ახალი ამბები

ევროპაში კადიროვის კრიტიკოსი ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობა სცადეს

27 თებერვალი, 2020 • 1296
ევროპაში კადიროვის კრიტიკოსი ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობა სცადეს

ბრიტანული The Guardian-ის ინფორმაციით, ევროპის ერთ-ერთ ქალაქში ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობა სცადეს.

გამოცემა ასევე წერს, რომ რამზან კადიროვის კრიტიკოსმა ბლოგერმა გუშინ, 26 თებერვალს, თავად გაავრცელა ვიდეო, სადაც სისხლით მოსვლირილი დაჭრილი კაცი ჩანს, რომელსაც აბდურაჰმანოვი ეკითხება მასთან ვინ გააგზავნა. ჩანაწერში დაჭრილი კაცის ხმა ისმის რომელიც ამბობს რომ მოსკოვიდან გამოგზავნეს: “მათ დედაჩემი ჰყავთ”.

გამოცემის ინფორმაციით, მომხდაზე ამ დრომდე კომენტარს პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, სადაც სავარაუდოდ თავდასხმა მოხდა, არ აკეთებენ.

Vayfond-ის ცნობით, უცნობი კაცი აბდურაჰმადოვთან ბინაში შეიჭრა და მისი ჩაქუჩით მკვლელობა სცადა, თუმცა მან თავდამსხმელის მოგერიება მოახერხა და პოლიციაში დარეკა. Vayfond-ის ინფორმაციითვე, რომელიც მსოფლიოში ჩეჩნური ორგანიზაციების გაერთიანებას წარმოადგენს, ტუმსო აბდურაჰმადოვი საავადმყოფოში იმყოფება.

ტუმსო აბდურაჰმანოვი ცნობილი ჩეჩენი ბლოგერია, რომელმაც კადრიოვისგან მომდინარე საფრთხის გამო ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა. მან თავშესაფარი საქართველოსაც სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა. 2018 წელს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფარზე უარი უთხრა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ Amnesty International-მა პოლონეთს მოუწოდა აბდურაჰმანოვი რუსეთში არ გაეძევებინა. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ მას რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი