საზოგადოება

ღარიბაშვილი, რომელიც შვილს სასწავლებლად აშშ-ში უშვებს, უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბრობს

21 ივნისი, 2023 • 16133
ღარიბაშვილი, რომელიც შვილს სასწავლებლად აშშ-ში უშვებს, უცხოელ ახალგაზრდებში საგანგაშო “ლგბტ პროპაგანდაზე” საუბრობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “საგანგაშო ტენდენციას” უწოდებს კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც ახალ თაობაში (Gen Z) უფრო მეტი ადამიანი მიაკუთვნებს თავს ქვიარ თემს დასავლეთში.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა “იმედის” საპასუხოდ, გამოიყენა ჰომოფობიური რიტორიკა, ახსენა “ლგბტ პროპაგანდა”, რომელიც, მისი თქმით, დასავლეთის სასწავლო ინსტიტუციებსა და ახალგაზრდებში მიმდინარეობს და ეს ყველაფერი დაგმო.

„მე თქვენი, „იმედის“ საშუალებით გავეცანი მონაცემებს. ბუნებრივია, ეს იყო უცხოური ორგანიზაციის კვლევა და, როგორც თქვენ აღნიშნეთ, 30 ქვეყანაში ჩატარდა ეს კვლევა და განსაკუთრებით საყურადღებო იყო საფრანგეთში ჩატარებული კვლევის შედეგები, სადაც აღმოჩნდა, რომ ახალგაზრდების 22 % აცხადებს თავს ლგბტ-დ, რაც ვფიქრობ, არის საგანგაშო ტენდენცია. მიმაჩნია, რომ რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს უფლება, ყველა ადამიანის უფლებაა ეს, თუ როგორი ცხოვრების წესს აირჩევს, ჩვენ არავის საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში არ ვერევით, ეს არის მიუღებელი აბსოლუტურად, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია ის ზღვარგადასული პროპაგანდა, რომელიც უკვე მიმდინარეობს ბაღებსა და სკოლებში, უცხოეთში. მადლობა ღმერთს, ეს ჩვენთან არ მოხდება, ჩვენ ამას დავიცავთ, ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ იმიტომ, რომ დაუშვებელი და მიუღებელია სკოლებში, ბაღებსა და ახალგაზრდებში ამ თემის პროპაგანდა”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილს თავად აქვს მიღებული უმაღლესი განათლება საფრანგეთში, ხოლო მისი უფროსი შვილი ნიკოლოზ ღარიბაშვილი ამერიკაში, კერძოდ, პენსილვანიის უნივერსიტეტში ისწავლის. პენსილვანიის უნივერსიტეტი ბენჯამინ ფრანკლინის დაარსებულია. ის აშშ-ის ერთ-ერთ უძველესი და პრესტიჟული სასწავლებელია.

“ქართულმა ოცნებამ” დასავლეთში არსებულ “ლგბტ პროპაგანდაზე” რიტორიკა განსაკუთრებით მას შემდეგ გაააქტიურა, რაც დასავლეთის ქვეყნების მხრიდან გაიზარდა ხელისუფლების კრიტიკა საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და უკრაინაში ომზე ოფიციალური თბილისის პოზიციონირების გამო.

“ქართული ოცნება” წარსულში ხშირად ამაყობდა ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით და უვიზო მიმოსვლის შეთანხმებით, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონიც მიიღეს. ახლა კი მმართველი პარტიიდან მოსახლეობას ეუბნებიან, რომ თითქოს არსებობს “ლგბტ პროპაგანდა”, რომელსაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია და ამის საილუსტრაციოდ მანიპულაციურად მოჰყავთ უცხოეთში ჩატარებული კვლევები, რომელთა მიხედვითაც გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც თავს აიდენტიფიცირებს ლგბტ თემის წევრად.

რეალურად კი არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი მანიპულირებს, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

კვლევებში, რომელიც ამბობს, რომ მოიმატა მათმა რაოდენობამ, ვინც თავს ქვიარად აიდენტიფიცირებს, ვერ ნახავთ მტკიცებას, რომ თვითიდენტიფიკაციის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ლგბტ თემის წევრთა რაოდენობის ზრდას. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ლგბტ თემის წევრად თვითიდენტიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი დიდი ალბათობით დაკავშირებულია ქვიარ ადამიანების მზარდ კულტურულ მიმღებლობასთან საზოგადოების მხრიდან. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამ დაშვებით ქვიარების რაოდენობა კი არ გაიზარდა, გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც მზადაა ღიად ისაუბროს საკუთარი თავის შესახებ, ანუ ქვიარ ადამიანი მეგობრულ გარემოში უფრო მეტადაა მზად განაცხადოს საკუთარი იდენტობის შესახებ, ვიდრე მტრული განწყობის მქონე საზოგადოებაში.

“[Gen Z თაობის წარმომადგენლები] გაიზარდნენ კულტურაში, სადაც ლგბტ თემის წევრობა იყო ნორმალური [ფაქტი] და არა ისეთი რამ, რისიც ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ და მის დამალვას შეეცადონ…

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დისკრიმინაცია, მაგრამ ეს არ არის ისეთი, როგორიც იყო [იმ დროს], როცა უფროსი თაობები იზრდებოდნენ… იცვლება ქცევები და დამოკიდებულებები, ასევე იცვლება მოსახლეობაც”, — ამბობს გელაპის უფროსი რედაქტორი ჯეფრი ჯონსი Washington Post-თან.

ამ თემაზე გირჩევთ – ნეტგაზეთის სტატიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი