Bellingcat-ის, Der Spiegel-ის და Insider-ის მიერ ჩატარებული ახალი ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის – ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურმა (ФСБ) დაგეგმა.
როგორც გამოძიებაშია ნათქვამი, ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულს, ვადიმ კრასიკოვს, რომელიც გერმანიაში და ევროპის სხვა ქვეყნებში ყალბი დოკუმენტებით იმყოფებოდა და ვადიმ სოკოლოვის სახელს ატარებდა, უშუალო კონტაქტი ჰქონდა უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრის მაღალჩინოსნებთან და უწყების სხვადასხვა ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომელთან. აგრეთვე, ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, იგი არაერთხელ იმყოფებოდა უშიშროების ფედერალური სამსახურის სხვადასხვა საიდუმლო ობიექტზე, რომლებზეც დაცვის განსაკუთრებული რეჟიმი მოქმედებს.
კრასიკოვმა აგრეთვე მიიღო სპეციალური ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის „განყოფილება ვ-სთვის“ მზადდება. „განყოფილება ვ“ სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის 1981 წელს შექმნილი „განყოფილება ვიმპელის“ მემკვიდრეა. განყოფილება, რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, შიდა ტერორიზმთან ბრძოლითაა დაკავებული, თუმცა 2006 წელს მიღებული ცვლილებები მათ „კონტრტერორისტული ოპერაციებში“ ჩადენილი მოქმედებებზე პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს.
ჟურნალისტური გამოძიების ავტორების განცხადებით, ინფორმაციის დიდი ნაწილი მიიღეს კრასიკოვის ტელეფონიდან, რომლის აღმოჩენაც მისი მეუღლის ტელეფონის ნომრით მოახერხეს, მიუხედავად იმისა, რომ არც ვადიმ კრასიკოვის და არც მისი მეუღლის სახელზე არცერთ რუსულ ტელეოპერატორს სიმ-ბარათი არ გაუცია.
გამომძიებელი ჟურნალისტების თქმით, კრასიკოვის საუბრების შედეგად დადგინდა, რომ უშიშროების ფედერალური სამსახური კრასიკოვთან დიდი ხნის განმავლობაში იყო კავშირში და მთავარი მიზანი სწორედ ხანგოშვილის მკვლელობა იყო. ხოლო ოპერაციას უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელი, გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტიხონოვი კურირებდა, კრასიკოვთან კი კონტაქტი ჰქონდა უწყების ყოფილ თანამშრომელ ედუარდ ბენდერსკის.
გენერალ-პოლკოვნიკი ტიხონოვი უშიშროების ფედერალური სამსახურის სპეცოპერაციების ცენტრის ხელმძღვანელად 1998 წლის 22 ოქტომბერს დაინიშნა, როცა უწყებას რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი – ვლადიმერ პუტინი ხელმძღვანელობდა. მოგვიანებით, პუტინის „დახურული ბრძანებით“, მას რუსეთის გმირის წოდება მიანიჭეს, ზოგიერთი მონაცემებით, „ნორდ ოსტის ტერაქტის“ დროს მოქმედებების გამო.
გამომძიებლები დარწმუნებულები არიან, რომ ხანგოშვილის მკვლელობის ნებართვა, როგორც მინიმუმ, უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა გასცა. მათივე თქმით, ვერსიები, რომ ხანგოშვილის მკვლელობა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ან სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით მოხდა, გამოირიცხა.
რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი ზელიმხან ხანგოშვილი 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. მკვლელმა ხანგოშვილს სამჯერ: ერთი ზურგში, ორი ტყვია კი თავში იმ დროს ესროლა, როცა ის მეჩეთში პარასკევის ლოცვაზე მიდიოდა. მოგვიანებით სამართალდამცავებმა მდინარეში, სავარაუდოდ, მკვლელობის იარაღი და ველოსიპედი იპოვეს.
როგორც ბელინგქეთი წერს, ხანგოშვილი დიდი ხნის მანძილზე მოსკოვს მტრების სიაში ჰყავდა შეყვანილი, რადგან 1999-2001 წლებში რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილე იყო და პანკისში ცხოვრების შემდეგაც აგრძელებდა ჩეჩენი “სეპარატისტების” მხარდაჭერას.
ხანგოშვილის სახელი 2012 წლის 28–29 აგვისტოს სოფელ ლაფანყურთან, ლოპოტის ხეობაში ჩატარებულ სპეციალურ ოპერაციასაც უკავშირდება. ის მაშინ მოლაპარაკებებში იყო ჩართული.
2015 წელს ხანგოშვილი თბილისში, მირზა გელოვანის ქუჩაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს. ეს საქმე ჯერჯერობით გამოძიებული არ არის.
მოსკოვი აცხადებს, რომ კრემლს ან რუსეთის ხელისუფლებას არაფერი აქვს საერთო ხანგოშვილის მკვლელობასთან. „კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე კავშირს ოფიციალურ რუსეთსა და ამ ინციდენტს, მკვლელობას შორის“, — განაცხადა 28 აგვისტოს კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
გერმანული მედიის ნაწილი წერს, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა დასჯის მიზნით ჩადენილ ქმედებას ჰგავს და სავარაუდოდ, შეკვეთილია.