ ჩვენს შეხედულებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის ქვაკუთხედია. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან — პარლამენტთან, მთავრობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციურ პარტიებთან და განსაკუთრებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა ქართველებმა იცოდნენ, რომ მათი ხმები სამართლიანად არის დათვლილი, მათი ხმა საიდუმლოა და პროცესი თავისუფალი და სამართლიანია“, — განაცხადა რობინ დანიგანმა.

აშშ-ის და საქართველოს ეკონომიკურ ურთიერთობებზე საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ

„გასულ წელს ჩვენმა ორმხრივმა ვაჭრობამ მიაღწია ისტორიულ მაქსიმუმს, 2 მილიარდ დოლარს, მაგრამ ჩემთვის ეს საკმარისი არ არის. მინდა, მეტი გავაკეთოთ. ჩვენ გვაქვს აშშ-ის სამთავრობო პროგრამების ფართო არჩევანი, რათა დავეხმაროთ საქართველოს ახალ ბაზრებზე ექსპორტში. ჩვენ მხარს ვუჭერთ საჯარო-კერძო პარტნიორობას, რათა აქ მოამზადონ მუშახელი იმ უნარებისთვის, რომლებიც მათ სჭირდებათ სხვადასხვა ინდუსტრიაში მუშაობისთვის. ივნისში ვხელმძღვანელობ ქართული კომპანიების დელეგაციას შეერთებულ შტატებში, რათა მონაწილეობა მივიღო SelectUSA-ში, რომელიც არის ჩვენი მთავარი საინვესტიციო და ეკონომიკური კონფერენცია. და სანამ ამ ქვეყნიდან წავალ, მინდა ვთქვა, რომ ორმხრივი ვაჭრობა და ინვესტიციები ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტია, ვიდრე ოდესმე“, — განაცხადა რობინ დანიგანმა.

კიდევ ერთი მთავარი პრიორიტეტი, ელჩის თქმით, არის აშშ-ის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მათ შორის, დაეხმაროს თავდაცვაში და შემდგომი აგრესიის შეკავებაში.

„ვერ ვიტყოდი, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი პატივია, ვიყო ელჩი საქართველოში. მიზეზი ისაა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი პატივია, ჩემი ქმრის ცოლობა 31 წლის განმავლობაში და ჩვენი ორი შვილის დედობა. მაგრამ პრეზიდენტ ბაიდენის წარმომადგენლობა ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი პატივია“, — განაცხადა რობინ დანიგანმა.

ელჩის გამოსვლის შემდეგ კომიტეტში კითხვა-პასუხი დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი