ახალი ამბები

აქციაზე დაკავებული “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი 2500 ლარით დააჯარიმეს

25 აპრილი, 2024 • 1104
აქციაზე დაკავებული “ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარი 2500 ლარით დააჯარიმეს

“ჭავჭავაძის ცენტრის” მკვლევარ გიგა ჯოხაძეს, რომელიც 16 აპრილს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სკოლის მოსწავლე ძმასთან, სანდრო ჯოხაძესთან ერთად დააკავეს, სასამართლომ 25 აპრილს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

რამდენიმე საათით ადრე დასრულდა სანდრო ჯოხაძის პროცესიც, სადაც მეთორმეტე კლასელს 2200-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს.

ძმებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს, ასევე, 166-ე მუხლს – წვრილმანი ხულიგნობა.

გადაწყვეტილება, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მიიღო.

ნეტგაზეთი ჯოხაძეების ინტერესების დამცველს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელ ჯანო ჭკადუას ესაუბრა. ადვოკატი ამბობს, რომ ორივე ძმის შემთხვევაში, შსს-მ პროცესზე ვერცერთი მტკიცებულებას წარმოდგენა ვერ შეძლო მათ წინააღმდეგ.

“ორივე ძმის შემთხვევაში ჩვენგან წარმოდგენილი იყო არაერთი მტკიცებულება, ვიდეოჩანაწერების სახითაც და მოწმეების სახითაც, რომელთაც განმარტეს კიდეც, როგორ დააკავეს ძმები. შსს-ს მიერ წარმოდგენილი ვიდეომასალაც კი, შეიძლება ითქვას, ჩვენთვის უფრო სასარგებლო იყო, ვიდრე მათთვის. არ ასახავდა არანაირ სამართალდარღვევას, ჩანდა მხოლოდ დაკავება.

მოწმეები, რომლებიც წარმოადგინეს, ცრუ ინფორმაციას აწვდიდნენ სასამართლოს. რეალურად, შსს-ს არ ჰქონდა არცერთი მტკიცებულება, რომლითაც დაადასტურებდა ჯოხაძეების მხრიდან დარღვევებს. თუმცა სასამართლომ შეძლო და გააკეთა ის, რომ ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ცნო სამართალდამრღვევებად ეს პირები. სამწუხაროდ, სასამართლოში მათ სამართლის პოვნა ვერ შეძლეს. გიგა ჯოხაძეს დაეკისრა 2500 ლარი, სანდრო ჯოხაძეს – 2200 ლარი”, – ამბობს ჯანო ჭკადუა ნეტგაზეთთან საუბრისას.

“ცოტა ცინიკურიც შეიძლება იყოს, მაგრამ ეს უსამართლო სასამართლო მოტივაციას უფრო მეტად გიზრდის. შეუძლებელია, რომ შეწყვიტო ბრძოლა ქვეყნისთვის. პირიქით, ბევრად მეტი შემართებით გავაგრძელებ. სხვა დაჯარიმებულებსაც ვესაუბრე და ყველა ამ აზრზე ვართ. პოლიციური სახელმწიფო და უსამართლო სასამართლო ხელს ვერ შეგვიშლის”, – ამბობს 18 წლის სანდრო ჯოხაძე ნეტგაზეთთან.

ძმები 16 აპრილს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პარლამენტის უკანა შესასვლელთან დააკავეს. ორივე მათგანი ამბობს, რომ დაკავების დროს პოლიციელებმა მათზე ფიზიკურად იძალადეს.

სანდრო ჯოხაძე დაკავებამდე რამდენიმე წუთით ადრე სპეცრაზმელებთან საუბარს ცდილობდა.

“მოქალაქეების დარბევა დაიწყეს, სანდრომ მიმართა პოლიციელებს, რომ არ დაეკავებინათ ადამიანები, რადგან ისინი გამოხატავდნენ საკუთარ პოზიციას. ამ დროს დააკავეს ისიც. ეს დაინახა მისმა ძმამ, გიგამ, რომელმაც ჰკითხა პოლიციელს, რატომ აკავებდნენ მის ძმას, პოლიციამ ისიც დააკავა ისე, რომ არ განუმარტავთ, რატომ აკავებდნენ ან ერთს, ან მეორეს”, – განმარტავდა ძმების ინტერესების დამცველი, საია-ს იურისტი, ჯანო ჭკადუა.


მესამე კვირაა მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან რუსული კანონის გასაპროტესტებლად იკრიბებიან და მრავალათასიან აქციებსა და მსვლელობებს აწყობენ. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო ტალღას უერთდებიან ქართველი ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყანაში.

დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში.

მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი რუსული კანონპროექტი გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს “უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის”, ხოლო ფონდებს, მათ შორის აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებიც გრანტებს გასცემენ საქართველოში, “უცხოური ძალის” სტატუსებს ანიჭებს.

ამავე თემაზე:

ონლაინმედიის ჟურნალისტებზე სპეცრაზმის თავდასხმის გამო გამოძიება მიმდინარეობს

„გვასამართლებენ ევროპული მომავლისთვის“ — ირაკლი კუპრაძეს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრეს

მასალების გადაბეჭდვის წესი