ახალი ამბები

პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია – ევროპარლამენტარი

13 მაისი, 2020 • 1597
პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი ევროპის სახალხო პარტია/ქრისტიან დემოკრატების ჯგუფიდან მიხაილ გალერი აცხადებს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან, რაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად.

“ისინი ნიადაგს სინჯავენ, აგრძელებენ თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოლოდინს. კი, აგრძელებენ. ეს აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად”, – წერს გალერი Twitter-ში.

ევროპარლამენტარის თქმით, ყველა მხარემ უნდა დაიცვას 8 მარტის შეთანხმების ტექსტი და სულისკვეთება.

“ეს არის ივანიშვილის და “ქართული ოცნების” ნამდვილი განზრახვების ლაკმუსის ტესტი”, – აცხადებს გალერი.


პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე მოლაპარაკებების ფასილიტატორ ელჩებს მოუწოდა, “ნათელი მოჰფინონ” შეთანხმების შინაარსს, კერძოდ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ხელისუფლებას არ აუღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება.

საპასუხოდ ელჩებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნეს, რომ “შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს” და მხარეებს მოუწოდეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი.

სენატორმა ჯიმ რიშმა, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სახელით, განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიებისაგან ელის 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, “პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს საარჩევნო სისტემის ირგვლივ”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი