ახალი ამბები

შეიძლება დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდეს — გრეგოროვა თალაკვაძის განცხადებაზე

13 მაისი, 2020 • 1382
შეიძლება დიპლომატიური სკანდალის მიზეზი გახდეს — გრეგოროვა თალაკვაძის განცხადებაზე

ევროპარლამენტის წევრმა მარკეტა გრეგოროვამ შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადება, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლება 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.

პროექტ „Пограничная ZONA“-ში (ქართ. სასაზღვრო ზონა) საუბრისას გრეგოროვამ აღნიშნა, რომ თუ მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება, ეს შეიძლება დიპლომატიური სკანდალის მიზეზიც კი გახდეს.

„ელჩებზეა დამოკიდებული, როგორი რეაქცია ექნებათ და როგორ მოიქცევიან მომავალში საქართველოს მთავრობისა და ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც ამტკიცებენ [რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ იყო]. თუმცა, თუ ეს არაა სიმართლე, ჩვენ კი 8 მარტს ყველა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ შეთანხმება იყო ისეთი, როგორიც იყო — თუკი ისინი ამტკიცებენ იმას, რაც სიმართლე არ არის, ეს შეიძლება დიპლომატიური სკანდალის მიზეზიც გახდეს.

რა თქმა უნდა, ეს ყოველთვის დიპლომატიურ დონეზე დარჩება და მედიაში ამაზე ინფორმაცია არ გავრცელდება, მაგრამ შიგნით, პოლიტიკურად, ეს უზარმაზარი პრობლემა იქნება — როდესაც არ შეგიძლია ენდო შენს პარტნიორებს, როგორ უნდა ითანამშრომლო და იმუშაო მათთან?“ — განაცხადა მან.


აქამდე, გრეგოროვამ „ნეტგაზეთისთვის“ გამოგზავნილ შეფასებაში შეთანხმების ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს „იმედგამაცრუებელი“ უწოდა. აგრეთვე, ის იყო ერთ-ერთი იმ 46 ევროპარლამენტარისგან, ვინც პრემიერ-მინისტრ გახარიას მარტის დასაწყისში კრიტიკული წერილი გამოუგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი