ახალი ამბები

“ის იყო ბოევიკი” – პუტინი ხანგოშვილის მიმართ რუსეთის ინტერესს ადასტურებს

10 დეკემბერი, 2019 • 2286
“ის იყო ბოევიკი” – პუტინი ხანგოშვილის მიმართ რუსეთის ინტერესს ადასტურებს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოეხმაურა ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს, რომლის გამოც გერმანიამ ქვეყნიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევა.

პუტინმა ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე, დაადასტურა ხანგოშვილის მიმართ რუსეთის ინტერესი და თქვა, რომ გარდაცვლილი რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში იყო და მეტიც, რუსეთი გერმანიასაც სთხოვდა მკვლელობამდე ხანგოშვილის გადაცემას, თუმცა უშედეგოდ.

რაც შეეხება უშუალოდ მკვლელობას, პუტინი აცხადებს, რომ ამაზე არაფერი იცის, “ბანდიტური” თემაა და “იქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

“თქვენ თქვით ქართველის მკვლელობა [პუტინი მიმართავს ჟურნალისტს], ეს მთლად ასე არ არის. ბერლინში დაიღუპა ადამიანი, ის მხოლოდ ქართველი არ არის, ის მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში, კავკასიაში სეპარატისტების მხარეს. ის ქართველი არ არის ეროვნებით. ჩვენ ეს ადამიანი ძებნაში გვყავდა, ის არის ბოევიკი, სისხლიანი ადამიანია. ის მოსკოვის მეტროში განხორციელებული აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო”, – აცხადებს პუტინი და ხანგოშვილს 98 ადამიანის დაღუპვაში ადანაშაულებს.

პუტინმა “არაკორექტული” უწოდა გერმანიის მხრიდან “იმ დიპლომატების გაძევებას, რომელთაც ამ ფაქტთან არავითარი შეხება არ ჰქონიათ”. რაც შეეხება რუსეთის საპასუხო ზომებს, პუტინი ამბობს, რომ არსებობს დაუწერელი წესი: “როცა თქვენ აძევებთ ჩვენს დიპლომატებს, ჩვენც გავაძევებთ თქვენსას”.

პუტინი არ ელის, რომ საქმე გერმანიასა და რუსეთს შორის კრიზისამდე გამწვავდება, თუმცა დასძენს, რომ “მომხდარში კარგი არაფერია” და რუსეთი აპირებს გერმანულ გამოძიებასთან თანამშრომლობას.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ადასტურებს, რომ ორმხრივი შეხვედრისას პუტინს ხანგოშვილის საქმეზე ესაუბრა და ის მოელის, რომ რუსეთი ბერლინს მის ხელთ არსებულ ინფორმაციას მიაწვდის.

ჟურნალისტმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსაც ჰკითხა, როდესაც სკრიპალების საქმის გამო არაერთმა ქვეყანამ გააძევა დიდი ბრიტანეთის მიმართ სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატი, ახლაც ხომ არ არის მოსალოდნელი იგივე, რაზეც ამ უკანსკნელმა უპასუხა, რომ ისინი დაელოდებიან გამოძიების შედეგებს, ხოლო საფრანგეთი სოლიდარობისთვის ყოველთვის მზადაა. ყოფილი ორმაგი ჯაშუში სერგეი სკრიპალი, შვილთან, იულია სკრიპალთან ერთად 2018 წლის მარტში მოწამლეს ბრიტანეთში ნივთიერება „ნოვიჩოკით“.

რა ხდება?

რუსეთ-ჩეჩნეთის ომის ვეტერანი, 40 წლის ზელიმხან ხანგოშვილი დაახლოებით სამი თვის წინ, 23 აგვისტოს, მოკლეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში.

მეჩეთში სალოცავად მიმავალ ხანგოშვილს უცნობი პირი ელექტრონული ველოსიპედით მიუახლოვდა და სამჯერ ესროლა. ხანგოშვილი მაშინვე გარდაიცვალა.

გერმანულ და შემდეგ საერთაშორისო მედიაში მალევე გავრცელდა ცნობები მკვლელობაში ბრალდებულის სავარაუდო კავშირზე რუსეთის სახელმწიფო სპეცსამსახურებთან, რასაც დღემდე კატეგორიულად უარყოფს ოფიციალური მოსკოვი.

თავდაპირველად ჟურნალისტურ გამოძიებებში გამოკვეთილმა ბრალდებამ დღეს უკვე ოფიციალურ არხებში გადაინაცვლა:

როგორც გამოცემა Wall Street Journal-ი იუწყება, გერმანიის ფედერალურ პროკურატურაში გამომძიებლები შეჯერდნენ ეჭვმიტანილის ვინაობასა და მის კავშირზე რუსულ სახელმწიფოსთან.

„არსებობს საკმარისი ფაქტობრივი გარემოებები, რათა დავასკვნათ, რომ მკვლელობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სტრუქტურების ან ჩეჩნეთის რესპუბლიკის სტრუქტურების დაკვეთით, რომელიც რუსეთის დაქვემდებარებაშია“, – ციტირებს BBC გერმანიის ფედერალურ პროკურორს.

ამ ცნობის გავრცელების პარალელურად, 4 დეკემბერს, გერმანიამ ორი რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რითაც ისინი, ფაქტოვრივად, ქვეყნიდან გააძევა.

როგორც მოგვიანებით გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, სახელმწიფომ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ნათელი გახდა, რომ რუსეთი ხანგოშვილის მკვლელობის გამოძიებაში მათთან არ თანამშრომლობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი