„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველობითი საბჭოს ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი იქნება.

გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე მიიღეს, რომელიც დღეს, 5 აგვისტოს, გაიმართა.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, მმართველობითი საბჭოს კომპეტენციაში შედის ის უფლებამოსილებები, რაც წინა წესდებით  პარტიის თავმჯდომარეს და გენერალურ მდივანს ჰქონდათ. მისი თქმით, ახლა  ეს კომპეტენციები გაერთიანდა.

„გაუქმდა პარტიის თავმჯდომარის, გენერალური მდივნის და სხვა თანამდებობები და შეიქმნა კოლეგიალური მმართველობის ორგანო მმართველი საბჭოს სახით. მმართველი საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრა არაუმეტეს 9 წევრისა.

თუმცა თინა ბოკუჩავამ უარი განაცხადა მმართველი საბჭოს საქმიანობაში მონაწილეობის მიღებაზე და დარჩა პოლიტსაბჭოს რიგით წევრად. ამ ეტაპზე მმართველი საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრული არის 8 წევრით. ესენი არიან: პეტრე ცისკარიშვილი, ირაკლი ფავლენიშვილი, ანი წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი და ლევან ბეჟაშვილი“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით,  ის ჯერ პარტიის წევრი არ არის და არც პარტიის მმართველობით ორგანოებში იღებს მონაწილეობას.

„კონცეფცია იმაში მდგომარეობს, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას რეფორმების საბჭო, სადაც პარტიული შემადგენლობით ექსპერტები, გულშემატკივრები მიიღებენ მონაწილეობას რეფორმების საბჭოს მონაწილეობაში“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

როგორც ყრილობის შემდეგ თინა ბოკუჩავამ განაცხადა, თუ ვინმემ მისი 14-წლიანი ბრძოლით ვერ დაინახა, რომ მისთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს, დღევანდელი დღე ამის ნათელი მაგალითია.

„დღევანდელ ყრილობაზე შევძელი, რომ კიდევ ერთხელ გამომეხატა მადლიერება და პატივისცემა დამედასტურებინა იმ ასობით დელეგატისთვის, რომელიც წარმოადგენს ჩვენს უამრავ მხარდამჭერს, იმისთვის, რომ მე მქონდა მათი ნდობა 2 წლის განმავლობაში.

მიმაჩნია, რომ მე პარტია ჩავიბარე საკმაოდ რთულ პერიოდში. ეს პასუხისმგებლობა ავიღე პარტიისთვის მძიმე პერიოდში და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ბოლომდე მივიყვანე. ძალიან მინდა, რომ წარმატება ვუსურვო იმ ადამიანებს, ვინც დღეს აიღეს პასუხისმგებლობები.

თუ 14 წელი ჩემი ბრძოლით ზოგზოგიერთმა ვერ დაინახა, რომ ჩემთვის არანაირ თანამდებობას მნიშვნელობა არ ჰქონია, იმედი მაქვს, რომ დღევანდელი დღე ამის ცხადი მაგალითი იყო. ბრძოლას მთავარია ჰქონდეს სიმართლე, შენი შემართება, პრინციპები და ღირსება და ყოველთვის გესმოდეს, რომ ძალიან დიდი რამ დევს სასწორზე. ყოველთვის ეს მთავარი რამ მამოძრავებდა ამ 14 წლის მანძილზე და ასე იქნება ხვალაც და ზეგაც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ „ტვ პირველთან“.

თინა ბოკუჩავას პარტიის წესდებით განსაზღვრული 2-წლიანი უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 8 ივლისს ამოეწურა. 30 ივლისს გამართულ პოლიტსაბჭოს სხდომას, რომელიც ყრილობას წინ უსწრებდა, თინა ბოკუჩავა არ დასწრებია იმ მიზეზით, რომ ოჯახთან ერთად აჭარაში იმყოფებოდა. მისი თქმით, აღნიშნული წინასწარ ცნობილი იყო პოლიტსაბჭოს სხდომის ორგანიზატორებისთვისაც.

ამის შემდეგ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ 30 ივლისს გამართული პოლიტსაბჭოს სხდომა უფლებამოსილი არ იყო, ვინაიდან კვორუმი არ არსებობდა.

პარტიის გენერალური მდივანი და სხვა წევრები კი აცხადებენ, რომ პოლიტსაბჭოს სხდომა პროცედურების დაცვით ჩატარდა. თინა ბოკუჩავა ამბობდა, რომ 5 აგვისტოს ყრილობას იმ შემთხვევაში დაესწრებოდა, თუ არსებული კითხვები მოიხსნებოდა.