ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს, რომელშიც ეხმაურება პროკურორების მასთან „გასაუბრების“ მიზნის შეგზავნას.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე პროკურატურას გამოძიება უნდა დაეწყო, მაგრამ ამაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ 16 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და მისი ადვოკატის საჯარო განცხადებების გამო ღარიბაშვილის უფლებების რღვევის შესახებ გამოძიება არ დაიწყებოდა, ვინაიდან მათ განცხადებებში მოყვანილი გარემოებები არ შეიცავდა დანაშაულზე კონკრეტულ ინფორმაციას. უწყებაში ისიც თქვეს, რომ ღარიბაშვილს გამომძიებელი ციხეში შეხვდა, „გასაუბრების მიზნით“, თუმცა ყოფილმა პრემიერმა მასთან საუბარზე უარი განაცხადა.

„ხელისუფლების მიერ ციხეში პროკურორების „გასაუბრების“ მიზნით შემოგზავნა და გამოძიების დაწყებაზე უარის თქმა წარმოადგენს ჩემს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური, რეპრესიული და პუნქტობრივად ინსცენირებული პროცესის კიდევ ერთ კლასიკურ სამართლებრივ დასტურს. ამ გადაწყვეტილებით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ თავად არის რეპრესიული მანქანის მმართველი და ამიტომ საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოძიებას ვერ დაიწყებდა. ამავდროულად, ობიექტური გამოძიება პირდაპირ ურტყამდა და აცამტვერებდა ჩემს მიმართ წარდგენილ ბრალდებას“, — წერს ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხსნის, რატომ თქვა უარი გამომძიებელთან „გასაუბრებაზე“.

„ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ ინსტიტუციური მანიპულაცია და ფორმალური მიდგომა.

კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით, წამების ან უფლებების სერიოზული დარღვევის ფაქტზე სახელმწიფოს აკისრია გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების პოზიტიური და შეუქცევადი ვალდებულება. პროკურატურის მცდელობა, კანონით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებები და ოფიციალური გამოძიება გაურკვეველი ფორმატის „გასაუბრებით“ ჩაენაცვლებინა, სრული სამართლებრივი აბსურდია, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი „გასაუბრებას“ საპროცესო მოქმედებად არ ითვალისწინებს. მას არ აქვს იურიდიული ძალა, არ იძლევა მტკიცებულებათა მოპოვების, დოკუმენტირებისა და საქმეზე დართვის გარანტიას და ემსახურება ერთადერთ მიზანს — შექმნას ილუზია, თითქოს უწყება „ინტერესდებოდა“ ფაქტით.

სწორედ ამიტომ ციხეში პროკურორების შემოგზავნა „გასაუბრებისთვის“ ემსახურებოდა არა ჭეშმარიტების დადგენას, არამედ მანიპულაციასა და პროპაგანდისტულ მანევრს იმის სათქმელად, რომ „პროკურატურა შეეცადა ღარიბაშვილთან გასაუბრებას, მაგრამ მან უარი განაცხადა“. ეს კლასიკური პოლიტიკური პროპაგანდისტული ხაფანგია.

კერძოდ, მსხვერპლს აბრალებენ თანამშრომლობაზე უარის თქმას, რათა შემდეგ ოფიციალურად განაცხადონ, რომ „ჩვენ ვცადეთ გამოძიება, მაგრამ თავად არ ითანამშრომლა“.

ამ დროს ჩვენ უარი ვთქვით „გასაუბრებაზე“ და მოვითხოვეთ ოფიციალური გამოძიების დაწყება. ეს იმავე დღეს პროკურატურაში ოფიციალური განცხადების შეტანით დავადასტურეთ. განცხადებაში გარკვევით დავწერე, რომ მზად ვიყავი დეტალური ჩვენების მისაცემად და სათანადო მტკიცებულებების წარმოსადგენად.

პროკურატურის განცხადებაში მკაფიოდ გამოჩნდა მტკიცებულებათა შეფასების ორმაგი სტანდარტი. პროკურატურამ განაცხადა, რომ ჩემი და ადვოკატის განცხადებები „ზოგადი იყო და არ შეიცავდა დანაშაულის ნიშნებს“. ამავე დროს, თავად პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ შეკერილ ქრთამის საქმეს აფუძნებს საპროცესო გარიგებით „ნაყიდი“ ორი მოწმის (მძევლების) [ღარიბაშვილი, სავარაუდოდ, გულისხმობს ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს] აბსოლუტურად ჰაერიდან აღებულ ზოგად სიტყვებს, რომლებსაც მატერიალური კვალი არ ამყარებს, ხოლო ციხეში ჩემს წინააღმდეგ განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლისა და შანტაჟის ფაქტებზე გამოძიების დაწყებაზე უარს აცხადებს. ეს აჩვენებს მართლმსაჯულების სრულ შერჩევითობასა და მანიპულაციურ ბუნებას.

დასკვნის სახით კიდევ ერთხელ შემიძლია განვაცხადო, რომ ეს არის სისტემური დანაშაული, როდესაც ორგზის პრემიერ-მინისტრს ციხეში უყენებენ პირობას, რომ ან სამუდამოდ წავა პოლიტიკიდან და საპროცესო გარიგებას დათანხმდება, ან ახალი ბრალით გაანადგურებენ. ხოლო ხელისუფლება რეაგირების ნაცვლად ამ პროცესს მფარველობს, სახეზეა სახელმწიფო დონეზე ჩადენილი დანაშაული“, — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.


„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს წარუდგინეს ახალი ბრალდება – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს.

პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.

ღარიბაშვილს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.