ახალი ამბებისაზოგადოება

ერთი შეთანხმება – ორი ხედვა

14 მაისი, 2020 • 3661
ერთი შეთანხმება – ორი ხედვა

ელჩების შუამავლობით გამართული პოლიტიკური დიალოგის ფარგლებში 8 მარტს მიღწეული შეთანხმება არა მარტო ორნაწილიანია, არამედ, როგორც აღმოჩნდა, ორგვარად არის წაკითხული და ინტერპრეტირებული მხარეების მიერ.

ერთობლივ განცხადებაში, რომელიც თან ახლავს საარჩევნო სისტემაზე ურთიერთგაგების მემორანდუმს, ნათქვამია: “აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული”.

ერთობლივი განცხადება სრულად
“ჩვენ, ხელისმომწერი პარტიები, ჩავერთეთ დიალოგში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, რაც საქართველოს ხალხის ნებას ასახავს. ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

რა იგულისხმება “აუცილებელ რეაგირებაში” არის მთავარი საკითხი, რომელზეც შეთანხმების მონაწილე მხარეებს განსხვავებული პოზიცია აქთ. “ქართული ოცნება” ამბობს, რომ ეს ჩანაწერი არაფერს ნიშნავს იმაზე მეტს, რაც ფურცელზე წერია და ზოგადად პოლიტიკური მართლმსაჯულების თავიდან აცილებას ეხება, რასაც ხელისუფლება ისედაც მიჰყვება. ოპოზიცია კი ამბობს, რომ აბსტრაქტულ საკითხებზე დოკუმენტები არ დგება და შეთანხმება იმ პატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, რომელთა საქმეების უკან პოლიტიკური მოტივები იკვეთება.

“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 8 მარტს, ამერიკის ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა განაცხადა, რომ შეთანხმება შედგა საარჩევნო სისტემასა და პოლიტიკურ პატიმრებზე, რაც გულისხმობდა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუასა და ბესიკ თამლიანის გათავისუფლებას. 

“ჩვენ მათ მივიჩნევთ პოლიტიკურ პატიმრებად, მთავრობა არ მიიჩნევს, მაგრამ შეთანხმებისთვის ამ შეფასებას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელობა აქვს შედეგს”, – განაცხადა ბოკერიამ. 

შეთანხმების შედეგი იყო თუ არა, ფაქტია, ამის შემდეგ ხაზარაძე/ჯაფარიძის საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში განუსაზღვრელი ვადით გადაიდო; 20 ივნისის საქმეზე ბრალდებულ ბესიკ თამლიანს კი აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს. ეს ტენდენცია არ შენარჩუნებულა თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელსაც სასამართლომ  5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგი უგულავამ, თუმცა უშედეგოდ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ყველა შეხვედრაზე აყენებდა ჩამოთვლილ პირთა გათავისუფლების საკითხს, თუმცა “ქართული ოცნება” არც ერთხელ დასთანხმებია. 

“შეთანხმება უნდა წავიკითხოთ ისე, როგორც წერია. ყველაფერი, რაზეც შეთანხმება იყო, ასახულია ტექსტში. ტექსტის იქით არანაირი პირობა არ მიგვიცია. არანაირი ფორმით, არავის წინაშე პირობა არ დაგვიდია დასახელებული პირების გათავისუფლებაზე. ეს არ და ვერ იქნებოდა შეთანხმების საგანი. ჩვენ დემოკრატიულ სახელმწიფოს ვაშენებთ, სადაც კანონის უზენაესობის პრინციპი არის მთავარი, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სასამართლოს ვერცერთი პოლიტიკური პარტია ვერ მისცემს დავალებას, ვინმე გაათავისუფლოს ან დააპატიმროს. ვთქვით, რომ სასამართლომ იმოქმედოს კანონმდებლობის შესაბამისად და გადაწყვეტილებები, რომლებიც იქნება მიღებული დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ, ჩვენთვის მისაღებია. ჩვენ ვერ დავავალებთ ვერც სასამართლოს, ვერც პროკურატურას და ვერც პრეზიდენტს, მიიღოს ასეთი გადაწყვეტილება”, – განაცხადა თალაკვაძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში. 

თალაკვაძის თქმით, პატიმრების გათავისუფლების დაპირება ზეპირსიტყვიერადაც არ გაცემულა. 

“დაუკვირდით, როგორ შეფარულ ფრაზებს ამბობენ: ამაზე იყო საუბარი და ეს საკითხი იყო განხილულიო და მერე მიაყოლებენ ტექსტს, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ. ეს მანიპულაცია და დემაგოგიაა”, – ამბობს თალაკვაძე.

მაშინ საერთოდ რატომ გახდა საჭირო საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის პარალელურად მეორე განცხადების მიღება? – არჩილ თალაკვაძეც და გიგა ბოკერიაც ამბობენ, რომ ეს ოპოზიციის მოთხოვნის შედეგია. დიალოგის საწყის ეტაპზე ოპოზიციამ წარადგინა იმ ადამიანების სია, რომლებიც 20 ივნისის მოვლენების შედეგად, მათი აზრით, უსამართლოდ იდევნებოდნენ. სიაში შემავალი პირების რაოდენობა მოლაპარაკებების განმავლობაში დაკორექტირდა და ბოლო ეტაპზე დარჩენილი იყო 4 ადამიანი (რურუა, უგულავა, ოქრუაშვილი და თამლიანი), ვინც ციხეში რჩებოდა. აქედან გიგი უგულავას მიმართ განაჩენი გამოტანილი იყო (ახლა უკვე ოქრუაშვილიც მსჯავრდებულია), შესაბამისად, მისი გათავისუფლების ერთადერთ სამართლებრივ მექანიზმად პრეზიდენტის შეწყალება რჩებოდა. ოპოზიცია მიუთითებს, რომ სწორედ ამიტომ გაჩნდა ტექსტში პრეზიდენტზე კორექტული ფორმით ჩანაწერი: “მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”.

“მთელი მოლაპარაკებების პროცესში ჩვენი პოზიცია იყო, რომ საარჩევნო სისტემის გარდა, მართლმსაჯულების პრობლემის აღმოფხვრაზეც შემდგარიყო შეთანხმება. ამიტომაც გაიწელა პროცესი. თავდაპირველად ივანიშვილის გუნდი ამას არ თანხმდებოდა. როცა დასთანხმდა, დასთანხმდა ორივე საკითხზე: კომპრომისი შედგა საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. (ჩვენ გვსურდა სრულად პროპორციული სისტემა და 120/30 იყო კომპრომისი ჩვენი მხრიდან) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ლიდერების, აქტივისტების გათავისუფლებასა და შემდგომში ასეთი ფაქტების არდაშვებაზე. განცხადების ტექსტში ეს ორივე კომპონენტი აისახა იმ ფორმით, რა ფორმითაც შესაძლებელია ასახულიყო მედიატორების მხრიდან. მითითებულია კონკრეტული მექანიმზმიც პრეზიდენტის სახით. წარსულში მომხდარ შემთხვევებზე სწორედ პრეზიდენტის ინსტიტუტის გამოყენებით უნდა მომხდარიყო რეაგირება”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გიგა ბოკერიამ. 

თავშეკავებული ლექსიკა და ფორმულირებები დიპლომატიური საქმიანობის თვისობრივი მახასიათებელია, მით უმეტეს, წერილობით ტექსტში. სწორედ, დიპლომატიური ენით ხსნის ბოკერია იმ ფაქტს, რომ შეთანხმებაში კონკრეტული სახელები და გვარები არ ჩაიწერა, მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ ოპოზიციამ ამ მიზანს, მიუხედავად მცდელობისა, ვერ მიაღწია. 

“მედიატორები ხომ არ მიუთითებდნენ, ხვალ ეს კაცი გამოუშვითო? სამართლებრივად ძალიან უხერხული ამბავი იქნებოდა. პოლიტიკური განცხადებისთვის ეს მისაღებია, მაგრამ ამ ტიპის შეთანხმებისთვის – არა. თუმცა საღი აზრის ტესტით, ნებისმირი ადამიანისთვის საკმარისია ის ჩანაწერი, რაც არის. ეს ხომ სასამართლო არ არის, რომ მტკიცებულებები წარადგინო? ეს არის შეთანხმება, რომელსაც ან იცავ, ან არა. ამ ლოგიკით, “ქართულმა ოცნებამ” ისიც თქვა, პროპორციული არჩევნები დაპირება კი არა, იდეა იყოო. ამ ტიპის ხალხთან არაფერს მნიშვნელობა არა აქვს, გვარებიც რომ ჩაწერილიყო, იტყოდნენ, სხვა ტექსტი იყოო. ასეთ ტექსტებში გვარები არ იწერება ხოლმე, ამიტომ მიუთითებენ საერთაშორისო პარტნიორები, შეთანხმების “letter and spirit” დაიცავითო – მარტო ფორმალურად კი არა, შინაარსობრივად უნდა შეასრულო”, – განმარტავს ბოკერია. 

თამლიანის, ოქრუაშვილისა და რურუას შემთხვევაში, ბოკერიას თქმით, გათავისუფლების სამართლებრივი მექანიზმი იყო აღკვეთის ღონისძიების შეცვლა ან საქმის შეწყვეტა, ხოლო სხვა პოლიტიკური საქმეების მინიმუმ არჩევნებამდე გადავადება. 

“ზოგადი კითხვაც რომ არსებობს, რომელ შემთხვევებზეა ლაპარაკიო. ნელსონ მანდელა ხომ არ იგულისხმებოდა, არა?! დიახ, დასთანხმდნენ კონკრეტული პატიმრების (სახელებით და გვარებით) კონკრეტული მექანიზმებით გათავისუფლებას. აბა, ზოგად შეთანხმებას რა აზრი აქვს?! მაშინ რატომ მოაწერეს ხელი და რატომ არ მოიქცნენ ისე, როგორც ირმა ინაშვილი, რომელმაც დაადასტურა, რომ ხელმოწერისას საუბარი იყო კონკრეტულ გვარებზე და კონკრეტულ მექანიზმებზე, რაც დიპლომატიურ ენაზე იმ ტექსტშიც ასახულია და ამიტომ ხელი არ მოვაწერეო”, – ამბობს ბოკერია. 

ირმა ინაშვილმა 8 მარტს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ხელი არ მოაწერა განცხადებას, რომელიც ე.წ. პოლიტპატიმრების თემას ეხებოდა.

“წარმოდგენილი იყო ორი ტიპის მემორანდუმი. ერთი ეხებოდა საარჩევნო სისტემას და საერთო კონსენსუსისთვის რომ ხელი არ შეგვეშალა, მას შევუერთდით. მეორე ეხებოდა ე.წ. პოლიტიკური პატიმრების თემას და, ცხადია, მე მას ხელი არ მოვაწერე”, – განაცხადა ინაშვილმა.

დღეს დეპუტატი ამბობს, რომ არჩილ თალაკვაძე ან ირაკლი კობახიძე მისი თანდასწრებით არავის დასთანხმებულან პატიმრების გათავისუფლებაზე, თუმცა არ გამორიცხავს, გარიგება შემდგარიყო იმ შეხვედრებზე, რომლებსაც თვითონ არ ესწრებოდა. 

“8 მარტს, როდესაც ჩვენ მივედით კულმინაციამდე, მე ვნახე, რომ პირველი იყო მთავარი დოკუმენტი, რომელსაც მე ვეთანხმებოდი და უცებ მაგიდაზე გაჩნდა მეორე დოკუმენტი. იქ საუბარი იყო ჩემთვის გაუგებარ ტენდენციებზე, მართლმსაჯულებაც  იყო ნახსენები, მაგრამ გაუგებრად… მე რედაქტორი ვიყავი წლების მანძილზე და ძალიან კარგად ვკითხულობ დოკუმენტებს. როდესაც ამ დოკუმენტზე იყო საუბარი, ბოკერია პირდაპირ ამბობდა, რომ ის ამაში გულისხმობს უგულავას და სხვათა გათავისუფლებას. “ქართული ოცნების” წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ რაღაც სამართლებრივ ასპექტებს გულისხმობდნენ ამაში. ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამდა ამ დოკუმენტს და ორივემ მოაწერა ხელი. ამიტომ, მე გამოვედი თუ არა, მაშინვე განვაცხადე, რომ ადგილი ჰქონდა რაღაც გარიგებას. “ოცნება” და ბოკერია-სააკაშვილის პარტიები ჩემ გარეშეც ხვდებოდნენ ერთმანეთსაც და ელჩებსაც. ამიტომ,მე არ ვიცოდი, რომ 8 მარტს დამხვდებოდა ორი დოკუმენტი”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა რ2-ის ეთერში.

ირმა ინაშვილის გარდა, პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობდა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი. “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის თქმით, ის იყო მოწმე “კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების”. არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თამარ ჩუგოშვილი “ნერვიულობს ამ საკითხზე” და ირწმუნება, რომ მის ყოფილ თანაგუნდელს არცერთ შეხვედრაზე ასეთი პირობა არ მოუსმენია.

ელჩები ანტიკონსტიტუციურ პროცესში? 

“ქართული ოცნების” მთავარი არგუმენტია, რომ არ შეიძლებოდა, დემოკრატიული ქვეყნების ელჩები მოწმე ყოფილიყვნენ და დასთანხმებულიყვნენ  უკანონო ისტრუქციების მიცემას პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის და ეს არ არის ის დასავლურ დემოკრატიული სტანდარტი, რომლისკენაც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები თავად მოუწოდებენ. 

“ბუნებრივია, არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს ელჩი არ გახდება და ვერ გახდება იმ შეთანხმების ნაწილი, სადაც პოლიტიკური პარტიები თეორიულად თანხმდებიან, რომ დავალებას მისცემენ სასამართლოს ან პროკურატურას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს და იმ ღირებულებებს, რომლის დასაცავად ეს ელჩები არიან საქართველოში ჩამოსული. მით უმეტეს, ელჩები ასეთი შეთანხმების ნაწილი ვერ გახდებოდნენ”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.

აბსურდულს უწოდებს ამ არგუმენტს გიგა ბოკერია, ამბობს რა, რომ “ქართული ოცნება” მართლმსაჯულების სისტემაში პოლიტიკურად უკვე ჩაერია და მოთხოვნა ამ ჩარევის შედეგების განეიტრალება იყო.

“აქ ხომ საწყისი წერტილია, რომ ერთ-ერთი მხარე, ჩვენ ანუ, ისევე როგორც საზოგადოების დიდი ნაწილი და საერთაშორისო მეგობრები თვლიან, რომ ჩარევა უკვე მოხდა. ეს ხალხი ციხეშია სწორედ პოლიტიკური ჩარევის შედეგად. ამიტომაც ახლა კი არ  უნდა მოხდეს ჩარევა, უნდა მოხდეს ჩარევის განეიტრალება”, – ამბობს ბოკერია. 

მეორე მხრივ, ბოკერია ამბობს, რომ არაფერი უკანონო არ არის პოლიტიკურ მოწოდებაში პრეზიდენტის მიმართ, რომ შეიწყალოს ნებისმიერი ადამიანი, რათა განმუხტოს პოლიტიკური ვითარება. 

“იანუკოვიჩიც ზუსტად ასე იძახდა, რა შუაშია პოლიტიკური მოტივი, სასამართლო დამოუკიდებელია და ვერ ჩავერევიო, როდესაც დასავლეთი იულია ტიმოშენკოს გათავისუფლებისკენ მოუწოდებდა. ეს ყველა ავტორიტარის ჩვეულებრივი რიტორიკაა”, – ამბობს ბოკერია.

საერთაშორისო პარტნიორების რეაგირება

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მოუწოდა, “ნათელი მოჰფინონ” შეთანხმების შინაარსს, კერძოდ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება. თალაკვაძის განმარტებით, ეს განცხადება იმიტომ გაკეთდა, რომ მმართველმა გუნდმა დაინახა, ოპოზიცია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუცო ცვლილებების ჩაგდებას აპირებდა.

საპასუხოდ ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ “შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს” და მხარეებს მოუწოდეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი.

მიუხედავად საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის შეფასებისა, რომ ელჩების გზავნილმა ოპოზიციას სპეკულაციის საშუალება მოუსპო, საქართველოს უცხოელმა მეგობარმა პოლიტიკოსებმა 8 მარტის შეთანხმების შესრულება სწორედ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დაუკავშირეს. ამასთან, თუ აქამდე მმართველ გუნდს პოლიტიკურად მოტივირებული საქმეებისა და ხარვეზიანი მართლმსაჯულების სისტემის გამო აკრიტიკებდნენ, ამჯერად “ვორდინგში” პირდაპირ გაჩნდა ტერმინი პოლიტიკური პატიმარი.

სენატორმა ჯიმ რიშმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ტვიტერის გვერდიდან განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისაგან ელის 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს საარჩევნო სისტემის ირგვლივ”.

ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან დემოკრატების ჯგუფიდან მიხაილ გალერი, ასევე, აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად. მისი თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

„ელჩებზეა დამოკიდებული, როგორი რეაქცია ექნებათ და როგორ მოიქცევიან მომავალში საქართველოს მთავრობისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ამტკიცებენ [რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა]. თუმცა, თუ ეს არაა სიმართლე, ჩვენ კი 8 მარტს ყველა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შეთანხმება იყო ისეთი, როგორიც იყო — თუკი ისინი ამტკიცებენ იმას, რაც სიმართლე არ არის, ეს შეიძლება დიპლომატიური სკანდალის მიზეზიც გახდეს”, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა მარკეტა გრეგოროვამ. 

ევროპარლამენტისა და DEG-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წევრი ვიოლა ფონ კრამონი მიიჩნევს, რომ „კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს “ქართულ ოცნებას” არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად”.

ევროპარლამენტის კიდევ ერთი წევრის, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე ანდრიუს კუბილიუსის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა არ შეასრულებს 8 მარტის შეთანხმების ორივე პუნქტს, ის ევროკავშირის ნდობას დაკარგავს, ეს კი პირდაპირ არის დაკავშირებული სამომავლო ფინანსურ მხარდაჭერასთან. მან საქართველოს მთავრობას მოუწოდა, არ გაყვეს იანუკოვიჩის მაგალითს.

ევროპარლამენტის წევრი “ევროპის სახალხო პარტიიდან” ანჟეი ჰალიცკი ამბობს, რომ პოლიტიკური პატიმრების ციხეში დატოვება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმების დარღვევაა.

“ქართული ოცნება” უცხოელი კრიტიკოსების ნაწილს, ტრადიციულად, “ნაციონალურ მოძრაობას” უკავშირებს. ამავდროულად, ამბობს, რომ ისინი “მარტო ხელისუფლებას კი არ მოუწოდებენ, შეასრულონ შეთანხმება, არამედ ყველა მხარეს”, რაშიც ოპოზიციის მიერ შეთანხმებისთვის იმპლემენტაციისთვის საფრთხის შექმნაც იგულისხმება. რაც შეეხება შეფასებებს პოლიტიკური პატიმრების ნაწილში, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართულ ოცნებას” ამ საკითხზე “განსხვავებული პოზიცია” აქვს და მეგობრული დისკუსიის ფარგლებში  პარტნიორებს მიეწოდება “არგუმენტები და რეალობა”.

თალაკვაძე ყურადღებას ამახვილების, რომ კონგრესმენები და ევროპარლამენტის წევრები პოლიტიკოსები არიან და პოლიტიკური შეფასებების გაკეთების  სრული  შესაძლებლობა აქვთ, სახელმწიფოების და საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალურ პოზიციას კი საელჩოები აფიქსირებენ. 

“ჩვენ უნდა შევხედოთ ფასილიტატორების და ჩვენი საელჩოების პოზიციას, რომელმაც პრაქტიკულად მიგვითითა, რომ ტექსტი წაიკითხეთ ისე, როგორც წერიაო”, – განაცხადა თალაკვაძემ.

თუმცა აშშ-ისა და ევროკავშირის საელჩოებმა 8 მარტის შეთანხმება პატიმრების საკითხს ირიბად ჯერ კიდევ 14 აპრილს დაუკავშირეს, როდესაც განაცხადეს, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის პატიმრობის მისჯა “ჩრდილს აყენებს სამართალწარმოების მიუკერძოებლობას – საკითხს, რომლის ირგვლივ არსებული შეშფოთების გაქარწყლებას ემსახურებოდა 8 მარტის ერთობლივი განცხადება”. 

მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან შეთანხმება – აშშ-ის საელჩო ოქრუაშვილის პატიმრობაზე

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

მასალების გადაბეჭდვის წესი