ახალი ამბები

ხანგოშვილის მკვლელობაში გერმანია რუსეთს ადანაშაულებს

18 ივნისი, 2020 • 2124
ხანგოშვილის მკვლელობაში გერმანია რუსეთს ადანაშაულებს

გერმანიის ფედერალური პროკურატურის პრეს-რელიზის თანხმად, წინა წლის აგვისტოში ბერლინში საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობას წინ უძღოდა, მათ შორის, „საქართველოს პრორუსული მთავრობისდამი ოპოზიციური განწყობა“.

გთავაზობთ გერმანიის ფედერალური პროკურატურის განცხადებას, რომელიც დღეს გამოქვეყნდა ხანგოშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„2020 წლის 18 ივნისს ფედერალური პროკურორის ოფისმა წარუდგინა ბრალდებები რუსეთის მოქალაქე ვადიმ კ-ს, იგივე ვადიმ ს-ს.

ბრალდებული ეჭვმიტანილია მკვლელობაში და იარაღის შესახებ კანონის დარღვევაში.

ბრალდება გულისხმობს შემდეგს:

2019 წლის 18 ივლისამდე, დაუდგენელ დროში, რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ხელისუფლების სააგენტოებმა ბრალდებულს მისცეს თორნიკე ქ-ს [იგივე ზელიმხან ხანგოშვილი — რედ.] — ჩეჩენი წარმოშობის საქართველოს მოქალაქის ლიკვიდაციის ბრძანება. 2016 წლის ბოლოდან ის გერმანიაში თავშესაფარს ითხოვდა. მკვლელობას წინ უძღოდა დაზარალებულის მტრული დამოკიდებულება რუსეთის ცენტრალური ხელისუფლების, მისი ავტონომიური რესპუბლიკების- ჩეჩნეთისა და ინგუშეთიის მთავრობებისა და საქართველოს პრორუსული მთავრობის მიმართ. თორნიკე ქ. იბრძოდა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ჩეჩნეთის მეორე ომში 2000-04 წლებში, როგორც ჩეჩნეთის შეიარაღებული ძალების ლიდერი. შემდეგ, 2008 წელს, საქართველოს მთავრობის სახელით, მან შეკრიბა მოხალისეთა რაზმი სამხრეთ ოსეთის დასაცავად, თუმცა არ გამოუყენებიათ რუსეთ-საქართველოს ომში, სამშვიდობო მოლაპარაკებებიდან გამომდინარე. ასევე, რუსეთის ხელისუფლება მიიჩნევდა თორნიკე ქ-ს ტერორისტად და ტერორისტული ორგანიზაციის, „კავკასიური ემირატის“ წევრობაში სდებდა ბრალს.

ბრალდებული დათანხმდა [რუსეთის] მთავრობის შეთავაზებას მკვლელობაზე. მას ან ფინანსური ჯილდოს იმედი ჰქონდა, ან იზიარებდა კლიენტების მოტივს პოლიტიკური ოპონენტის მოკვლის შესახებ და სურდა შური ეძია მოკლულზე რუსეთში კონფლიქტებში მონაწილეობისთვის.

მიღებული ბრძანების შესასრულებლად ვადიმ კ. 2019 წლის 17 აგვისტოს გაფრინდა მოსკოვიდან პარიზში და იქიდან 20 აგვისტოს ვარშავაზი გააემგზავრა. 2019 წლის 22 აგვისტოს დატოვა სასტუმრო და აუხსნელი გზით გაემგზავრა ბერლინში. შენგენის ზონაში შესასვლელად ვადიმ კ-მ გამოიყენა ვადიმ ს-ს პასპორტი, რომელიც იმიგრაციის სამსახურმა მხოლოდ 2019 წლის 18 ივლისს ბრიანსკში (რუსეთი) გასცა.

ვადიმ .-მ მკვლელობის ბრძანება 2019 წლის 23 აგვისტოს, შუადღისას შეასრულა. ბერლინის პარკ Kleiner Tiergarten-ში იგი თორნიკე ქ-ს ველოსიპედით უკნიდან  მიუახლოვდა. როცა დაუცველ მსხვერპლთან ახლოს მივიდა, ისროლა „გლოკ 26“-ის პისტოლედიან. მსხვერპლი ძირს დაეცა. დაეცა ბრალდებულიც, თუმცა უმალ მივიდა მსხვერპლთან და კიდევ ორჯერ ესროლა თავში. თორნიკე ქ. თავში ორი გასროლის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

მალევე დანაშაულის ადგილზე ბრალდებული დროებით დააკავეს. 2019 წლის 24 აგვისტომდე იყო წინასწარ დაკავებაში. თავდაპირველად, დაპატიმრების ორდერით Tiergarten საოლქო სასამართლოდან, 2020 წლის 11 თებერვალს კი, ფედერალური უზენაესი სასამართლოს მიერ გაცემული ორდერით“, — ვკითხულობთ პროკურატურის პრეს-რელიზში.

ნეტგაზეთი წერილობით დაუკავშირდა გერმანიის ფედერალურ პროკურატურას და სთხოვა დაზუსტება, რა გარემოებები იგულისხმება ჩანაწერში, რომელიც ეხება საქართველოს მთავრობის პრორუსულობას და ხანგოშვილის საქმეს.


რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

ზელიმხან ხანგოშვილი 29 აგვისტოს მშობლიურ მიწაზე, პანკისის სოფელ დუისში დაკრძალეს.. 29.08.2019. ფოტო: სულხან ბორძიკაშვილი

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ დღეს უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა.

ზელიმხან ხანგოშვილის 2015 წელს 28 მაისს თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე შეიარაღებული პირები დაესხნენ თავს. მანქანაში მჯდარ ხანგოშვილს 8 ტყვია ესროლეს და დაჭრეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC), რომელიც გამოძიებას აკვირდებოდა, აცხადებს, რომ პროცესი ხარვეზებით მიმდინარეობდა.

EMC-ის თანახმადვე, ხანგოშვილის მიმართ რუსეთის სპეციალური სამსახურების ინტერესი ყოველთვის მაღალი იყო.

გამოცემა „აქცენტთან“, რომელიც ხშირად აშუქებს ეთნიკური ჩეჩნების პრობლემებს, თვითონ ზელიმხან ხანგოშვილი ამ თავდასხმას პირდაპირ უკავშირებდა რუსეთის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობას:

„არასდროს დამიმალავს, რომ რუსეთ–ჩეჩნეთის ომში ვიბრძოდი და ჩემი მეორე სამშობლოს ინტერესებს ვიცავდი. ამასთან, რუსეთ–საქართველოს 2008 წლის ომის დროს გავწიეთ ორგანიზება, შევკრიბეთ ქისტები და მზად ვიყავით საომრად. იქ, სადაც რუსეთის ინტერესების წინააღმდეგ და ჩემი ქვეყნის ინტერესების დასაცავად შემიძლია ბრძოლა, ამას მომავალშიც გავაკეთებ, ბუნებრივია, ჩემი შესაძლებლობიდან გამომდინარე. შესაბამისად, მე მათი ინტერესების დამაბრკოლებელი ფიგურა არა, მაგრამ ჭანჭიკი მაინც ვარ“, – გამოცემის თანახმად, ამას ამბობდა თავდასხმის შემდეგ ზელიმხან ხანგოშვილი.

ის მართლაც იყო გამორჩეული ფიგურა ჩეჩნეთშიც და საქართველოშიც. დაახლოებული იყო ჩეჩნეთის პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან, რომელიც 2005 წელს მოკლეს რუსეთის ფედერალურმა ძალებმა; ფიგურირებდა 2012 წლის ლოპოტის ხეობის/ლაფანყურის სპეცოპერაციის ეპიზოდშიც: ის მაშინ ხელისუფლებასთან თანამშრომლობდა და ახმედ ჩატაევთან ერთად აწარმოებდა მოლაპარაკებებს…

გაიგეთ მეტი ამ ამბავზე

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

ამავე თემაზე

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი