„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ გამოძიება სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლებით დაიწყო.
პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიებას საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება, რომელიც, თავის მხრივ, ეხებოდა ბარამიძის მიერ „აფხაზეთის ომისა და ტყვეთა გაცვლის პროცესის შესახებ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით“ გაკეთებულ კომენტარს.
გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ სამშობლოს, ღმერთისა და სინდისის წინაშე ყოველთვის მართალი იყო და ამ სიმართლეს ვერავინ წაართმევს.
„არც თქვენი დევნის მეშინია და მით უფრო, თქვენი ბინძური პროპაგანდის!“ – დაწერა მან.
რა თქვა გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში?
2026 წლის 18 ივლისს YouTube-ზე გამოქვეყნდა იაგო ხვიჩიას გადაცემა „საქართველოს დაბადების“ ეპიზოდი, რომლის სტუმარიც გიორგი ბარამიძე იყო. საუბარი სხვადასხვა თემას შეეხო, მათ შორის აფხაზეთის ომის დროს ტყვეების გაცვლას.
გიორგი ბარამიძე 1992-93 წლებში ტყვეთა გათავისუფლებისა და დაკარგულთა მოძიების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე იყო. როგორც ჰყვება, ის ასევე იყო ადამიანის უფლებათა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობის სახელმწიფო კომიტეტის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი, მისი მოადგილის პოსტს კი პაატა ზაქარეიშვილი იკავებდა.
„მე და პაატამ დავიწყეთ ტყვეების გათავისუფლებაზე მუშაობა და ასეთ საკითხებზე“, – ამბობს ბარამიძე იაგო ხვიჩიასთან.
YouTube გადაცემიდან მოგვიანებით ვირუსულად გავრცელდა ამოჭრილი მონაკვეთი შემდეგ დიალოგზე:
ბარამიძე: აუცილებელი არ იყო აბსოლუტურად, რა თქმა უნდა, მაგრამ როცა ადამიანს… ბიძაშვილს მოგიკლავენ, ძმას მოგიკლავენ, მეგობარს მოგიკლავენ, ხო? იქ ემოციის შეკავება ძალიან ძნელია და ახლა მე ისე კი არ ვამბობ, ვინც ხვრეტდა ახლა…
ხვიჩია: იქითა მხრიდანაც ხო იგივე ხდებოდა?
ბარამიძე: იქ დისციპლინა იყო. იმიტომ, რომ იქ იყო რუსული დისციპლინა. და ისინი იყვანდნენ ტყვეებს. გაცილებით მეტს და იქიდან ბესლან კობახია იყო ჩემი, ასე ვთქვათ, მეორე მხარე, ეგრეთ წოდებული სეპარატისტების მხარე, რუსების მხარე რეალურად, რომელიც მეუბნებოდა, კაი, მე 10-ს მოგცემ, მაგრამ შენ ერთი ხომ უნდა მომცე.
ამ დიალოგამდე ბარამიძე გადაცემაში ჰყვება, რომ როცა ომის დროს გაგრა დაეცა, „მეფარიშვილის ბატალიონი“, 45 კაცი ტყვედ ჩავარდა, მან გამოიჩინა ინიციატივა, წასულიყო აფხაზეთში და ეცადა მათი გამოხსნა:
„ვთქვი, რომ წავალ სოხუმში და იქ იქნებ ვიღაცას დავუკავშირდე „წითელი ჯვრის“ მეშვეობით, იქნება დაგვაკავშირონ და დავიწყოთ ამ ხალხის გამოხსნა. ის ცალკე ისტორიაა, ისინი როგორ გამოვიყვანეთ, პირველად როგორ შევედი „წითელი ჯვრის“ დახმარებით, როგორ გავიცანი ანქვაბი, ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი, როგორ შევედი პირველად მათივე ხელით აშენებულ საკონცენტრაციო ბანაკში გუდაუთაში“.
რას ამბობს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური
გამოძიების ფარგლებში დღეს, 7 აგვისტოს, პროკურატურამ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე გამოკითხა.
მისმა სამსახურმა 6 აგვისტოს მიმართა „შესაბამის სამართალდამცავ უწყებებს, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შეისწავლონ გიორგი ბარამიძის განცხადება და გაატარონ კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები“. მათი აზრით, ბარამიძის განცხადება „შესაძლოა, შეიცავდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს“.
განცხადებაში ბარამიძის ნათქვამი შემდეგნაირადაა ფორმულირებული:
„გიორგი ბარამიძემი აგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – ,,საქართველოს დაბადება“ -აფხაზეთის ომზე და ტყვეთა გაცვლის პროცესზე მსჯელობისას განაცხადა, რომ ქართველი მებრძოლები ხვრეტდნენ ტყვეებს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე, რომელიც „რუსული დისციპლინით“ გამოირჩეოდა, ქართველ მებრძოლებს ატყვევებდა“.
გარდა ამისა, სამსახურმა ვეტერანების სახელით განცხადებით მიმართა გიორგი ბარამიძესაც, რომ გაკეთებული განცხადების გამო საჯაროდ ბოდიში მოეხადა:
„ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ვეტერანების სახელით მიმართავს გიორგი ბარამიძეს, აღნიშნული განცხადებისთვის საჯაროდ მოიხადოს ბოდიში, უარყოს მის მიერ გავრცელებული, დაუდასტურებელი ინფორმაცია, ან წარმოადგინოს კონკრეტული მტკიცებულებები საჯარო ბრალდების დასადასტურებლად“.
როგორ განმარტა ბარამიძემ მისი განცხადება
19 საათის წინ ბარამიძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც განმარტა იაგო ხვიჩიას გადაცემაში ნათქვამი ფრაზა.
ბარამიძე ხსნის, რომ ომის დაწყების მომენტში საქართველოში მოქმედ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში იმ სამმართველოს უფროსი იყო, რომელიც პასუხისმგებელი იყო უშუალოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე. მისი თქმით, როდესაც ომის პირველ კვირებში მოწინააღმდეგე მხარე გაცვლისას ვინმეს გადაცემას ითხოვდა, ქართულ მხარეს ტყვეები არ ჰყავდა.
მისივე განმარტებით, განცხადება არ ეხება ქართულ ჯარს და სახელმწიფოს და რომ მსჯელობა „ამოგლეჯილად“ გავრცელებულ მონაკვეთზე დაიწყო:
„თითქოს მე რომ ვთქვი, რომ ომის პირველ კვირებში, პირველ ხანებში, როდესაც მე ვიყავი დაკავებული ტყვეების გაცვლით და ამ პროცესის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩვენ არ გვყავდა ტყვეები, ვთქვი, რომ იქითა მხარე, ანუ რუსული მხარე, სეპარატისტული მხარე იყვანდნენ ტყვეებს და ჩვენ არ გვყავდა იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ.
ეს სიტყვა ვთქვი. ხვრეტდნენ – ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო ხვრეტს და ეს არ ნიშნავს, რომ ქართული ჯარი და ასე შემდეგ, ხო?! ჩვენ სამტრო-სასიცოცხლო ბრძოლა გვქონდა მტერთან და უბრალოდ ჩვენებს არა ჰყავდათ ტყვეები. ეს ჩვეულებრივი ამბავია, იქაც ვთქვი, როდესაც ადამიანს მამას მოგიკლავენ, შვილს მოგიკლავენ, ბიძაშვილს მოგიკლავენ, ახლობელს მოგიკლავენ, სულ არ არის გასაკვირი მათგან ასეთი ქმედება, რომ არ დაინდოს მტერი და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს არც ქართული ჯარის, რომელიც მაშინ რეალურად არ არსებობდა, ბრალია და, მით უმეტეს, დანაშაული, რომელზედაც, ასე ვთქვათ, რაღაცას ლაპარაკობენ რომ აი, სადღაც წაგვიყენებენ ამ ამბავს და სადღაც უნდა საქართველო დაადანაშაულონ თითქოს და არც ქართული სახელმწიფოს, ხო?“.
ბარამიძემ კიდევ ერთხელ მოყვა, რომ ქართველების მხრიდან ტყვეობაში აღმოჩნდნენ „მეფარიშვილის ბატალიონის“ წევრები, რომლებიც, მოგვიანებით, 45-ვე კაცი გამოიყვანეს:
„მე და ჩემმა მოადგილემ, პაატა ზაქარეიშვილმა, ჩვენი მეცადინეობით, წითელი ჯვრის დახმარებით, სამშვიდობოს გამოვიყვანეთ“.
ბარამიძის თქმით, ოჩამჩირის ფრონტზე, სადაც ის იმყოფებოდა, ძირითადად იბრძოდნენ მოხალისეები, არარეგულარული ქართული ჯარი და „მხედრიონი“, შესაბამისად, იგი განმარტავს, რომ იქ „ჩვეულებრივი ადამიანების“ მოქმედება, ემოცია, ვერანაირად ვერ განიხილება ვერც სახელმწიფოს და ვერც ჯარის დანაშაულად.
7 აგვისტოს „ტვ პირველის“ ეთერში ბარამიძემ თქვა, რომ შეიძლება სხვა სიტყვა გამოეყენებინა დახვრეტის ნაცვლად, მაგალითად, ესროდნენ და კლავდნენ, მაგრამ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი მხრიდან საუბარი არ ყოფილა ჯარის დანაშაულზე:
„თითქოს ისე წარმოაჩინეს, რომ ავიყვანეთ [ტყვეები], მერე სადღაც დავამწყვდიეთ, მერე გამოვიყვანეთ და დავხვრიტეთ. ხვრეტდნენ, ანუ ესროდნენ. […] შეიძლება სხვა სიტყვა გეხმარა – ესროდნენ, კლავდნენ, იგივეა. ომის დროს ესვრი, ხვრეტ, კლავ. ომი ისეთი უბედურებაა, რომ ადამიანის მოკვლა გიწევს. ამიტომ არის ცუდი ომი, ყველანაირად ცუდი. მაგრამ ეს არ არის არავის დანაშაული, მით უმეტეს, ჩვენი ჯარის და სახელმწიფოს. რასაც ესენი ამბობენ, რომ თითქოს მე ჯარი დავადანაშაულე და სახელმწიფო დავადანაშაულე“.
„ქართული ოცნების“ გამოხმაურება
6 აგვისტოს გია ბარამიძის ნათქვამზე კითხვა დაუსვეს „ოცნების“ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს, რომლის შეფასებითაც, ეს „ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი“ განცხადებაა.
„ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, რასაც აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია“, – თქვა კობახიძემ.
7 აგვისტოს განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალექსანდრე ტაბატაძემ, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეა. მისი აზრით, ბარამიძის განცხადება „აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“.
ტაბატაძის თქმით, „ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან“.
„დაუშვებელია პოლიტიკური მიზნებისთვის ისეთი ნარატივების გავრცელება, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს ქართველი სამხედროებისა და მებრძოლების ღირსებას და ქმნის მცდარ წარმოდგენას როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ასეთი განცხადებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს ხელისუფლების შერიგების პოლიტიკასთან, რომლის საფუძველიც არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ხელშეწყობა, ნდობის აღდგენა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპების პატივისცემა“, – წერს ტაბატაძე.
რას ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ გამოძიების დაწყებაზე
პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობაც“, რომლის თქმითაც, გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ დღეს დაწყებული სისხლის სამართლის საქმე „კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ ხელისუფლებამ პროკურატურა საბოლოოდ გადააქცია პოლიტიკური ანგარიშსწორების და რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ინსტრუმენტად“.
„რა სიმბოლურია, რომ დღეს, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის დაწყების დღეს, დევნა დაიწყეს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც რუსეთმა უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. როდესაც კრემლი გიორგი ბარამიძეს საკუთარ მტრად აცხადებს და სჯის, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იმავე ადამიანს სამშობლოს ღალატს ედავება“, – წერია პარტიის განცხადებაში.
გამოხმაურება ოკუპირებული აფხაზეთიდან
პროკურატურის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა ოკუპირებულ აფხაზეთშიც – დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა სამინისტრო გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას „პოლიტიკურად მოტივირებულს“ უწოდებს.
„ისტორიული ფაქტების საჯარო განხილვის შეზღუდვის მცდელობები ვერ შეცვლის ისტორიულ მეხსიერებასა და მომხდარი მოვლენების ობიექტურ შეფასებას. მსგავსი ქმედებები მხოლოდ ცხადყოფს, რომ საქართველოს ცალკეულ პოლიტიკურ ძალებს არ აქვთ მზადყოფნა, ღიად და პასუხისმგებლობით გაიაზრონ 1992–1993 წლების მოვლენები“, – ნათქვამია განცხადებაში.
