ნეტგაზეთი | უკრაინაში უშიშროების გენერალ-მაიორი ФСБ-ს აგენტობის ბრალდებით დააკვაეს უკრაინაში უშიშროების გენერალ-მაიორი ФСБ-ს აგენტობის ბრალდებით დააკვაეს – Netgazeti

უკრაინაში უშიშროების გენერალ-მაიორი ФСБ-ს აგენტობის ბრალდებით დააკვაეს

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (სბუ) დააკავა უწყების მაღალჩინოსანი, გენერალ-მაიორი ვალერი შაიტანოვი, რომელიც, სბუ-ს განცხადებით, არის რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ფსბ) აგენტი. ინფორმაცია ამის შესახებ სბუ-ს ვებ-გვერდზეა განთავსებული.

უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შაიტანოვს ბრალი ედება სამშობლოს ღალატსა და ტერორისტული აქტების ჩადენაში.

„კერძოდ, რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით იგი აპირებდა ცნობილი მოხალისის [რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონბასსა და ლუგანსკის რეგიონებში მიმდინარე ომის], ადამ ოსმაევის მვკლელობას. სბუ-მ შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები, რომლებიც ცხადყოფენ — შაიტანოვი არის რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის აგენტი“, — აცხადებენ სბუ-ში.

სბუ-ში აცხადებენ, რომ შაიტანოვის ბრალეულობა მტკიცდება არსებული ვიდეო/აუდიოჩანაწერებით.

სბუ-ს ცნობით, შაიტანოვის კოორდინირებით დაკავებული იყო ფსბ-ს პოლკოვნიკი იგორ ეგოროვი, რომელმაც შაიტანოვის გადაბირება უკრაინაში ვიზიტისას მოახერხა.

სბუ-ს ცნობით, შაიტანოვი აგრეთვე დაკავებული იყო უკრაინული სპეცსამსახურების ოფიცრების გადაბირებით ფსბ-ს დავალებების შესასრულებლად, ხოლო თავად იგი გადასცემდა მოსკოვს ინფორმაციას უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შესახებ, მათ შორის საიდუმლო ოპერაციებზე. აგრეთვე შაიტანოვი მოსკოვს აწვდიდა ინფორმაციას სბუ-ს მაღალჩინოსნებზე და ხელმძღვანელობაზე.

გარდა ამისა, როგორც სბუ-ში აცხადებენ, საქმეში ფიგურირებს შაიტანოვის მიერ გადაბირებული „აგენტი Н“, რომელიც ეგოროვსა და შაიტანოვს გერმანიაში, ხორვატიაში და საფრანგეთში ხვდებოდა.

„გამოძიებას აგრეთვე აქვს უდავო მტკიცებულებები, რომ რუსეთის სპეცასმსახურების დავალებით შაიტანოვი აპირებდა უკრაინის ტერიტორიაზე ტერორისტული აქტების ჩატარებას, რისთვისაც ფსბ-ს წარმომადგენელი მას დაჰპირდა ჯილდოს — 200 000 აშშ დოლარს და რუსეთის მოქალაქის პასპორტს. [დავალების] შემსრულებლად შაიტანოვმა სპეციალურად შეარჩია სპეცდანაყოფების ყოფილი თანამშრომელი. ამ დანაშაულებისთვის მომზადება მკაფიოდაა დაფიქსირებული საქმის მასალებში“, — აღნიშნავენ სბუ-ში.


გარეკანის ფოტოზე: ვალერი შაიტანოვის დაკავება. ფოტო: სბუ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნიკა ბურდული – ნეტგაზეთის რეპორტიორი 2019 წლის დეკემბრიდან. E-mail: burrrduli@gmail.com