ახალი ამბები

“მესმის, რომ ყველა ნერვიულობს ამ საკითხზე, მათ შორის თამარ ჩუგოშვილიც” – თალაკვაძე ყოფილ თანაგუნდელს პასუხობს

12 მაისი, 2020 • 1486
“მესმის, რომ ყველა ნერვიულობს ამ საკითხზე, მათ შორის თამარ ჩუგოშვილიც” – თალაკვაძე ყოფილ თანაგუნდელს პასუხობს

“მესმის, რომ ყველა ნერვიულობს ამ საკითხზე, მათ შორის თამარ ჩუგოშვილიც, მაგრამ მე გარწმუნებთ, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არცერთ შეხვედრაზე ჩვენგან მას ასეთი პირობა არ მოუსმენია”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების კომენტირებისას.

თამარ ჩუგოშვილი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ამბობს, რომ 8 მარტის შეთანხმება, საკონტიტუციო ცვლილებების გარდა, გულისხმობდა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე გარკვეული რეაგირების აუცილებლობას.

“მე ამ შეხვედრებში ვმონაწილეობდი, როგორც საარჩევნო სისტემით დაინტერესებული დეპუტატი და, შესაბამისად, ვიყავი მოწმე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებზე მსჯელობისა და შეთანხმების”, – თქვა თამარ ჩუგოშვილმა.

არჩილ თალაკვაძე კი რუსთავი 2-ის ეთერში დღეს ამბობს, რომ არც ფორმალურ დიალოგზე და არც დახურულ შეხვედრაზე ჩუგოშვილს მათგან ასეთი პირობა არ მოუსმენია. თუმცა, თალაკვაძის თქმით, ოპოზიცია, განსაკუთრებით კი მისი “რადიკალური ნაწილი”, ყველა შეხვედრაზე აყენებდა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების საკითხს.

“მაგრამ ოთხივე შემთხვევაში ჩვენგან მიიღეს მკაფიო პასუხი, რომ გათავისუფლება ვერ იქნებოდა შეთანხმების ნაწილი”, – ამბობს თალაკვაძე.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშვნელობაზე. ამასთან, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ შეთანხმება შედგა გიგი უგულავას, გიორგი რურუასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებაზე.

მას შემდეგ, რაც 13 აპრილს ირაკლი ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, განცხადება გაავრცელეს როგორც აშშ-ის საელჩომ საქართველოში, ისე ევროკავშირის ელჩმა. პირველი მათგანი ყველა მხარეს შეთანხმების დაცვისაკენ მოუწოდებდა, ევროკავშირის ელჩი კი აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მოვლენები “შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში”.

არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ  “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა, მისი თქმითვე, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი უტიფრად სპეკულირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება“.

მასალების გადაბეჭდვის წესი