ახალი ამბები

შეთანხმება შესრულებული არ არის, ოქრუაშვილი უნდა გათავისუფლდეს – ბოკერია

13 აპრილი, 2020 •
შეთანხმება შესრულებული არ არის, ოქრუაშვილი უნდა გათავისუფლდეს – ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ირაკლი ოქრუაშვილისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯის ფონზე აცხადებს, რომ ხელისუფლება ამ დროისთვის არ ასრულებს ოპოზიციასთან მიღწეულ შეთანხმებას.

თუმცა, მისი თქმითვე, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ აქვს ყველანაირი ბერკეტი იმისთვის, რომ ის გაათავისუფლონ მანამ, სანამ პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებზე პირველი კენჭისყრა გაიმართება.

13 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს, რომელიც ამჟამად პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერია, 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

„ირაკლი ოქრუაშვილი იყო და არის პოლიტიკური პატიმარი“, — ასე გამოეხმაურა გიგა ბოკერია ოქრუაშვილის სასჯელს ტვ პირველის ეთერში.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორ კომპონენტს მოიცავდა: „საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას და ყველა პოლიტპატიმრის გამოშვებას, ვინც გავრილოვის ღამეს და შემდეგი რეპრესიებისას იქნა დაპატიმრებული“.

„ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დღემდე არიან ციხეში. ასე რომ, შეთანხმება ახლა შესრულებული არ არის“, – თქვა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა.

გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლება არის შეთანხმების პირობების აუცილებელი ნაწილი, რომლის შეუსრულებლობის შემთხვევაშიც პოლიტიკური პროცესების ნორმალიზაცია არ მოხდება და „ამ შემთხვევაში ივანიშვილი და მისი გუნდი, გარემოცვა, პოლიტიკურ მარცხთან ერთად,  დიდ ფასს გადაიხდის“.

ბოკერიას თანახმად, „ქართულ ოცნებას“ აქვს ინსტრუმენტები, რომ ირაკლი ოქრუაშვილი საარჩევნო სისტემაზე პარლამენტის პირველ კენჭისყრამდე გათავისუფლდეს:

„ირაკლი ოქრუაშვილი უნდა გათავისუფლდეს. ამ სამარცხვინო გადაწყვეტილების მიუხედავად, ყველა ინსტრუმენტი აქვს ივანიშვილს და მის გარემოცვას, რომ ის თავისუფალი იყოს მანამ, სანამ იქნება საარჩევნო სისტემაზე პირველი კენჭისყრა“.

„მესმის, რომ ამ უზარმაზარი საფრთხის, კორონავირუსის პანდემიის გამო მოვლენების რიტმი შეიცვალა, მაგრამ [შეთანხმების მიმართულებით] არსებითად არაფერი შეცვლილა — ან ირაკლი ოქრუაშვილი იქნება თავისუფალი და პოლიტიკური შეთანხმება შესრულდება, ან არ იქნება ნორმალიზაცია და იქნება მძიმე შედეგები ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის“.


ირაკლი ოქრუაშვილი, გიგი უგულავა, გიორგი რურუა და ბესიკ თამლიანი – ეს არის ჩამონათვალი იმ ადამიანებისა, რომელთა პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც, ოპოზიციის მტკიცებით, ხელისუფლებასთან მარტის დასაწყისში შეთანხმება შედგა.

თუმცა ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში არავის გათავისუფლების ან დაპატიმრების საკითხზე არ შეთანხმებულან.

თამლიანი წინასწარი პატიმრობიდან 23 მარტს გაათავისუფლეს. დანარჩენები პატიმრობაში რჩებიან.


ნახეთ ასევე:

პოლიტპატიმრები გარეთ ან არავითარი შეთანხმება – დეკანოიძე ოქრუაშვილის განაჩენზე

საქართველოს პარლამენტში 85 დეპუტატის მიერ ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმადაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 1%-იანი ბარიერის პირობებში, ხოლო პროპორციული და მაჟორიტარული მანდატები 120/30-ზე თანაფარდობით გადანაწილდება.

პოლიტპატიმრები გარეთ ან არავითარი შეთანხმება – დეკანოიძე ოქრუაშვილის განაჩენზე

მასალების გადაბეჭდვის წესი