ახალი ამბები

თალაკვაძე ელჩებს სთხოვს, “ნათელი მოჰფინონ” 8 მარტის შეთანხმებას

11 მაისი, 2020 • 1890
თალაკვაძე ელჩებს სთხოვს, “ნათელი მოჰფინონ” 8 მარტის შეთანხმებას

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის თქმით, “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.

“ნაციონალური მოძრაობა, მისი დანაყოფები და პრორუსული დანაყოფები შეთანხმებაზე მითითებით საჯაროდ ითხოვენ, მმართველმა პარტიამ სამ დამოუკიდებელ კონსტიტუციურ ინსტიტუტს – პრეზიდენტს, სასამართლოს და პროკურატურას – მისცეს დავალება, პატიმრობიდან გაათავისუფლოს მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებული და ბრალდებული 3 პირი. ამგვარი სიცრუე და სპეკულაცია არის სახელმწიფო ინსტიტუტების შეურაცხყოფა”, – განაცხადა თალაკვაძემ “ქართული ოცნების” ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას საკითხი ოპოზიციის ნაწილის მხრიდან ოთხივე მოლაპარაკების დროს გახმიანდა, ოთხივე შემთხვევაში მკაფიო პასუხი მიიღეს, რომ აღნიშნული პატიმრების გათავისუფლება ვერავითარი ფორმით ვერ გახდებოდა პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების საგანი.

თალაკვაძის თქმით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი უტიფრად სპეკულირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება.

“საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება, თუ ასეთი მოხდება, მხოლოდ და მხოლოდ რადიკალური ოპოზიციის პასუხისმგებლობა იქნება”, – დასძინა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ისაუბრა ოპოზიციის მიერ საგარეო მხარდაჭერის მობილიზების მცდელობაზე და ამ კონტექსტში გაიხსენა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილი, რომელმაც, თალაკვაძის თქმით, მმართველ პარტიას სასამართლოს საქმეებში ჩარევა “ყოველგვარი მორიდების გარეშე მოსთხოვა”.

“სამწუხაროდ, ამგვარი დამოკიდებულება შეურაცხყოფს იმ მაღალ მხარდაჭერას, რომლითაც ქართული საზოგადოება დასავლური ინტეგრაციის მიმართ გამოირჩევა. რადიკალური ოპოზიცია სარგებლობს იმით, რომ შეთანხმებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები არ იყო საჯარო, აგრეთვე იმით, რომ დიპლომატიური წესები ელჩებისგან დახურული შეხვედრების შინაარსის გასაჯაროებისგან მაქსიმალურ თავშეკავებას მოითხოვს. ამ სპეკულაციებით დაიღალა საზოგადოება და დაიღალნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები”, – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ შესაძლოა, საფრთხის ქვეშ დადგეს 8 მარტის შეთანხმება რადიკალური ოპოზიციის გამო.

“შესაბამისად, ყოველგვარი სპეკულაციების დასასრულებლად და შეთანხმების უზრუნველსაყოფად, ვთხოვთ მოლაპარაკების ფასილიტატორ ელჩებს, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს, კერძოდ, ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ხელმოწერილი შეთანხმებით ჩვენ არ აგვიღია პრეზიდენტისთვის, სასამართლოსა და პროკურატურისთვის უკანონო დავალებების მიცემის და უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება. ასევე, ვთხოვთ მათ, ობიექტურად შეაფასონ თითოეული ხელმომწერის როლი ამ შეთანხმების შესრულების პროცესში”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ელჩების შუამავლობით გამართული დიალოგი 8 მარტს საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებით დასრულდა. მხარეებმა მიიღეს მემორანდუმი, რომლის თანახმადაც საქართველოს პარლამენტი პროპორციული წესით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან შედგება.

საარჩევნო სისტემაზე მემორანდუმის გარდა, მხარეებმა მიიღეს ერთობლივი განცხადება მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვის მნიშნელობაზე.

“მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნას, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნას აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამ თემაზე:

არავის გათავისუფლებაზე შეთანხმება არ ყოფილა – თალაკვაძე

უგულავას, ოქრუაშვილის და რურუას საქმეები 8 მარტის შეთანხმებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს – კუბილიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი