ახალი ამბები

„არაა მნიშვნელოვანი ინციდენტი“ – პესკოვი ჩეჩენ ბლოგერზე ჩაქუჩით თავდასხმაზე

27 თებერვალი, 2020 • 1664
„არაა მნიშვნელოვანი ინციდენტი“ – პესკოვი ჩეჩენ ბლოგერზე ჩაქუჩით თავდასხმაზე

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ ევროპის ერთ-ერთ ქალაქშ ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურაჰმანოვზე თავდასხმა — სავარაუდოდ, მისი მკვლელობის მცდელობა — „მნიშვნელოვანი არ არის“.

რამზან კადიროვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიტიკოსს, ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურაჰმანოვს გუშინ, 26 თებერვალს დაესხნენ თავს. აბდურაჰმანოვმა თავდამსხმელის მოგერიება მოახერხა.

მან თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც სისხლიანი, დაჭრილი კაცი ჩანს. აბდურაჰმანოვი ეკითხება, თუ ვინ მიაგზავნა. ჩანაწერში ისმის დაჭრილი კაცის პასუხიც, რომელიც ამბობს, რომ მოსკოვიდან გამოგზავნეს. ის ამბობს, რომ მხოლოდ მისი შეშინება უნდოდა და მოკვლას არ აპირებდა.

„მათ დედაჩემი ჰყავთ“, – ამბობს თავდამსხმელი ვიდეოში. მომხდაზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, სადაც, სავარაუდოდ, აბდურაჰმანოვი იმყოფებოდა. პოლიციაში აცხადებენ, რომ ინფორმაციას ამოწმებენ.

ტუმსო აბდურაჰმანოვი ცნობილი ჩეჩენი ბლოგერია, რომელმაც კადიროვის გარემოცვასთან დაპირისპირების შემდეგ, საფრთხის გამო, ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა. მან თავშესაფარი საქართველოსაც სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა.

ვიდეო გამოაქვეყნა ჩეჩენი ლტოლვილების უფლებადამცველმა ორგანიზაცია Vayfond-მაც, სადაც აბდურაჰმანოვიც ძმაც მუშაობს. ფონდის ცნობით, უცნობი კაცი აბდურაჰმადოვთან ბინაში შეიჭრა და მისი ჩაქუჩით მკვლელობა სცადა, თუმცა მან თავდამსხმელის მოგერიება მოახერხა და პოლიციაში დარეკა. Vayfond-ის ინფორმაციითვე, აბდურაჰმადოვი კლინიკაში გადაიყვანეს.

ბოლო პერიოდში ევროპაში სულ მცირე, ორი ჩეჩენი ლტოლვილი მოკლეს — ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი იყო, მეორე კი — იმრან ალიევი, აგრეთვე ცნობილი, როგორც „მანსურ სტარიი“, საფრანგეთში, ქალაქ ლილში.

27 თებერვალს ჟურნალისტებმა კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, რატომ ესხმიან თავს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსებს გამუდმებით თავს, რაზეც უპასუხა: „ჩვენ არ ვართ მიდრეკილნი პარალელების გავლებისკენ“.

მან ასევე განაცხადა, რომ თავდასხმას, სავარაუდოდ, პოლონეთის პოლიცია გამოიძიებს და თქვა: „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინციდენტია რუსეთის [ახალი ამბების] დღის წესრიგისთვის“, – წერს როიტერსი.

აბდურაჰმანოვს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფარზე უარი 2018 წელს უთხრა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ Amnesty International-მა პოლონეთს მოუწოდა აბდურაჰმანოვი რუსეთში არ გაეძევებინა. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ მას რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრებოდა.

2019 წლის მარტში ჩეჩნეთის ვიცეპრემიერი მაგომედ დაუდოვი, რომელიც რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია, აბდურაჰმანოვს „სისხლის აღებით“ — შურისძიებით დაემუქრა. ამას წინ უძღოდა აბდურაჰმანოვის მიერ რამზან კადიროვის მამისთვის, ახმად კადიროვისთვის „ჩეჩენი ხალხის გამყიდველის“ წოდება.

დაუდევმა ამაზე პასუხად ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აბდურაჰმანოვი მისი და მისი ძმების მტერი იყო და პირობა დადო, რომ „იპოვიდა და გაუსწორდებოდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი