ახალი ამბები

ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

13 აპრილი, 2020 • 3114
ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა მოსამართლემ. ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ ოქრუაშვილის თანაპარტიელმა, გურამ ჩალაგაშვილმა დაუდასტურა, რომელიც სასამართლოში იმყოფება.

ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც ამჟამად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერია, 25 ივლისს დააკავეს — 20-21 ივნისის მოვლენებიდან ერთ თვეზე ოდნავ მეტი ხნის შემდეგ. ის ქუჩაში, ტელეკომპანია რ2-ის შენობიდან გამოსვლის შემდეგ დააკავეს.

27 ივლისს ოქრუაშვილის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მისთვის წარდგენილი ბრალდება იყო „ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“.

როგორც ოქრუაშვილის ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდება ორი ნაწილისგან შედგებოდა — ოქრუაშვილს აბრალდებნენ ძალადობის ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას.

ადვოკატის ცნობითვე, ოქრუაშვილი ხელმძღვანელობის ნაწილში გამართლდა, თუმცა მონაწილეობაში დამნაშავედ ცნო სასამართლომ.

ოქრუაშვილი ბრალდებას უარყოფს. ოპოზიცია ოქრუაშვილის პატიმრობას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. „ვთვლით, რომ არც მისი დაკავების დროს და არც ახლა კანონი არაფერ შუაში არ იყო“, – განაცხადა ადვოკატმა.

დაცვის მხარე აპირებს, განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.

პოლიტპატიმრები გარეთ ან არავითარი შეთანხმება – დეკანოიძე ოქრუაშვილის განაჩენზე


19 ნოემბერს პროკურატურამ ირაკლი ოქრუაშვილს, ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ბრალი წაუყენა ბუტა (ამირან) რობაქიძის საქმეზე, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. ოქრუაშვილს ამ საქმეზეც შეუფარდეს პატიმრობა. სასამართლოს ამ საქმეზე საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოუტანია.


ივლისში, დაკავებამდე, ირაკლი ოქრუაშვილი უცხოეთში იმყოფებოდა, დაბრუნების შემდეგ კი განაცხადა, რომ „რუსთავი 2“, სინამდივლეში, მას ეკუთვნის.

ოქრუაშვილის მტკიცებით, მას აქვს დოკუმენტი, სადაც ქიბარ ხალვაში — სტრასბურგის სასამართლსო გადაწყვეტილების შემდეგ არხის მფლობელი — ხელმოწერით ადასტურებს, რომ თვითონ ნომინალური პირი იყო და ტელევიზია ვარდების რევოლუციის დროს რეალურად ოქრუაშვილმა იყიდა.

ქიბარ ხალვაში დოკუმენტს ყალბს უწოდებს.

ამავე პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, რომ 2014-დან 2016 წლამდე პროკურატურაში საკუთარი დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის, ადეიშვილის და მიხეილ სააკაშვილის საქმეებზე მის მიერ მიცემული ჩვენებების ნაწილი ობიექტური იყო, ნაწილი კი – ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნით ნათქვამი.

მასალების გადაბეჭდვის წესი