“მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებით, 12 ივნისს თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული რუსეთის მოქალაქე ტელეკომპანიის ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით გეგმავდა. მანამდე აღნიშნული ინფორმაცია თავად ტელეკომპანიამაც გაავრცელა.
გვარამიას თანახმად, ის საქართველოში სხვა მიზეზით დააკავეს. გვარამია გაბუნიას მიერ პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტისადმი გინებას იხსენებს და ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია აქვს კავშირზე ჟურნალისტის ამ გამონათქვამებსა და მისი მკვლელობის შეკვეთას შორის.
“არ მინდოდა ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ რაკიღა ჩვენთვის ეს ცნობილია რამდენიმე კვირაა და მედიაში გაჟონა, ვალდებულნი ვართ, ეს განვაცხადოთ საჯაროდ. კონტრტერორისტულმა სამსახურმა დააკავა რუსეთის მოქალაქე, ვასამბეგ ბოკოვი, ინგუში, დაბადებული ინგუშეთის რესპუბლიკაში.
მისი დაკავების მიზეზი არ არის ის, რაზეც მე ახლა უნდა გესაუბროთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სხვა მიზეზით დააკავეს იგი. მაგრამ მთავარი, რაც საქართველოს ხელისუფლებისთვის გახდა ცნობილი უკრაინის სამართალდამცავების მხრიდან, არის ის, რომ იგი გეგმავდა გიორგი გაბუნიას, ამ ქვეყნის გამორჩეული სახის ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის დაკვეთით. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ თავის დროზე, მისი გამონათქვამებიც გვახსოვს და იყო გაფრთხილებები ჩვენი კავკასიელი მეგობრებისგან და არამარტო”, – ამბობს ის.
გვარამიას თქმით, გაბუნიას თვეების მანძილზე უთვალთვალებნენ. მისივე განცხადებით, უკრაინაში ზემოაღნიშნული პირის მიმართ გამოძიება ქართული მხარისათვის შეუტყობინებლად მიმდინარეობდა, რადგან ის “არ მიიჩნევა სანდო პარტნიორად” მაშინ, როცა საქმე რუსეთის მოქალაქის მიმართ გამოძიებას ეხება.
“პანდემიის დროს, როდესაც კონტროლი მოიშალა, საქმე გადაეგზავნათ საქართველოს სამართალდამცავებს. კიდევ უფრო ძლიერდება ბატონი გაბუნიას დაცვა ამის შემდეგ. საქართველოს ხელისუფლებამ ეს ინფორმაცია არ მიიღო სერიოზულად და ჩათვალა უკრაინაში ქართული დიდი ლობის პროვოკაციად. მიუხედავად ამისა, მაინც გააძლიერა კონტროლი გაბუნიას გადაადგილებაზე, [რაც] მისასალმებელია”, – თქვა მან.
გასული წლის ივლისში, მას შემდეგ, რაც გიორგი გაბუნიამ, რომელიც იმ დროს ტელეკომპანია “რუსთავი2”-ში მუშაობდა, რუსეთის პრეზიდენტს პირდაპირ ეთერში აგინა, ჟურნალისტს დაემუქრნენ როგორც ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი, ისე ერთ-ერთი რუსი ბლოგერი. კადიროვმა ტელეწამყვანს “ურჩია”, რომ პუტინის გინების შემდეგ დაიმალოს, რადგან დედამიწაზე “მილიონობით ახალგაზრდა არსებობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტს პატივს სცემს”. ბლოგერმა კი გიორგი გაბუნია ბრძოლაში გაიწვია.
მანამდე, დაკავებულის ადვოკატმა ნინო მიქატაძემ “რუსთავი2”-ს უთხრა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი ყალბი დოკუმენტების შეძენა, შენახვა და გამოყენების მუხლით აქვს წარდგენილი.
“ბევრ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, წარდგენილი ბრალდება გახლავთ 362-ე მუხლის პირველი ნაწილი, რაც გულისხმობს ყალბი ოფიციალური დოკუმენტის შეძენას, შენახვას გამოყენების მიზნით და მის გამოყენებას, რაც ითვალისწინებს სასჯელის სახით 6 თვიდან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას. გამოკითხვის ოქმი ბრალდებულის სახელით შემდგარი არაა”, – განმარტა მიქატაძემ.