ახალი ამბებისაზოგადოება

რუსეთი და შეკვეთილი მკვლელობების ბრალდებები

19 ივნისი, 2020 • 3757
რუსეთი და შეკვეთილი მკვლელობების ბრალდებები

19 ივნისს საქართველოს პროკურატურამ დაადასტურა ინფორმაცია, რომ შეკვეთილი მკვლელობის სამიზნე ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია იყო.  ჟურნალისტი, რომელმაც  თქვა, რომ სახელმწიფომ დაცვა შესთავაზა. 

ამ საქმეზე 12 ივნისს თბილისში, სპეცოპერაციისას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა რუსეთის მოქალაქე დააკავა. 

15 ივნისს „მთავარი არხის“ დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ დაკავებული ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დავალებით ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას მკვლელობას გეგმავდა, რომელმაც წინა წელს, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს აგინა. კადიროვმა მაშინ გაბუნიას გადამალვა ურჩია.

იმავე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე გამოძიების ფარგლებში დააკავეს, თუმცა მხოლოდ დღეს თქვეს, რომ მკვლელეობის სამიზნე გიორგი გაბუნია იყო. 

ჯერჯერობით ოფიციალურად არ არის დადასტურებული, გეგმავდა თუ არა დაკავებული გაბუნიას მკვლელობას და მოქმედებდა თუ არა კადიროვის დავალებით, თუმცა რუსეთში, ჩეჩნეთში და მის საზღვრებს გარეთაც  არაერთხელ დაფიქსირებულა შემთხვევები, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველ ჟურნალისტებს თუ სხვა პირებს დევნიდნენ, ემუქრებოდნენ ან კლავდნენ, მომხდარის ორგანიზებაში კი ბრალს სწორედ რუსეთის ოფიციალურ პირებს სდებდნენ.

თვალი გადავავლოთ ამ მოვლენებს:

ჟურნალისტების შევიწროება და მუქარები მათი მისამართით

ჟურნალისტების შევიწროებაზე რუსეთში საუბრობს რუსი ჟურნალისტი ეგორ კუროპტევი, რომელიც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. „ნეტგაზეთთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ „რუსეთში არ არსებობს მედიასაშუალება, რომელშიც არაა ცენზურა ან ზეწოლა. “ მაგალითად, კუროპტევი მის ირგვლივ მომხდარ მოვლენებს იხსენებს:

„ეხო მოსკვიდან [ხელისუფლებისადმი ერთ-ერთი კრიტიკული რუსული მედიასაშუალება, სადაც კუროპტევი მუშაობდა] წამოსვლის შემდეგ ტელეპროექტს ვაკეთებდი და ყველაფერში გვიშლიდნენ ხელს. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იმ კომპანიაშიც კი დარეკეს, რომელსაც ჩვენთვის საიტი უნდა გაეკთებინა. ახლის მოძებნა მოგვიწია. მოგვიანებით, უკვე 2012 წელს, ქართული ტელეარხის, „პიკის“ ტელეპროექტის პროდიუსერი ვიყავი. ძალიან კარგი პროექტი იყო, მონაწილეობდა [ბორის] ნემცოვი — ჯერ კიდევ ცოცხალი, რომელიც, როგორც იცით, მოკლეს „ადამიანებმა ჩეჩნეთიდან“. ქართულ ტელეარხთან მუშაობის გამო ზეწოლა აგრეთვე საკმაოდ ძლიერი იყო“, — აცხადებს იგი „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

კუროპტევის თქმით, რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურებს — მათ შორის თავად პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს- შეუძლიათ ნებისმიერი ადამიანის მოკვლის ბრძანება გასცენ:

„ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ კადიროვს, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურს, ცალკეულ კლანებს, როსგვარდიას, საგამოძიებო კომიტეტს და თავად პუტინსაც კი შეუძლიათ ნებისმიერის მოკვლის ბრძანების გასცენ. იქ არ მოქმედებს სამართლის კანონები. იქ მოქმედებს „გაგებები“. ის, რომ დანაშაულებრივი რეჟიმი რუსეთში „უკვეთავს“ და კლავს ადამიანებს, სამწუხაროდ, ახალი ამბავი არაა“, — გვეუბნება იგი.

ჟურნალისტების მიმართ დაუფარავი მუქარა რუსეთის ზოგიერთი რეგიონის ხელმძღვანელსაც გაუკეთებია. მაგალითად, ჩუვაშიის გუბერნატორმა, მიხეილ იგნატიევმა განაცხადა, რომ საჭირო იყო „ჟურნალისტების მოკვლა:

„ცალკეული [ჟურნალისტები ან ბლოგერები], რომლებიც რუსეთის სხვადასხვა რეგიონებიდან მოდიან, აქ კარგად ეწყობიან და იწყებენ წერას, არ ვიცი, რაზე ან ვისზე. მხოლოდ სხვადასხვა სქემით [ფულის] შოვნისთვის. ამიტომ მკაფიოდ უნდა აღინიშნოს — უნდა ვცემოთ/მოვკლათ, როგორც ხალხში ამბობენ. უნდა მოვკლათ. მოვყვეთ, საიდან მოდიან, რა აზრებით, სად ცხოვრობენ, სად შრომობენ, რით შოულობენ ფულს. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ. არ მინდა აქ არავის აღზრდა, უბრალოდ ზოგჯერ დამახინჯებული ინფორმაცია, საბოლოო ჯამში, ისახება მათზე, ვინც მას ავრცელებს“, — განაცხადა მაშინ იგნატიევმა.

კიდევ ერთი გუბერნატორი, ვინც პირდაპირ ემუქრება ჟურნალისტებს, ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვია. მას არაერთხელ გაუკეთებია განცხადებები ჟურნალისტების მისამართით — მაგალითად, კორონავირუსის პანდემიის დროს, 2020 წლის აპრილში, რუსულმა „ნოვაია გაზეტამ“ გამოაქვეყნა მასალა „კორონავირუსისგან სიკვდილი უფრო ნაკლები ბოროტებაა“, სადაც ეწერა, რომ ჩეჩნეთის ბევრი საავადმყოფო პაციენტების მისაღებად მზად არ იყო.

კადიროვი სტატიას მალევე მუქარით გამოეხმაურა — რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურს („ფსბ“ — ФСБ) მოუწოდა, „ეს ხალხი გაეჩერებინა“ — „ბოლოს და ბოლოს, მოგვბეზრდა. თუ გსურთ, დანაშაული ჩავიდინოთ და დამნაშავეები გავხდეთ, პირდაპირ გვითხარით. ერთი [ადამიანი] აიღებს თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას და კანონით დაისჯება. ჩაჯდება ციხეში და გამოვა“, — განაცხადა მაშინ კადიროვმა.

რუსი უფლებადამცველები ამას აშკარა მუქარად აღიქვამენ და კადიროვის წინააღმდეგ სისხლის სიმართლის საქმის აღძვრას ითხოვენ — „კრემლი კიდევ ერთხელ ხელს აფარებს რამზან კადიროვის დანაშაულებრივ ქმედებებს“, — წერს ორგანაცია „მემორიალის“ საბჭოს თავმჯდომარე, ალექსანდრე ჩერკასოვი.

ეს არ ყოფილა კადიროვის პირველი მუქარა იმ პირების მიმართ, ვინც მას აკრიტიკებს — 2019 წლის 4 ნოემბერს, ჩეჩნეთის მთავრობის სხდომაზე მან განაცხადა, რომ არაფერი გამოვიდოდა, თუ მათ [ინტერნეტ-ოპონენტებს] არ შეაჩერებდნენ, მათ შორის — მკვლელობის გზით.

„ეს ნივთები, რომლებიც თანხმობას არღვევენ, ავრცელებენ ჭორებს, იწვევენ უთანხმოება, თუ არ შევაჩერებთ მოკვლით, დაპატიმრებით, შეშინებით, ყველაფრით, მათ გასაჩერებლად, არაფერი გამოგვივა“, — აღნიშნა მაშინ კადიროვმა.

ჩერკასოვის თქმით, ჩეჩნეთის თანამდებობის პირების ასეთ განცხადებებს არაერთხელ მოჰყოლია მძიმე დანაშაულები:

„კადიროვისთვის არასასურველ [პირებს] კლავდნენ ჩეჩნეთში, ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონებში. ჩეჩნეთიდან წამოსული ქილერები მკვლელობებს და მკვლელობის მცდელობებს ჩადიოდნენ მოსკოვში, თურქეთში, უკრაინაში, დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ ევროპაში. ეს დასტურდება არა მარტო დაკავებულების ჩვენებებით, სისხლის სამართლის საქმეების მასალებით და მედიის პუბლიკაციებით, არამედ ავსტრიის სასამართლოს განაჩენითაც“, — აცხადებს ჩერკესოვი.

ზელიმხან ხანგოშვილი

2019 წლის 23 აგვისტოს საქართველოს მოქალაქე და ჩეჩნეთის მეორე ომის ვეტერანი, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში მოკლეს. იქამდე, 2015 წელს, თბილისში დაესხნენ თავს, თუმცა ეს საქმე დღემდე არაა გამოძიებული. ხანგოშვილმა საქართველო დატოვა და 2016 წლიდან გერმანიაში ცხოვრობდა.

მკვლელობის დროს იგი მეჩეთში სალოცავად მიდიოდა, რა დროსაც პირმა, ვისაც გერმანიის პროკურატურა მკვლელად მიიჩნევს,  ველოსიპედიდან სამი ტყვია ესროლა, აქედან ორი — თავში.

ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს მშობლიურ მიწაზე, პანკისის სოფელ დუისში დაკრძალეს.. 29.08.2019. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

2019 წლის ბოლოს ბერლინმა რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. გერმანიის საგარეო უწყების განცხადების თანახმად, მიღებული ზომები ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს უკავშირდებოდა. სამინისტროს თქმით, რუსული მხარე, არაერთი თხოვნის მიუხედავად, გერმანიას გამოძიებაში არ დაეხმარა.

მეორე დღეს გერმანიის კანცლერმა ანგელმა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანიამ ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ რუსეთის მხრიდან საქმის გამოძიებაში დახმარებას ვერ გრძნობდა: „ვერ ვხედავდით, რომ რუსეთი ამ საქმის გამოძიებაში გვეხმარებოდა“, — აღნიშნა მაშინ მერკელმა.

რამდენიმე დღეში ხანგოშვილის მიმართ რუსეთის ინტერესი დაადასტურა პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა — „თქვენ თქვით ქართველის მკვლელობა [პუტინი მიმართავს ჟურნალისტს], ეს მთლად ასე არ არის. ბერლინში დაიღუპა ადამიანი, ის მხოლოდ ქართველი არ არის, ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, კავკასიაში სეპარატისტების მხარეს. ის ქართველი არ არის ეროვნებით. ჩვენ ეს ადამიანი ძებნაში გვყავდა, ის არის ბოევიკი, სისხლიანი ადამიანია. ის მოსკოვის მეტროში განხორციელებული აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო“, — განაცხადა პუტინი და ხანგოშვილი 98 ადამიანის დაღუპვაში დაადანაშაულა.

2020 წლის 12 თებერვალს გერმანიის პროკურატურამ ოფიციალურად წარუდგინა ბრალი პირს, რომელსაც მკვლელობაში ბრალდებულად მიიჩნევს — ის რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ყალბი დოკუმენტებით გადაადგილდებოდა.

იმავე წლის 17 თებერვალს, Bellingcat-ის, Der Spiegel-ის და Insider-ის მიერ ჩატარებული ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის – ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურმა (ФСБ) დაგეგმა.

2020 წლის 18 ივნისს გერმანიის პროკურატურამ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ ხანგოშვილის უკან რუსეთის სახელისუფლებო სტრუქტურები დგანან.

სკრიპალების მოწამვლა

კიდევ ერთი საქმე, რომელშიც გაერთიანებულმა სამეფომ და სხვა ქვეყნებმა რუსეთი დაადანაშაულეს, სერგეი და იულია სკრიპალებს ეხება. ისინი 2018 წლის 4 მარტს მოწამლეს ნივთიერება „ნოვიჩოკით“.

სერგეი სკრიპალი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამართველოს ყოფილი თანამშრომელია, რომელიც რუსული მხარის თანახმად, ბრიტანეთის დაზვერვაზე მუშაობდა.

ბრიტანეთის მაშინდელმა პრემიერმა, ტერეზა მეიმ თემთა პალატაში საუბრისას განაცხადა, რომ „მთავრობა მივიდა დასვკნამდე,  დიდი ალბათობით რუსეთია პასუხისმგებელი სერგეი და იულია სკრიპალების წინააღმდეგ წარმართულ ქმედებებზე“. მოსკოვმა ბრალდებები კატეგორიულად უარყო.

ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობის მცდელობა

2020 წლის 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ კადიროვის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ვიდეობლოგერის, ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი, თუმცა აბდურაჰმანოვმა შეძლო მის სახლში შესული პირის შეკავება და პოლიციაში დარეკა.

26 თებერვალს მან თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც სისხლით მოსვრილი დაჭრილი კაცი ჩანს, რომელსაც აბდურაჰმანოვი ეკითხება, მასთან ვინ გააგზავნა. ჩანაწერში დაჭრილი კაცის ხმა ისმის, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვიდან გამოგზავნეს.

მომხდარს მოგვიანებით რუსეთში გამოეხმაურნენ — ვლადიმერ პუტინის პრეს-სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მომხდარი „არაა მნიშვნელოვანი ინციდენტი“.

„ამბობს, რომ მოსკოვიდანაა და გამოაგზავნა ვინმე აბდურაჰმანმა. ვფიქრობ, ჩეჩენი არ არის, მაგრამ არც რუსია. <…> არ მაქვს ეჭვი, რომ დანაშაულის უკან რუსეთი დგას — ჩეჩნეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების სახით. <…> როგორც აღმოჩნდა, მკვლელობის მცდელობის ორგანიზება მოხდა მაგომედ დაუდოვის [ჩეჩნეთის საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის] დაბადების დღეზე, რომელმაც მე სისხლიანი შურისძიება გამომიცხადა“, — განაცხადა ტუმსომ მკვლელობის მცდელობაზე საუბრისას.

BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, აბდურაჰმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა. მიზეზი, როგორც თავად ამბობს, რამზან კადიროვთან დაახლოებულ პირთან — მის ბიძაშვილთან, ისლამ კადიროვთან კონფლიქტი გახდა. ბლოგერის თქმით, მანქანის გადაადგილებისას ისლამ კადიროვის (რომელიც მაშინ ჩეჩნეთის ხელმძღვანელისა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო) კორტეჟი არ გაატარა,  რის შემდეგაც გააჩერეს.

აბდურაჰმანოვის თქმით, კადიროვმა მას ტელეფონი გამოართვა და იქ არსებული ინფორმაცია დაათვალიერა. გაიგო, რომ ტუმსო ჩეჩნეთის ხელისუფლებისადმი კრიტიკულადაა განწყობილი. გარდა ამისა, კადიროვს აბდურაჰმანოვის წვერიც არ მოეწონა — მისი თქმით, აბდურაჰმანოვის რელიგიური შეხედულებები არასწორი იყო. აბდურაჰმანოვი ამბობს, რომ კადიროვმა, ფაქტიურად, გაიტაცა — გადაიყვანა თავის კოტეჯში, რის შემდეგაც ორი არჩევანი მისცა, გაქცეულიყო, თუმცა- პოვნისა და მკვლელობის მუქარით, ან სამ დღეში კიდევ ერთხელ მისულიყო მასთან.

ტუმსოს თქმით, მეორე ვარიანტი აირჩია და უკვე შემდეგ შეხვედრაზე კადიროვმა მას შემდგომში „მისნაირებთან [პირებთან, ვინც კადიროვის აზრით, ვაჰაბიტი იყო] ერთად“ მისვლა უბრძანა. ამის შემდეგ აბდურაჰმანოვმა და მისმა ოჯახმა ჩეჩნეთისა და რუსეთის ტერიტორია დატოვეს. შემდეგ ტუმსო საქართველოში იყო, სადაც პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა უარი მიიღო, რის შემდეგაც იმავე თხოვნით პოლონეთში გაემგზავრა. თავშესაფარზე უარი პოლონურმა მხარემაც უთხრა. ამჟამად ბლოგერი თავის ადგილსამყოფელს მალავს.

ამასთან ერთად, აბდურაჰმანოვს პირდაპირ აქვს მიღებული მუქარა ჩეჩნეთის პარლამენტის სპიკერისგან — მაგომედ დაუდოვისგან, რომელმაც მას „სისხლიანი აღება“ გამოუცხადა. ამის მიზეზი აბდურაჰმანოვის მიერ რამზან კადიროვის მამის და ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ახმატ კადიროვის კრიტიკა გახდა.

ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობა

2006 წლის პირველ ნოემბერს გაერთიანებული სამეფოს დედაქალაქ ლონდონში მოწამლეს რუსეთისა და საბჭოთა სპეცსამსახურების ყოფილი ოფიცერი, ალექსანდრე ლიტვინენკო. რუსეთი მან 2000 წელს დატოვა და სამეფოში პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით ცხოვრობდა.

1998 წელს ორ სხვა ოფიცერთან ერთად პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მაღალჩინოსნებისგან ცნობილი რუსი ბიზნესმენის და მომავალში ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგის — ბორის ბერეზოვსკის მკვლელობის დავალება მიიღო.

2000 წელს (როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა), ლიტვინენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა. რუსეთი მან იმავე წელს დატოვა. ლონდონში ყოფნისას ლიტვინენკო რუსეთის მთავრობისა და პუტინის აქტიური კრიტიკით გამოდიოდა და სხვადასხვა დანაშაულში სდებდა ბრალს — მაგალითად, ლიტვინენკოს განცხადებით, 1999 წელს რუსეთში საცხოვრებელი სახლების აფეთქება, რომელიც, რუსეთის ხელისუფლების თქმით, ჩეჩენმა „ბოევიკებმა“ მოაწყვეს, რეალურად, რუსეთის უშიშროების მიერ იყო მომზადებული, მიზანი კი პუტინის ხელისუფლებაში მიყვანა იყო.

2006 წლუს პირველ ნოემბერს ლონდონში ლიტვინენკო ძალიან იშვიათი რადიოაქტიული ნივთიერებით, პოლონიუმით მოწამლეს. იგი სამ კვირაში — 23 ნოემბერს გარდაიცვალა. გამოძიების ცნობით, მკვლელობის უშუალო შემსრულებელი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი, ანდრეი ლუგოვოია.

ლიტვინენკოს მკვლელობაში ბრალდებული ანდრეი ლუგოვოი, 2006 წელი. ფოტო: EPA/SERGEI CHIRIKOV

ბრიტანული მხარე რუსეთისგან მის ექსტრადიციას ითხოვდა, თუმცა მოსკოვმა მათი თხოვნა არ დააკმაყოფილა. ლუგოვოი ამჟამად რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატია. ამასთან ერთად, ლონდონი აცხადებს, რომ ლიტვინენკოს მკვლელობა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის („ფსბ“) ოპერაცია იყო, რომლის ნებართვაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტმა პუტინმა გასცა.

ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობა

2006 წლის 7 ოქტომბერს თავისსავე სახლის ლიფტში მოკლეს რუსი ჟურნალისტი ანა პოლიტკოვსკაია, რომელიც განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდა ჩეჩნეთის ომების თემას. პოლიტკოვსკაიას ბოლო პუბლიკაცია — „სადამსჯელო შეთქმულება“ ეხებოდა ჩეჩნეთის მეორე ომის შემდეგ რეგიონში ჩამოყალიბებულ სიტუაციას, როცა რუსეთის ფედერალური ძალების მხარეზე გადასულმა ახმატ კადიროვმა (სტატიის გამოქვეყნების მომენტისთვის უფროსი კადიროვი მოკლული იყო) და მისმა ახლო გარემოცვამ ჩეჩნეთში ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა დაიკავეს, ხოლო პოლიტკოვსკაიას რესპოდენტი აცხადებდა, რომ „კადიროველები ადამიანების გატაცებაში და მკვლელობებში არიან ჩართულნი“.

რამზან კადიროვი, ახმატის შვილი, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ, როგორც მინიმუმ დე იურე, არ იყო ჩეჩნეთის პირველი პირი, პოლიტკოვსკაიას თავის მტრად მოიხსენიებდა:

კადიროვი: — თქვენ რომ ჩვენთვის დაგვტოვოთ, ჩვენ, ჩეჩნები, დიდი ხანია ერთიანნი ვიქნებოდით.

პოლიტკოვსკაია: — ვინ „თქვენ“?

კადიროვი: შენნაირი ჟურნალისტები. რუსი პოლიტიკოსები. წესრიგს არ გვამყარებინებთ. ერთმანეთს გვაშორებთ. შენ ჩეჩნებს შორის დადექი. შენ მტერი ხარ, [შამილ] ბასაევზე უარესი.

— პოლიტკოვსკაიას ინტერვიუ რამზან კადიროვთან, 2004 წელი

თავის ანტიპათიას კადიროვის მიმართ არც პოლიტკოვსკაია მალავდა — მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში მან კადიროვს „კბილებამდე შეიარაღებული მშიშარა“ უწოდა და განაცხადა, რომ ოცნებობს, კადიროვის დაბადების დღეზე ბრალდებულის სკამზე იხილოს.

სიკვდილამდე ბოლო პუბლიკაციაში ჟურნალისტი ესაუბრა ვახა იბრაგიმოვს, ჩეჩნეთის მკვლევარს, რომელმაც განაცხადა, რომ ომის შემდეგ ჩეჩნეთში ჩამოყალიბებული ფორმირებები, მათ შორის ე.წ. „კადიროველები“ (რუს. Кадыровцы) „ადამიანების გატაცებაში არიან ჩართულნი, სჩადიან მკვლელობებს და აწამებენ [ადამიანებს], სისასტიკით უკვე დიდი ხანია გაუტოლდნენ „სიკვდილის ესკადრონებს“, რომლებიც რუსული სპეცსამსახურების საკადრო ოფიცრებისგან შედგება. თუმცა მათი ქმედებები შერჩევით ხასიათს ატარებს. მაცხოვრებლებს, ვინც მათ და ფედერალურ ხელისუფლებას (თანაც, ფედერალურ ხელისუფლებას მხოლოდ მეორე რიგში) არ ეწინააღმდეგება, ჩვეულებრივ, არ ეხებიან ხოლმე“.

რუსეთის პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში, მათ შორის, ჩეჩენი წარმოშობის პირები იყვნენ ჩართულნი, რომლებსაც სხვადასხვა სიმძიმის განაჩენი გამოუტანეს, თუმცა, მიუხედავად იმისა, რუსეთის ხელისუფლებაში აცხადებედნენ, რომ იცოდნენ, თუ ვინ იყო პოლიტკოვსკაიას მკვლელობის დამკვეთი, მისი სახელი და გვარი არ დაასახელეს. ანა პოლიტკოვსკაია ვლადიმერ პუტინის დაბადების დღეზე მოკლეს.

ნატალია ესტემიროვა

უფლებადამცველი ნატალია ესტიმიროვა, რომელიც ორგანიზაცია „მემორიალის“ ჩეჩნეთის ფილიალს ხელმძღვანელობდა, 2009 წლის 15 ივლისს გროზნოდან [ჩეჩნეთის დედაქალაქი] გაიტაცეს და მოგვიანებით, უკვე მეზობელი რეგიონის, ინგუშეთის ტერიტორიაზე მოკლული აღმოაჩინეს.

რუსეთში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მომხდარი დაგმეს. მკვლელობას „საშინელი“ უწოდა რამზან კადიროვმა, თუმცა „მემორიალის“ საბჭოს თავმჯდომარის, ოლეგ ორლოვის თქმით, მკვლელობამდე კადიროვი ესტემიროვას ემუქრებოდა.

„რამზან კადიროვი პირადად ემუქრებოდა პირად საუბარში, როცა გროზნოს საზოგადოებრივი საბჭოს პოსტის ხელმძღვანელიდან აგდებდა. <…> ნატალია ესტემიროვას ერთ-ერთი ბოლო შეტყობინება იყო, რომ „კადიროველებმა“ სოფელ ახკინჩუ-ბორზოიში ადამიანები გაიტაცეს, შემდეგ კი ერთ-ერთი მათგანი სოფლის შუაგულში დახვრიტეს. კერძოდ, ამ შეტყობინებამ გამოიწვია დიდი გაბრაზება ზემოთ, ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში და პირადად რამზან კადიროვში“, — განაცხადა მან.

კადიროვმა მისი დადანაშაულების შემდეგ განაცხადა, რომ დამნაშავე არაა და „რატომ უნდა მოეკლა ქალი, რომელიც არავის სჭირდება?“:

„თუ კადიროვია დამნაშავე, თუ კადიროვის ხალხია დამნაშავე, დაე, დაამტკიცონ. რატომ უნდა მოკლას კადიროვმა ქალი, რომელიც არავის სჭირდება? მას პატიოსნება, ღირსება და სინდისი არასდროს ჰქონია“, — აღნიშნა მაშინ კადიროვმა.

ესტემიროვას მკვლელები ან მკვლელობის დამკვეთები რუსეთის საგამოძიებო ორგანოებმა დღემდე ვერ დაადგინეს.

„მანსურ სტარიი“

კადიროვის კიდევ ერთი კრიტიკოსი, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობდა და მოკლეს, იმრან ალიევი — იგივე „მანსურ სტარიი“ არის. შემთხვევა ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობის მცდელობამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე — 2020 წლის 4 თებერვალს მოხდა. იგი საფრანგეთში, ლილში, თავის ოთახში მოკლული იპოვეს.

გამოცემა Business Insider-ის ცნობით, საფრანგეთის პოლიციამ მოახერხა მკვლელის იდენტიფიცირება, რომელიც მკვლელობიდან მალევე საფრანგეთი დატოვა და რუსეთში გაემგზავრა.

„ჩვენ აგრეთვე შევაგროვეთ სადაზვერვო [ცნობები] ამ ადამიანზე [შესაძლო მკვლელზე], რომელთა თანახმადაც იგი ახლოს მუშაობს [რამზან] კადიროვთან, რაც ადასტურებს ჩვენს ეჭვს, რომ ეს ალიევის დისიდენტურ საქმიანობასთან პოლიტიკურად მოტივირებული მკვლელობა იყო“, — აცხადებს საფრანგეთის პოლიციის წარმომადგენელი, რომელიც გამოცემას ანონიმურობის დაცვის პირობით ესაუბრა.

ბორის ნემცოვი

2015 წლის 27 თებერვალს რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ბორის ნემცოვი მოსკოვის ცენტრში, კრემლთან მოკლეს.

ოფიციალური გამოძიების თანახმად, დადგენილ ბრალდებულებს სასამართლომ განაჩენი 2017 წელს გამოუტანა. 5-ივე პირი, ვინც სასამართლომ დამნაშავეს ცნო, ჩეჩნეთთანაა დაკავშირებული, ხოლო უშუალოდ მკვლელი — სამხედრო მოსამსახურე ზაურ დადაევი, „გარდიანის“ ცნობით, მინიმუმ 2014 წლამდე პირადად იყო პასუხისმგებელი ალიბეკ დელიმხანოვის წინაშე, რომელიც რამზან კადიროვის ბიძაშვილია.

ადამ ოსმაევი და ვიქტორ მოსიიჩუკი

2020 წლის 14 აპრილს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ — СБУ) დააკავა თავისივე მაღალჩინოსანი, გენერალი იგორ შაიტანოვი, რომელიც, უწყების განცხადებით, რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტი იყო და აპირებდა უკრაინის აღმოსავლეთით მიმდინარე ომის მოხალისის — ეთნიკური ჩეჩენის, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონის ხელმძღვანელის, ადამ ოსმაევის მკვლელობას. „ნეტგაზეთი“ ამის შესახებ 14 აპრილს წერდა.

ადამ ოსმაევი ეთნიკურად ჩეჩენი პირია, რომელსაც რუსეთის საგამოძიებო ორგანოები 2007 წელს ჩეჩნეთის პრეზიდენტის — რამზან კადიროვის მკვლელობის მომზადებაში სდებდნენ ბრალს.

2012 წელს უკრაინაში, სბუ-სა და ფსბ-ს ოპერაციის შედეგად დააკავეს. უკვე მაშინ ვლადიმერ პუტინის მკვლელობის მომზადებაში სდებდნენ ბრალს.

ოსმაევი შემდეგ უკრაინაშივე დააპატიმრეს და უკვე 2014 წლის ბოლოს გამოუშვეს, როცა ევრომაიდანის შედეგად ხელისუფლებას პრორუსულად განწყობილი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი ჩამოაშორეს.

ოსმაევი მხარს უჭერს ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღდგენას, ვიდეომიმართვების ჩაწერისას მის უკან იჩქერიის დროშა არის ხოლმე და კადიროვის გარდა, ვლადიმერ პუტინის მოწინააღმდეგეცაა.

გათავისუფლების შემდეგ ოსმაევი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე კონფლიქტში იღებდა მონაწილეობას რუსეთისა და „აჯანყებულების“ წინააღმეგ. იგი ხელმძღვანელობდა ჯოხარ დუდაევის — ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის სახელობის ბატალიონს.

ოსმაევზე უსაუბრია თავად რამზან კადიროვსაც — იგი მას „დასავლეთის სპეცსამსახურებზე მუშაობაში“ სდებს ბრალს და აცხადებს, რომ 2015 წელს ბორის ნემცოვის მკვლელობა (რაშიც ზოგი რუსი პოლიტიკოსი თავად კადიროვს სდებდა ბრალს) სწორედ ოსმაევმა ჩაიდინა:

„ვფიქრობ, დანაშაულის კვალი უნდა ვეძებით არა ჩეჩნეთში, არამედ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში და შემდეგ აშშ-ში. არის იმის ბევრი წინაპირობა, რომ მკვლელობის უკან დგას ადამ ოსმაევი, რომელიც ახლა რაღაც უკრაინულ, ჯოხარ დუდაევის სახელობის ბატალიონს ხელმძღვანელობს. მამამისმა ასლანბეკ ოსმაევმა ჩემი [თავი] ჯერ კიდევ 2004 წელს „შეუკვეთა“. ადამ ოსმაევი დასავლეთის სპეცსამსახურებზე „შესტიორკად“ მუშაობს და ძალიან კარგად იცის, როგორ უნდა მოაშოროს გზიდან პრობლემური ადამიანი“, — განაცხადა ჩეჩნეთის ლიდერმა.

კადიროვის განცხადებაზე პასუხისას ოსმაევმა ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ ნემცოვის მკვლელობა სწორედ კადიროვის მიერ იყო დაკვეთილი.

ოსმაევის მკლელობა მისი უკრაინაში ყოფნისას ორჯერ სცადეს — ორივეჯერ 2017 წელს. პირველად, უკრაინული მედიის ცნობით, ადამიანი, რომელიც თავს ფრანგ ჟურნალისტად წარმოადგენდა, ოსმაევს და მის მეუღლეს ინტერვიუზე შეუთანხმდა. წყვილის თქმით, პირმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო და ოკუევს ესროლა, რის შემდეგაც ოსმაევის მეუღლემ თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა. ორივე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მეორეჯერ კი მკვლელობის მცდელობა 2017 წლის ოქტომბერს მოხდა. ავტომობილს, რომლითაც ოსმაევი და მისი მეუღლე მგზავრობდნენ, კიევის ოლქის ერთ-ერთ დასახლებასთან ცეცხლი გაუხსნეს. ოსმაევი დაიჭრა, თუმცა გადარჩა, მისი მეუღლე ამინა ოკუევა კი თავდასხმას ემსხვერპლა.

ოსმაევმა განაცხადა, რომ მისი მკვლელობის მცდელობები უკრაინელი დეპუტატის — იგორ მოსიიჩუკის მკლელობის მცდელობის გაგრძელება იყო, რასაც თავად მოსიიჩუკიც დაეთანხმა.

იგორ მოსიიჩუკი, უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი 2015 წლიდან, ასევე არის კადიროვის „მტერი“ — BBC-ის რუსული სამსახურის ცნობით, კადიროვი მოსიიჩუკს უკანასკნელის კომენტარის გამო დაემუქრა — საქმე ის არის, რომ 2014 წელს გროზნოში ერთ-ერთი თავდასხმის შედეგად ადგილობრივი პოლიციის 14 თანამშრომელი დაიღუპა, მოსიიჩუკმა და სხვა პოლიტიკოსებმა კი მათ „ჩეჩენი ხალხის თავისუფლებისთვის მებრძოლები უწოდეს“.

რუსეთში მოკლული ჟურნალისტები — CPJ-ის სტატისტიკა

საერთაშორისო ორგანიზაციის, „ჟურნალისტების დაცვის კომიტეტის“ (Committee to protect journalists) ინფორმაციის თანახმად, 1992-2020 წლებში რუსეთის ფედერაციაში 82 ჟურნალისტი მოკლეს, აქედან 24-ის შემთხვევაში მოტივის გამოკვეთა ოფიციალურმა გამოძიებამ ვერ მოახერხა. 82 მოკლულიდან 42 ჟურნალისტის მკვლელობა ვლადიმერ პუტინის გაპრეზიდენტების შემდეგ მოხდა.

გარდა ამისა, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ სტატისტიკის თანახმად, რუსეთი მედიის თავისუფლების ინდექსში 149-ე ადგილს იკავებს და პოსტსაბჭოთა სივრცეში მხოლოდ აზერბაიჯანს, ბელარუსსა და თურქმენეთს სჯობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი