აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.

საქმე ეხება მის საჯარო განცხადებებს 1992–1993 წლების აფხაზეთის ომის შესახებ, მათ შორის სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხს. ბარამიძემ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს აფხაზი ტყვეები არ ჰყავდა და თქვა: „ჩვენ აფხაზი ტყვეები არ გვყავდა, რადგან მათ ვხვრეტდით“. საქართველოს პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ ბარამიძის სისხლისსამართლებრივი დევნა „გაფრთხილებად უნდა იქცეს ყველასთვის, ვინც მზად არის, ღიად ისაუბროს საქართველოს შეიარაღებულ აგრესიასა და მის ფარგლებში ჩადენილ დანაშაულებზე“.

უწყების განცხადებით, აფხაზური მხარე წლების განმავლობაში მოითხოვს 1992–1993 წლებში ჩადენილი დანაშაულების აღიარებას, მათ სრულყოფილ გამოძიებასა და საერთაშორისო სამართლებრივ შეფასებას.

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება ასევე აცხადებს, რომ ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა არის მცდელობა, ზეწოლა მოახდინონ ქართული საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელიც მზადაა, წარსულის მოვლენები ობიექტურად გაიაზროს და ჩადენილი დანაშაულები აღიაროს.

„ისტორიული ფაქტების საჯარო განხილვის შეზღუდვის მცდელობები ვერ შეცვლის ისტორიულ მეხსიერებასა და მომხდარი მოვლენების ობიექტურ შეფასებას. მსგავსი ქმედებები მხოლოდ ცხადყოფს, რომ საქართველოს ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ მზადყოფნა, ღიად და პასუხისმგებლობით გაიაზრონ 1992–1993 წლების მოვლენები“, – ნათქვამია განცხადებაში.


ორი კვირის წინ YouTube-ზე გამოქვეყნდა იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადების“ ეპიზოდი, რომლის სტუმარიც გიორგი ბარამიძე იყო. საუბარი სხვადასხვა თემებს შეეხო, მათ შორის- აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას. ბარამიძემ თქვა, რომ „ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ“,  იაგო ხვიჩიას კითხვას კი, თუ რატომ მოხდა ასე, უპასუხა, რომ „ხვრეტდნენ“.

6 აგვისტოს ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც კიდევ ერთხელ განმარტავს მის ნათქვამს. ის ჰყვება, რომ ომის დაწყების მომენტში საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმ სამმართველოს უფროსი იყო, რომელიც პასუხისმგებელი იყო უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე.

ბარამიძის თქმით, როცა ომი დაიწყო და მტერმა გაგრას შეუტია, ქართველების მხრიდან ტყვეობაში აღმოჩნდნენ „მეფარიშვილის ბატალიონის“ წევრები. მისი თქმით, 45-ვე მან და მისმა მოადგილემ წითელი ჯვრის დახმარებით მოგვიანებით სამშვიდობოს გამოიყვანეს.

ბარამიძე ამბობს, რომ რაც თქვა, არ არის არც ქართული ჯარის „ბრალი“ და არც „დანაშაული“:

„პირველ ხანებში, როდესაც მე ვიყავი დაკავებული ტყვეების გაცვლით და ამ პროცესის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები, ვთქვი, რომ იქითა მხარე, ანუ რუსული მხარე, სეპარატისტული მხარე იყვანდნენ ტყვეებს და ჩვენ არ გვყავდა, იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ.

ეს სიტყვა ვთქვი. ხვრეტდნენ – ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვრეტს და ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ჯარი და ასე შემდეგ, ხო?! ჩვენ სამტრო- სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა მტერთან და უბრალოდ ჩვენებს არ ჰყავდათ ტყვეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ, სულ არ არის გასაკვირი მათგან ასეთი ქმედება, რომ არ დაინდოს მტერი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც ქართული ჯარის, რომელიც მაშინ რეალურად არ არსებობდა, ბრალია და, მით უმეტეს, დანაშაული, რომელზედაც, ასე ვთქვათ, რაღაცას ლაპარაკობენ რომ აი, სადღაც წაგვიყენებენ ამ ამბავს და სადღაც უნდა საქართველო დაადანაშაულონ თითქოს, და არც ქართული სახელმწიფოს, ხო?“.