ახალი ამბები

ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი

12 თებერვალი, 2020 •
ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი

გერმანიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქის, ეთნიკურად ჩეჩენ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირს, რომელიც რუსეთის მოქალაქეა, 11 თებერვალს გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ოფიციალურად წაუყენა ბრალი.

ვადიმ კ.-ს, რომელიც ვადიმ სოკოლოვის სახელს იყენებდა, ხანგოშვილის განზრახ მკვლელობის გარდა, ბრალი ედება იარაღთან დაკავშირებულ დანაშაულებში, — იუწყება „ნიუ-იორკ ტაიმზი“.

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი) 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიების ვერსიით, თავდამსხმელი გაიქცა, ველოსიპედი, იარაღი და პარიკი მდინარეში გადააგდო, რის შემდეგაც პოლიციამ აიყვანა.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ მოგვიანებით ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა: დეკემბერში ფედერალური პროკურატურის გამომძიებლებმა, რომლებმაც ბერლინის პოლიციისგან გადაიბარეს საქმე, განაცხადეს, რომ მტკიცებულებები მიუთითებდა, მკვლელობა ან უშუალოდ რუსეთის, ან ჩეჩნეთის ადგილობრივი ხელისუფლებების შეკვეთილი იყო.

ხანგოშვილის მკვლელობის გამო გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა, რასაც მოსკოვისგან მსგავსი საპასუხი ნაბიჯი მოჰყვა.

როგორც „ნიუ-იორკ ტაიმზი“ წერს, ბრალდების წარდგენა გერმანიისთვის რთულ დროს ემთხვევა – როდესაც გერმანია, ერთი მხრივ, უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიის გამო, თუმცა, ამავე დროს, მუშაობს საერთო მილსადენის პროექტზე, რომლითაც რუსული გაზის ექსპორტირება პირდაპირ უნდა მოხდეს გერმანიაში ბალტიის ზღვის გავლით (ნორდ სტიმ 2).

გამოცემის ცნობითვე, გერმანიას სჭირდება რუსეთის დახმარება, რათა გადაარჩინოს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რასაც საფრთხე დაემუქრა მას შემდეგ, რაც 2018 წელს, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ-მა შეთანხმება დატოვა.

საქართველოს მკვეთრი პოზიცია ამ დრომდე არ გამოუხატავს მისი მოქალაქის, ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, რუსეთთან შესაძლო კავშირზე.

ამ თემასთან დაკავშირებით, ასევე, ხანგოშვილზე თბილისში თავდასხმის შესახებ მეტის გასაგებად გირჩევთ, წაიკითხოთ:

საქართველოს დუმილი ხანგოშვილის მკვლელობაზე – რუსეთის შიშით?

მასალების გადაბეჭდვის წესი