ახალი ამბები

ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

14 აპრილი, 2020 • 1689
ოქრუაშვილის საქმის გარემოებები მიუკერძოებლობაზე კითხვებს აღძრავს – ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, “ირაკლი ოქრუაშვილის საქმის გარემოებები ხელს არ უწყობს ნდობის მშენებლობას იმ ისტორიული პოლიტიკური შეთანხმების გარშემო, რომელსაც ყველა ძირითადმა პოლიტიკურმა პარტიამ მიაღწია 8 მარტს და აღძრავს კითხვებს 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდგომი ქმედებების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით”.

ეს კომენტარი ჰარცელმა დღეს, 14 აპრილს ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

“გუშინდელი მოვლენები შეიცავს პოლიტიკური პოლარიზაციის კვლავ გაზრდის რისკს შეთანხმების განხორციელების გადამწყვეტ მომენტში. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, 8 მარტის შეთანხმების ერთგული დარჩეს”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს 20 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

2020 წლის 8 მარტს ოპოზიცია და ხელისუფლება შეთანხმდა საარჩევნო სისტემაზე, ასევე, მიიღო განცხადება მართლმსაჯულებაზეც:

”ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული. მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია შეთანხმებაში.

ოქრუაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

მასალების გადაბეჭდვის წესი