საზოგადოება

სიმართლე ე.წ. ლგბტ პროპაგანდაზე

14 ივლისი, 2023 • 7772
სიმართლე ე.წ. ლგბტ პროპაგანდაზე

“ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან ღიად ჰომოფობიური განცხადებები უჩვეულო მოვლენა აღარ არის. ხელისუფლება, რომელიც რამდენიმე წლის წინ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით ამაყობდა, დღეს კრიტიკოსებს ხან “ლგბტ პროპაგანდისტებად” მოიხსენიებს და ხან “ორიენტაციაარეულებად”.

თვიდან თვემდე და კვირიდან კვირამდე “ოცნების” ჰომოფობია სწრაფად ფართოვდება: პროცესი, რომელიც მანიპულაციური და შეურაცხმყოფელი გამოსვლებით დაიწყო, იქამდე მივიდა, რომ პრემიერ-მინისტრმა ზემოხსენებული “პროპაგანდის” კანონით დარეგულირებაც არ გამორიცხა.

რთული სათქმელია, რა იქნება მმართველი გუნდის შემდგომი ნაბიჯი, თუმცა ნათელია მინიმუმ ორი რამ:

ერთი მხრივ, ხელისუფლება გვესაუბრება რეპრესიული კანონმდებლობის საჭიროებაზე,  რომლის მსგავსიც მანამდე მეზობელ რუსეთში მიიღეს, მეორე მხრივ კი — გვაშინებს “პროპაგანდით”, რომელიც არ არსებობს.

ადამიანები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, მიიჩნევენ, რომ “ოცნების” აგრესიული რიტორიკა არ არის საკითხი, რომელიც მხოლოდ ლგბტ ადამიანებს უნდა ადარდებდეთ. მათ სწამთ, რომ თუ ეს პროცესი გაგრძელდა, მისი შედეგები, შეიძლება, ნებისმიერმა მოქალაქემ იწვნიოს საკუთარ თავზე.

როგორ დაიწყო ეს ამბავი?

“ქართული ოცნება” ლგბტ საკითხების  მიმართ არც აქამდე გამოირჩეოდა განსაკუთრებული მიმღებლობითა და მონდომებით. მმართველი პარტიის წარმომადგენელ დეპუტატებს წარსულში ღიად ჰომოფობიური განცხადებებიც გაუკეთებიათ, თუმცა ეს რიტორიკა “ოცნების” საკვანძო ფიგურების მხრიდან ნაკლებად ისმოდა.

ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წელიწადში, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, “ოცნებამ” ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო, რომელიც კრძალავს მოქალაქეთა დისკრიმინაციას, მათ შორის, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით.

მეორე მხრივ, 3 წლის შემდეგ, 2017 წელს, კონსტიტუციაში ჩაწერეს, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობას ნიშნავს, თუმცა “ოცნება” და მისი ამჟამინდელი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უარყოფდნენ ჰომოფობიურ მოტივს: ეს უკანასკნელი ამბობდა, რომ ხსენებული ჩანაწერი, პირიქით, “გარკვეული ძალების” მიერ ჰომოფობიური და ანტიდასავლური განწყობების გაღვივების თავიდან ასაცილებლად შეიტანეს კონსტიტუციაში.

 

ივანიშვილის პოზიცია 2013 წლის 17 მაისის დარბევის შემდეგ

“ოცნების” ჰომოფობია გაცილებით შესამჩნევი გახდა 2021 წლის ივლისში, როცა პოლიციამ არ დაიცვა პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი “ღირსების მარშის” უსაფრთხოება თბილისში. იმ დღეს ძალადობრივმა ჯგუფებმა პროცესების გასაშუქებლად ქუჩაში გასულ ჟურნალისტებს სცემეს და აქტივისტთა ოფისები დაარბიეს.

ირაკლი კობახიძე ასე ასაბუთებდა კონსტიტუციაში ქორწინებაზე ჩანაწერის საჭიროებას

სანამ ძალადობა იქნებოდა, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, ჰომოფობიური ჯგუფების გაფრთხილების ნაცვლად, თქვა, რომ ლგბტ მარშის უკან “რადიკალური ოპოზიცია” იდგა. შემდგომ ის გაემიჯნა უკვე მომხდარ ძალადობას, თუმცა ხაზგასმით დასძინა, რომ პრაიდის მარში “პროპაგანდისტული” იყო და “ისე აღარ იქნება, როცა უმცირესობა წყვეტდა ყოველთვის უმრავლესობის ბედს”.

ღარიბაშვილის ეს განცხადებები მაშინ არაერთგზის გააკრიტიკეს, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი წინ იყო.

უკანასკნელ 2 წელიწადში დასალეთიდან მომატებული კრიტიკის ფონზე “ოცნება” და მასთან ასოცირებული პირები დასავლეთის მიმართ უფრო კონფრონტაციულები გახდნენ, რის ფონზეც, 2023 წლის თებერვალ-მარტში, სცადეს რუსული სტილის კანონის მიღება “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ.

საბოლოოდ, თბილისის ქუჩებში მასშტაბური საპროტესტო აქციების შემდეგ, რასაც დასავლეთის მხრიდან მწვავე კრიტიკა ერთვოდა, საკამათო კანონპროექტი ჩააგდეს, თუმცა “ოცნების” რიტორიკა იმაზე ხისტი გახდა, ვიდრე უწინ: მმართველი გუნდის ყოველდღიურ ლექსიკონში კანონის ჩაგდების დღიდანვე დამკვიდრდა ტერმინები “ლგბტ პროპაგანდა” და “ლგბტ პროპაგანდისტები”, რომლებსაც, როგორც წესი, კრიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ კონტექსტში იყენებენ.

5 ივლისს ნაცემი ჟურნალისტები და ოპერატორები 

კობახიძე, რომელიც ერთ დროს “გარკვეული ძალების” ჰომოფობიის გამო წუხდა, ახლა კრიტიკოს ახალგაზრდებს მოიხსენიებს “ორიენტაციაარეულ” მოქალაქეებად, რომლებიც “სწორ რელსებზე უნდა მოექცნენ” და “ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ და გამრავლდნენ”.

გასულ პერიოდში ასევე მოვისმინეთ ანტიმეცნიერული მტკიცება მმართველი პარტიისგან, რომ “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის თუ გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია. უფრო მოგვიანებით ვიხილეთ ნეგატიური კამპანია “მაკდონალდსის” წინააღმდეგ მხოლოდ იმიტომ, რომ რესტორნების ქსელმა “ჰეფიმილის” მენიუს თანმდევ ბროშურაში ლეგენდარული მომღერლის, ელტონ ჯონის ოჯახზე მოკლე ინფორმაცია შეიტანა.

ეს ყველაფერი პარლამენტში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლამ დააგვირგვინა, რომლის დროსაც პრემიერ-მინისტრმა თანაგუნდელების მსგავსად ახსენა “ლგბტ პროპაგანდა”, გვითხრა, რომ თურმე ამ ფენომენს აშშ-ისა და ევროპის საგანმანათლებლო ინსტიტუციებში, სკოლებსა თუ ბაღებშიც შეუღწევია, ბოლოს კი არც ამ “პროპაგანდის” საკანონმდებლო დონეზე დარეგულირება გამორიცხა.

პროპაგანდა, რომელიც არ არსებობს და რუსეთის მაგალითი

“პირველი, რაც გავაკეთე, დავგუგლე, თუ რას ნიშნავდა ლგბტქ+ პროპაგანდა. ამ შეკითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” რუსი ქვიარ აქტივისტი იალო ევროპეიცევი, როცა იხსენებს, როგორ ცდილობდა იმის გაგებას, თუ კონკრეტულად რისი აკრძალვა სურდა თავისი ქვეყნის ხელისუფლებას.

“გუგლის” საძიებო სისტემაში ამ ტერმინის სალექსიკონო განმარტებას ვერც ახლა იპოვით. სამაგიეროდ, მრავლად ნახავთ ინფორმაციას რუსეთში 2013 წელს მიღებული და შემდგომ კიდევ უფრო გამკაცრებული კანონის შესახებ, რომელმაც ლგბტ ადამიანები ამოიღო მიზანში. ტერმინი “ლგბტ პროპაგანდა” ამჟამად ყველაზე ხშირად სწორედ პუტინის პირობებში მიღებულ რეპრესიულ კანონთან ასოცირდება.

Google trends-ის თანახმად, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საკითხს ინტერნეტში ყველაზე ხშირად სწორედ რუსეთში ეძებდნენ.

სხვათა შორის, ხსენებული კანონის თავდაპირველ ვერსიას, რომლითაც ჯერ მხოლოდ არასრულწოვნებს შორის აკრძალეს ლგბტ საკითხების “პროპაგანდა”, მალევე მოჰყვა ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის მიღება. ამ ორს შორის ინტერვალი სულ რაღაც 1 წელი იყო.

მოგვიანებით ანტი-ლგბტ კანონი ზრდასრულებს შორის “პროპაგანდაზეც” გააფართოვეს და ახლა საფრთხის შემცველია ნებისმიერ ისეთ ურთიერთობასა თუ იდენტობაზე საუბარიც კი, რომელსაც კრემლი “არატრადიციულად” მიიჩნევს. აკრძალვა ვრცელდება ყველანაირ პლატფორმასა და სივრცეზე: მედიაზე, კინოინდუსტრიაზე, წიგნის გამომცემლობებზე და გაცნობის აპლიკაციებზეც კი.

იალო ევროპეიცევი. ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

“რუსეთის მთავრობის გადმოსახედიდან ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვფიქრობ, რომ მათთვის “ლგბტქ+ პროპაგანდა” ნიშნავს ნებისმიერი ფორმით აღნიშვნას იმისა, რომ ნორმალურია, იყო ლგბტქ+ [თემის წევრი]”.

“ხანდახან, როცა ახალ ამბებს ვეცნობი, ვამოწმებ, რუსეთის ახალ ამბებს ვკითხულობ თუ საქართველოსი, რადგან თითქმის ერთნაირ [რიტორიკას] იყენებენ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ავკრძალოთ ქვიარ ადამიანები”, — დასძენს იალო, რომელიც ამჟამად თბილისში ცხოვრობს და “ქართული ოცნების” ჰომოფობიურ რიტორიკასაც ადევნებს თვალს.

ე.წ. აგენტების კანონისა არ იყოს, თბილისსა და მოსკოვში გახმიანებული გზავნილები ჰომოფობიის ნაწილშიც აშკარად ჰგავს ერთმანეთს: ორივე შემთხვევაში საუბრობენ თვითმყოფადობის, ოჯახის ღირებულებებისა თუ ბავშვების დაცვის სახელით; ორივე ქვეყნის ხელისუფალნი ამბობენ, რომ დასავლეთის ქვეყნებში ხსენებული “პროპაგანდა” უკვე ვრცელდება და თავად ამას არ დაუშვებენ.

თუმცა ვერც ერთ შემთხვევაში აყალიბებენ ნათლად, თუ რას ნიშნავს “ლგბტ პროპაგანდა” და როგორ მუშაობს ის.

“ეს ტერმინი არის ხელოვნურად მოგონილი”, — გვეუბნება უფლებადამცველი საბა ბრაჭველი და იქვე ამატებს:

“ასეთი რამ სინამდვილეში არ არსებობს და თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ ეს არის ბუნებითი მოვლენა: შეუძლებელია, ადამიანმა ორიენტაცია შეიცვალოს იმის გამო, რომ ტელევიზიით უყურა რაღაც კლიპს, ან დაინახა, ერთი და იმავე სქესის თუ გენდერის მქონე ორი ადამიანი ხელიხელჩაკიდებული როგორ მიდის ქუჩაში.

უბრალოდ, ეს ყველაფერი გამოიყენება იმისთვის, რომ ავტორიტარიზმისკენ მიმავალი გზა შეიფუთოს ისე, თითქოს უმრავლესობას აწყობდეს უმცირესობის დაჩაგვრა. “ლგბტ პროპაგანდა” ბუნებაში არ არსებობს”.

საბა ბრაჭველი. ფოტო პირადი ფეისბუკიდან

ამავეს აღნიშნავს ჟოლტ სეკერეში — უნგრელი ქვიარ აქტივისტი და უნგრეთის “ჰელსინკის კომიტეტის” წევრი, რომელიც პირადად მონაწილეობდა საპროტესტო კამპანიაში თავის ქვეყანაში მიღებული ანტი-ლგბტ კანონების წინააღმდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით მან თბილისში 6 ივლისს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზეც ისაუბრა, რომელიც “თბილისი პრაიდის” მიერ იყო ორგანიზებული.

უკანასკნელ წლებში პუტინთან დაახლოებული ვიქტორ ორბანის ხელისუფლებამ არაერთი ასეთი კანონი მიიღო. ერთ-ერთ შემთხვევაში, ჰომოსექსუალობისა და ტრანსგენდერობის “რეკლამირება” აკრძალეს 18 წლამდე პირთა წინაშე.

“სიტყვასიტყვით “პროპაგანდა” არ ეწერა, თუმცა ეწერა “რეკლამირება”, რაც პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ამის გაკეთება შეუძლებელია, აბსურდია. [მსგავსი კანონების მიღების] რეალური მიზეზი ისაა, რომ [ხელისუფალთ] უბრალოდ არ სურთ ბედნიერი ცხოვრების მქონე ლგბტ ადამიანების ნახვა.

მნიშვნელოვანია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ნორმალურია, იყო გეი და ნორმალურია, იყო ტრანსგენდერი. იდენტობასთან დაკავშირებით ბევრ ბავშვს აქვს კითხვა, რისი პასუხიც უნდა იყოს ბავშვზე ზრუნვა. ეს არ არის პროპაგანდა”, — დასძენს სეკერეში.

ჟოლტ სეკერეში. ფოტო: humenonline.hu

არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი მანიპულირებს, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე.

არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

საქართველოში ყველაზე ხშირად მანიპულირებენ უცხოეთში ჩატარებული საზოგადოებრივი კვლევის შედეგებით და ამტკიცებენ, რომ ახალ თაობაში “პროპაგანდის” დამსახურებით იზრდება ქვიარების რაოდენობა.

*ტერმინი “ქვიარი” არის ქოლგა ტერმინი, რომელბიც აერთიანებს განსხვავებული სექსუალურ ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის მქონე ადამიანებს.

თუმცა კვლევებში, რომელიც ამბობს, რომ მოიმატა მათმა რაოდენობამ, ვინც თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს, ვერ ნახავთ მტკიცებას, რომ თვითიდენტიფიკაციის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ლგბტ თემის წევრთა რაოდენობის ზრდას.

ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლგბტ თემის წევრად თვითიდენტიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი დიდი ალბათობით დაკავშირებულია ქვიარ ადამიანების მზარდ კულტურულ მიმღებლობასთან საზოგადოების მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დაშვებით ქვიარების რაოდენობა კი არ გაიზარდა, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მზადაა ღიად ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ, ანუ ქვიარ ადამიანი მეგობრულ გარემოში უფრო მეტადაა მზად, განაცხადოს საკუთარი იდენტობის შესახებ, ვიდრე მტრული განწყობის მქონე საზოგადოებაში.

“ყურადღების გადატანის მცდელობა რეალური პრობლემებიდან”

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთში “პროპაგანდის კანონი” თავდაპირველად არ ყოფილა ისეთი ფართო, როგორიც ახლაა. მეორე, გაფართოებული ვერსია რუსეთის პარლამენტმა 2022 წლის მიწურულს მიიღო; ანუ იმ დროს, როცა ქვეყანა უკვე აწარმოებდა სრულმასშტაბიან ომს უკრაინის წინააღმდეგ.

“მახსოვს, არ მჯეროდა ამ ამბის. ვამბობდი, [რა დროს ესაა], ომი აქვთ, რომელსაც აგებენ… თუმცა, შევცდი”, — გვეუბნება იალო ევროპეიცევი, თუმცა შემდეგ თავადვე ხსნის, რატომ არ იყო კრემლის ეს ნაბიჯი გასაკვირი:

“ისინი აგებენ ომს და სჭირდებათ შიდა “მტერი”, რომელსაც მარტივად დაამარცხებენ. ქვიარ ადამიანების დამარცხება კი რუსეთში საკმაოდ ადვილია: ჩვენ არ გვაქვს იურიდიული მხარდაჭერა ან იურიდიული ბერკეტები… მარტივი სამიზნეები ვართ”.

“სახელმწიფოს მტრები” თუ “დესტრუქციული ძალები”, “ქართული ოცნების” გაგებით, საქართველოშიც მრავლად არიან: დაწყებული ოპოზიციური პარტიებიდან და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, დამთავრებული კრიტიკული მედიითა და აქტივისტებით. მას შემდეგ, რაც “რუსული კანონი” ჩავარდა, კობახიძემ თქვა:

“ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა… ყველამ გაიგო ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართულები, როგორიც არის…  ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა…”

შეტაკება რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე თბილისში. ფოტო: EPA

უფლებადამცველი საბა ბრაჭველი ფიქრობს, რომ “ოცნების” მხრიდან გააქტიურებული ჰომოფობიური რიტორიკა “ძალიან ცალსახა რეაქციაა” იმ ადამიანებთან — პირველ რიგში, ახალგაზრდებთან — მიმართებით, ვინც მარტში “რუსული კანონი” გააპროტესტა.

“ესენი არიან ახალგაზრდები, რომლებშიც აშკარად დაფიქსირებული სურვილი არის იმისა, რომ ჩვენ გვინდა ევროკავშირი, ევროპული ფასეულობები და გამოხატვის თავისუფლება.

ეს დაინახა ხელისუფლებამ უდიდეს საფრთხედ და, შესაბამისად, ცდილობს, ეს ადამიანები მონათლოს, თითქოს ისინი არიან გარყვნილები, სატანისტები, “ორიენტაციაარეულები” და ა.შ. ხელისუფლება ცდილობს მომავალი თაობის დემონიზებას და მათთან სხვა ადამიანების დაპირისპირებას”, — დასძენს ის.

სანამ “ოცნება” საზოგადოებას “ლგბტ პროპაგანდით” აშინებს, NDI-ს ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე მოსახლეობის მთავარ გამოწვევებად რჩება.

ამავე კვლევით, ყოველი მეორე მოქალაქე საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას “ცუდად” აფასებს, მოსახლეობის ნახევარს კი ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს. თითქმის ყოველ მეექვსე მოქალაქეს ჰყავს უცხოეთში მცხოვრები ოჯახის წევრი, რომელიც მას რეგულარულად უგზავნის ფულს.

“ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გამოელია არგუმენტები იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიმათულებით უნდა განვითარდეს სახელმწიფო. შესაბამისად, მოწოდებულია იმისკენ, რომ ადამიანების სხვადასხვა ჯგუფები დააპირისპიროს ერთმანეთთან, ჩამოაგდოს შუღლი და დაპირისპირება მათ შორის.

ჩემი აზრით, მთელი ეს საუბარი არის ყურადღების გადატანის მცდელობა რეალური პრობლემებიდან”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” მიშა ბენიძე, “ზინქ ნეთვორქის” ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის დირექტორი.

მიხეილ ბენიძე 

მისი სიტყვებით, ხელისუფლებამ იცის, რომ ლგბტ თემის მიმართ საზოგადოების ნაწილში, შესაძლოა, მიუღებლობა ან გარკვეული შიშები არსებობდეს და ამის გამოყენებას ცდილობს თავისი დღის წესრიგის სასარგებლოდ.

“არაერთი რადიკალური ძალადობრივი ჯგუფი ვნახეთ, რომელიც ამ თემის პოპულარიზებას ცდილობდა. თუმცა შემდეგ ისიც ვნახეთ, რომ ისინი იცვლებოდნენ და ზოგიერთი ასეთი ჯგუფი საზოგადოებას აღარც ახსოვს.  საბოლოო ჯამში, ეს მიუთითებს იმაზე, რომ [მსგავსი რიტორიკა] არ მუშაობს, რადგან ძალადობა და აგრესია არ არის ის, რაც საზოგადოებას მოსწონს. რა თქმა უნდა, არის საზოგადოების ნაწილი, სადაც შეიძლება, ეს აგრესია იყოს, მაგრამ ეს არ არის იმ მოცულობის, რის ჩვენებასაც პროპაგანდა ცდილობს”, — ამატებს ბენიძე.

“საბოლოო ჯამში, ისინი შენთანაც მოვლენ”

ადამიანები, რომელთაც “ნეტგაზეთი” ესაუბრა, არ ფიქრობენ, რომ “ქართული ოცნების” ჰომოფობიური რიტორიკა თუ ჰომოფობიურ კანონმდებლობაზე საუბარი მხოლოდ ლგბტ ადამიანებს უნდა ადარდებდეთ. მიზეზი მარტივია: თუ ხელისუფალმა ერთი ჯგუფის დაჩაგვრა მოახერხა, არავინ იცის, ვინ იქნება შემდეგი.

“[რუსეთში] გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა იფუთება ისე, რომ ეს უნდა მოხდეს “ლგბტ პროპაგანდის” საწინააღმდეგოდ, ბავშვების დასაცავად და ა.შ.

სინამდვილეში, ყველგან, სადაც ხდება მსგავსი კანონპროექტების ინიციირება ან მიღება, ყოველთვის იზღუდება არა მხოლოდ კონკრეტული თემის წევრების, ან რამდენიმე ადამიანის, არამედ ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება.

ამას ჰქვია “ციცაბო დაღმართი” (slippery slope): თუ ერთხელ დაეშვი ამ დაღმართზე და შეზღუდე ადამიანის რაღაც ჯგუფის თავისუფლება, შემდგომ აუცილებლად შეგიზღუდავენ შენც…”, – დასძენს საბა ბრაჭველი.

იალო ევროპეიცევიმ თავისუფლებების შეზღუდვა არაერთგზის გამოსცადა საკუთარ თავზე, ბოლოს კი სამშობლოს დატოვებაც მოუწია და არ იცის, როდის და როგორ შეძლებს იქ დაბრუნებას. 10 წლის წინ ლგბტ ადამიანებისა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებული კანონები მოსკოვმა იმგვარად გააფართოვა, რომ ახლა ისინი შეიძლება შეეხოს ყველას, ვინც კრემლის პოლიტიკურ თუ სოციალურ დღის წესრიგს გადაუხვევს.

პოლიცია სანქტ-პეტერბურგში აქტივისტს აკავებს. ფოტო: EPA 

რუსეთი კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს, როცა სახელმწიფო საზოგადოების გარკვეული სეგმენტის დაჩაგვრას ახერხებს და ხედავს, რომ გზად მნიშვნელოვანი დაბრკოლებები არ ხვდება.

“[მაგალითად, რუსეთში] ტრანსი ადამიანების სამედიცინო სერვისების აკრძალვაზე საუბარს მოჰყვა ლაპარაკი აბორტის უფლებების შეზღუდვაზეც. ასე რომ, ისინი ჯერ ქვიარ ადამიანებთან მივლენ, შემდეგ მიადგებიან ქალების სხეულის ავტონომიასთან დაკავშირებულ უფლებებს… მერე ალბათ სიტყვის თავისუფლებასა და ხმის უფლებასთანაც მივლენ.

თუ შენ დაუშვებ, რომ ყველაზე მოწყვლადმა ჯგუფმა უფლებები დაკარგოს, მერე მთავრობა მივა მეორე ყველაზე მოწყვლად ჯგუფთანაც და სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ისინი მოვლენ შენთანაც”, — დასძენს ქვიარ აქტივისტი.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი მიზეზი, რომლის გამოც “ოცნების” კამპანიის პოტენციური ზიანი ლგბტ თემს სცდება. ჟოლტ სეკერეშის სიტყვებით:

“შესაძლოა, თქვენი ახლობელი იყოს გეი ან ტრანსი, თუნდაც თქვენ არ იცოდეთ ამის შესახებ. შესაბამისად, ის, ვინც გიყვართ და ვისზეც ზრუნავთ, შესაძლოა, დააზარალოს მსგავსმა სიძულვილის შემცველმა კანონებმა. ასე რომ, თუ ისინი მართლაც გიყვართ, მოგიწევთ, იდარდოთ ამაზე”.

ამავე თემაზე გირჩევთ:

ღარიბაშვილი, რომელიც შვილს სასწავლებლად აშშ-ში უშვებს, უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბრობს

როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი