ახალი ამბები

გერმანელი ევროპარლამენტარი: გატეხილი დაპირება „ოცნებას“ საბოლოოდ აქცევს არასაიმედო პარტნიორად

13 მაისი, 2020 • 1634
გერმანელი ევროპარლამენტარი: გატეხილი დაპირება „ოცნებას“ საბოლოოდ აქცევს არასაიმედო პარტნიორად

ევროპარლამენტისა და DEG“-ის (დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფი) წამყვანი წევრი ვიოლა ფონ კრამონი მმართველი პარტიისა და ოპოზიციის 8 მარტის შეთანხმების ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

ოფიციალურ საიტზე განთავსებულ კომენტარში ფონ კრამონი აცხადებს, რომ „რამდენადაც საქებარია საქართველოს მთავრობის პასუხი კორონაკრიზისზე, იმდენადვე სამწუხაროა ქართული ოცნების მცდელობა გამოიყენოს პანდემია იარაღად და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მარტში მიღწეული შეთანხმება. კიდევ ერთი გატეხილი დაპირება საბოლოოდ აქცევს ქართულ ოცნებას არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად”.

ასევე, ფონ კრამონის მოსაზრებით, სასამართლო სისტემა საქართველოში პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი არ არის: „უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სავარაუდო კანონდარღვევები გამოძიებული და შესწავლილი იქნას დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის მიერ. სამწუხაროდ, Freedom House-ის უახლესმა ანგარიშმაც დაადასტურა, რომ სასამართლო სისტემა საქართველოში არ არის პოლიტიკური მოტივაციებისგან თავისუფალი“.

გარდა ამისა, ფონ კრამონი დაუშვებელს და ცუდ ტონს უწოდებს ფასილიტატორი დიპლომატების შიდაპოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობას: „დაუშვებელია და უბრალოდ ცუდი ტონია ქართული ოცნების მიერ ფასილიტატორი დიპლომატების შიდაპოლიტიკურ კონფრონტაციაში ჩათრევის მცდელობა. დიპლომატებმა, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, გასწიეს უდიდესი სამსახური, იშუამდგომლეს რა მხარეებს შორის 8 მარტის შეთანხმების მისაღწევად“.

თავისი კომენტარის ბოლოს ფონ კრამონი ამბობს, რომ ევროკავშირი თვალს ვერ დახუჭავს საარჩევნო რეფორმისა და კანონის უზენაესობის საკითხებში უკან გადადგმულ ნაბიჯებზე: „ბოლოს, ორივე პოლიტიკურ მხარეს, განსაკუთრებით მეტი ძალაუფლების მქონეს, უნდა ახსოვდეს, რომ საარჩევნო რეფორმა და კანონის უზენაესობა უმნიშვნელოვანესი საფეხურია უფრო დემოკრატიული, უფრო ევროპული საქართველოსთვის. ევროკავშირს არ შეუძლია და თვალს ვერ დახუჭავს ამ ორ სფეროში უკან დახეულ ნაბიჯებზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი