ადვოკატის ცნობით, დააკავეს საქართველოში მყოფი უნგრელი ჟურნალისტი ლასლო რობერტ მეზეში. „ნეტგაზეთს“ თორნიკე ჯანელიძე ეუბნება, რომ იგი მიგრაციის დეპარტამენტში გადაჰყავთ, სადაც თვითონაც მიდის და დამატებითი დეტალები ამის შემდეგ გახდება ცნობილი.
ადვოკატი ვარაუდობს, რომ მიზეზი შესაძლოა იყოს საზღვრის კვეთის წესის დარღვევა.
უფლებადამცველ მარიკა არევაძის ინფორმაციით, როცა ჟურნალისტს ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის ვადა ეწურებოდა, იურიდიული დახმარებისთვის მას მიმართა, მან შეიტანა განაცხადი ვადის გაგრძელებაზე და ამ მომენტში საკითხს სასამართლო განიხილავს.
„ნეტგაზეთს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ჟურნალისტი საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე იმყოფება:
“აღნიშნული პიროვნება საქართველოში იმყოფება კანონიერი საფუძვლის გარეშე და დარღვეული აქვს ქვეყანაში ყოფნის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე მიმდინარეობს პირის დაკავების პროცედურა “უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” კანონის 64-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე”.
ფოტო: Beso Schönhardt
