ახალი ამბებისაზოგადოება

საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მეორედ ჩაგდების საფრთხის წინაშე?

12 მაისი, 2020 • 2694
საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე მეორედ ჩაგდების საფრთხის წინაშე?

ემუქრება თუ არა უკვე მეორედ ჩაგდება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს იმ ფონზე, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო” 8 მარტის შეთანხმების შესრულების წინაპირობად პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას აყენებენ, ხელისუფლება კი აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და ელჩების შუამავლობით გამართულ მოლაპარაკებებზე არავის გათავისუფლების პირობა არ დაუდიათ?


საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედის, ე.ი. 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტში 149 დეპუტატი ირიცხება, აქედან 93 წევრი – “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობაში. მაშასადამე, დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად “ქართულ ოცნების” ხმების გარდა დამატებით 20 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” აცხადებს, რომ 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულების გარეშე, რაც “ითვალისწინებს როგორც პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, ასევე, პოლიტიკური დევნის შეწყვეტას”, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკონსტიტუცო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს.

“ევროპული საქართველოში” აცხადებენ, რომ საარჩევნო სისტემა 120/30 თანაფარდობით არის კომპრომისული ვარიანტი, რომელსაც პარტია მხოლოდ პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების გამო დათანხმდა და ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, “ოცნების” უფრო მწარედ დასამარცხებლად სჯობს, არჩევნები დღეს არსებული 77/73-ზე სისტემით ჩატარდეს.

“120/30-ზე თანაფარდობა არ მიგვაჩნია სისტემურ ცვლილებად, მაგრამ დავთანხმდით სწორედ პოლიტპატიმრების ნაწილის გამო, კომპრომისული ვარიანტი იყო. რატომ უნდა წავიდე კომპრომისულ ვარიანტზე, თუ კომპრომისის საფუძველი არ იქნება შესრულებული?! ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ამ სისტემისთვის არცთუ ისე მნიშვნელოვან ცვლილებას”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დეპუტატმა აკაკი ბობოხიძემ.

მისი თქმით, თუ იქნებოდა 130/20-ზე თანაფარდობა, ასეთ შემთხვევაში, ოპოზიცია იზრუნებდა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე, მაგრამ “არ მიაბამდა” ამ საკითხს საარჩევნო სისტემის ცვლილებას, ვინაიდან 130/20-ზე უკვე პრაქტიკულად სისტემური ცვლილებაა.

“თუ სისტემური ცვლილება არ არის, ჩემთვის 77/73-ზე და 120/30-ზე პრაქტიკულად ერთი და იგივე სისტემაა. თუ ჩააგდებს [ხელისუფლება], ჩააგდოს. ოპოზიციაზე პასუხისმგებლობას ვერ გადმოიტანს, იმიტომ, რომ ხმის მიცემის გადაწყვეტილება ეფუძნებოდა პირველი ნაწილის შესრულებას (პატიმრების გათავისუფლებას). თუ ხელისუფლება მარცხდება, დამარცდხება 120/30-ის პირობებში და კიდევ უფრო მწარედ დამარცხდება 77/73-ის პირობებში, იმიტომ, რომ ეს არის სისტემა, სადაც დამარცხებული მწარედ მარცხდება, ხოლო გამარჯვებულს იმაზე მეტი ხვდება, ვიდრე მას ეკუთვნის. თუ ჩვენ ვიმარჯვებთ, 77/73-ში იმაზე მეტი შეგვხვდება, ვიდრე გვეკუთვნის”. როცა “ოცნების” დამარცხება/არდამარცხებაზეა მხოლოდ საუბარი, ამ შემთხვევაში გარწმუნებთ, რომ 120/30-ს 77/73 ჯობია. ოღონდ თუ სისტემური ცვლილება იქნება და ქვეყანა ნორმალურ საარჩევნო რეჟიმს დაუახლოვდება, მაშინ ამისთვის, ბუნებრივია, ღირს ნაბიჯის გადადგმა”, – განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობა აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი სრულად დაუჭერს მხარს იმ სისტემას, რომელიც შეთანხმდა მხარეებს შორის და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

“ჩვენ შეგვიძლია გარანტირებულად ვილაპარაკოთ, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო გუნდი მხარს დაუჭერს პროექტს და იმის იქით, ოპოზიციიდან ვინ მხარს დაუჭერს და ვინ არა, გამოჩნდება. თუ ისინი ჩააგდებენ პროექტს და მათი მხარდაჭერის არარსებობის პირობებში ჩავარდება, ყველა დაინახავს, ვის გამო ჩავარდა ეს პროექტი და ვისი სპეკულაციების ფონზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ენმ-ისა და “ევროპული საქართველოს” ფრაქციების გარდა, პარლამენტში ორი ოპოზიციური ფრაქციაა: “დამოუკიდებელი დეპუტატები” 6 წევრით და ” პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები” 7 წევრით. ორივე მათგანში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებების სასარგებლოდ მისცემენ ხმას.

თეორიულად თუ ჩავთვლით, რომ “ქართული ოცნება”, “პატრიოტთა ალიანსი” და “დამოუკიდებელი დეპუტატები” კენჭისყრის დღეს სრული შემადგენლობით იქნებიან მობილიზებულნი და 106 ხმას შეაგროვებენ, საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად დამატებით უფრაქციო, დამოუკიდებელი დეპუტატების 7 ხმა იქნება საჭირო. პარლამენტში ამჟამად 17 დეპუტატია (გიორგი ბეგაძე, ეკა ბესელია, გიგა ბუკია, ბიძინა გეგიძე, ნინო გოგუაძე, ალექსანდრე ერქვანია, გიორგი მოსიძე, ბექა ნაცვლიშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ირინე ფრუიძე, თამარ ჩუგოშვილი, ნატო ჩხეიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური, დავით ჭიჭინაძე, თამარ ხულორდავა და ზაზა ხუციშვილი), რომელიც არცერთ ფრაქციაში არ არის გაერთიანებული და მათი უმრავლესობა უფრო მეტად პროპორციული საარჩევნო სისტემის მომხრეა. შესაბამისად, ამ სცენარით საკონსტიტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმები იმ შემთხვევაშიც მიიღწევა, თუ ენმ და ევროპული საქართველო კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებენ.

საქართველოს პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის აზრით, საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საჭირო ხმები შესაძლებელია მოგროვდეს “ნაციონალური მოძრაობის” და “ევროპული საქართველოს” გარეშეც, “ქართული ოცნების” წევრი 93 და სხვა დეპუტატებისგან, რომელთა უმრავლესობამ საჯაროდ არაერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერენ საკონსტიტუციო ცვლილებებს.

“მე მგონია, მთლიანობაში, დღევანდელი წამოჭრილი დისკუსია არის ქარიშხალი ჭიქაში. როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, ცდილობს, ერთმანეთს წაუყენოს ბრალდებები. შესაძლოა, არცერთი მათგანი არ არის მოსურნე, რომ ეს ცვლილებები იქნას მიღებული”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ხულორდავა “ქართულ ოცნებას” მოუწოდებს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში შეიტანოს და ხმა მისცეს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.

“ქართული ოცნების სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპოზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონავირუსით დაჩრდილავენ. პირობის მეორედ არშესრულება არის ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის და არა განვითარების გზა. და ეს სულაც არ მახარებს”, – აცხადებს ხულორდავა.

დაახლოებით მსგავსი პოზიცია აქვს კიდევ ერთ დამოუკიდებელ დეპუტატ თამარ ჩუგოშვილს, რომელიც ხულორდავას მსგავსად ასევე უჭერს მხარს საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

“დღეს უკვე გამოჩნდა, რომ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებები რეალური საფრთხის წინაშეა. ორივე მხარე ცდილობს, ჩაგდების პასუხისმგებლობა ერთმანეთს გადააბრალოს. მინდა ვუთხრა საქართველოს ხელისუფლებას, თუ ეს ცვლილებები ჩავარდება, თქვენ ვერ შეძლებთ პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალებას, როგორც ეს ვერ შეძელით პირველ ჯერზე, ნოემბერში, როდესაც პირველად ჩავარდა საკონსტიტუციო რეფორმა. შეთანხმების დარღვევა და ცვლილებების მორიგ ჯერზე ჩაგდება ამჯერად უფრო დიდი ზიანის მომტანი იქნება”, – ამბობს ჩუგოშვილი.

პოლიტოლოგ გია ნოდიას შეფასებით, “თუკი იყო შეთანხმება, რომელიც შედგებოდა ორი ნაწილისგან და ერთ ნაწილს “ქართული ოცნება” არ ასრულებს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ მმართველ გუნდს დაეკისრება.

“სხვა ამბავია მიზანშეწონილობის საკითხი, ამისდა მიუხედავად, უნდა დაეთანხმოს თუ არა ოპოზიცია, რომ გავიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები უშუალოდ საარჩევნო სისტემის გარშემო. ეს პოლიტიკური ბრძოლის და მოლაპარაკების საკითხია, მაგრამ ჯამში, მე ვთვლი, რომ მაინც მიზანშეწონილია, ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” გია ნოდიამ.

ნოდიას აზრით, პატიმრების გათავისუფლების გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის ახსნა ენმ-ისა და “ევროპული საქართველოს” ამომრჩევლისთვის პრობლემა იქნება, თუმცა ასეთი გადაწყვეტილების სასარგებლოდ საკმაოდ ძლიერია არგუმენტი – საარჩევნო სისტემის შეცვლა სერიოზულად ზრდის არჩევნებში “ქართული ოცნების” დამარცხების შანსს.

მას შემდეგ, რაც მმართველმა გუნდმა 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების განსამუხტად მის მიერვე დაპირებული, სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივა ჩააგდო, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ელჩების შუამავლობით, მოლაპარაკებების რამდენიმე რაუნდი გაიმართა. 2020 წლის 8 მარტს დიალოგი საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში და ამ კონტექსტში აღნიშნულია პრეზიდენტის წინადადება, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით.

ოპოზიციის მტკიცებით, ეს განცხადება სწორედ მათ მიერ პოლიტიკურ პატიმრებად მიჩნეული პირების გათავისუფლების კონტექსტში მიიღეს და დახურულ მოლაპარაკებებზე დასახელდა კონკრეტული პირები (გიგი უგულავა, ბესიკ თამლიანი, გიორგი რურუა და ირაკლი ოქრუაშვილი), რომელთა პატიმრობიდან გათავისუფლებაზეც შეთანხმება შედგა. ხელისუფლება აცხადებს, რომ ოპოზიციასთან დიალოგის ფარგლებში არავის გათავისუფლების ან დაპატიმრების საკითხზე არ შეთანხმებულან.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ხელი არ მოაწერა შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც მართლმსაჯულების საკითხებს ეხებოდა.

ირაკლი ოქრუაშვილისთვის ხუთწლიანი პატიმრობის მისჯის საკითხზე აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოებმა განცხადება გაავრცელეს, რომლითაც მხარეებს მოუწოდეს, 8 მარტის შეთანხმება დაიცვან.

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მოუწოდა, “ნათელი მოჰფინონ” შეთანხმების შინაარსს, კერძოდ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

საპასუხოდ ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ “შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს” და მხარეებს მოუწოდეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი.

სენატორმა ჯიმ რიშმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით, განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისაგან ელის 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს საარჩევნო სისტემის ირგვლივ”.

 

რა წერია საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში?

 

მასალების გადაბეჭდვის წესი