საზოგადოება

როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”

3 მაისი, 2023 • 2020
როგორ მანიპულირებს “ოცნება” ამერიკული კვლევით და “ლგბტ პროპაგანდით”

მარტში “ქართული ოცნება” გვიმტკიცებდა, რომ არსებობენ “ლიბერალი ფაშისტები”, რომლებიც მისი კრიტიკოსების რიგებშიც მოიძებნებიან არასამთავრობოებისა და სხვათა სახით.

უკვე ახლა კი მმართველი პარტიიდან მოსახლეობას უცხადებენ, რომ არსებობს “ლგბტ პროპაგანდა”,  რომელსაც ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მამუკა მდინარაძის ეს მტკიცება არგუმენტებისგან დაცლილია, აშშ-ში ჩატარებული იმ კვლევის ავტორები კი, რომელსაც მმართველი პარტიის ლიდერი დაეყრდნო, მსგავსს არაფერს ამბობენ.

თუმცა ხსენებული განცხადება ყურადღებას იქცევს იმ ფონზე, როცა ამავე საკითხით მანიპულირებას სამთავრობო მედიასაშუალებები ორკესტრირებულად ცდილობენ, “ოცნებისგან” მხარდაჭერილ აქციაზე კი ღიად მოითხოვეს საქართველოში “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვა.

“გელაპის” კვლევა და “ოცნების” რეაქცია

ყველაფერი დაიწყო ამერიკული ანალიტიკური კომპანიის, “გელაპის” კვლევით, რომლის შედეგებიც მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამოქვეყნდა.

კვლევაში ნათქვამია, რომ 2022 წლის მდგომარეობით 7.2%-ს შეადგენს აშშ-ის იმ ზრდასრულ მოქალაქეთა წილი, რომლებიც თავს აიდენტიფიცირებენ ლგბტ თემის წევრებად; ეს კი გაორმაგებული შედეგია 2012 წლის მონაცემებთან შედარებით, როცა კომპანიამ მსგავსი კვლევა პირველად ჩაატარა.

ავტორები ასევე ხაზს უსვამენ, რომ თემის წევრად თვითიდენტიფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია ახალგაზრდა თაობებში:

მაგალითად, Gen Z თაობის ზრდასრულ წარმომადგენელთა 19.7%-მა უთხრა კვლევის ავტორებს, რომ ლგბტ თემს მიეკუთვნება. აქ იგულისხმებიან ადამიანები, რომლებიც 1997-2004 წლებში დაიბადნენ და რომელთა ასაკიც 2022 წლისთვის 18-დან 25 წლამდე მერყეობდა.

მილენიალების თაობის (1981-1996 დაბადების წლები) შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 11.2%-ია, Gen X თაობის(1965-1980) შემთხვევაში, — 3.3%, 1945 წელს და უფრო ადრე დაბადებულთა შემთხვევაში კი ყველაზე მცირე — 1.7%.

ლგბტ პრაიდი ნიუ-იორკში. ფოტო: EPA

თებერვალში გამოქვეყნებულ ამ რიცხვებს გასული პერიოდის მანძილზე საქართველოში დიდი გამოხმაურება არ მოჰყოლია. თუმცა ეს მანამ, სანამ 30 აპრილს ტელეკომპანია “იმედმა” სიუჟეტი არ მიუძღვნა “გელაპის” კვლევას.

“გელაპის კვლევის რამდენიმე აქცენტი უნდა გაგაცნოთ, რომელმაც აშშ-ში საზოგადოების ერთი ნაწილი კიდევ ერთხელ დააფიქრა საკუთარი შვილების მომავალზე”, — დრამატული სახით მიმართა “იმედის” წამყვანმა მაყურებელს.

ტელეკომპანიამ ამ თემას სოციალურ მედიაშიც მიუძღვნა მასალები. ერთ-ერთ ფეისბუკ-პოსტში “იმედი” ამბობდა, რომ “აშშ-ში მოზარდებში LGBTQ იდენტიფიცირებულთა 20% Gen Z თაობაა”, რაც კვლევის არასწორი ინტერპრეტაციაა: “გელაპმა” ზრდასრულები გამოკითხა და არა მოზარდები. მოგვიანებით ტელეკომპანიის გვერდიდან ეს პოსტი წაშალეს და ახლით ჩაანაცვლეს.

ცოტა ხნის შემდეგ “გელაპის” კვლევაზე ინფორმაცია, “იმედის” გზავნილებით, სამთავრობო პროპაგანდისტულმა POSTV-მ და ახალი ამბების ზოგიერთმა პორტალმაც გამოაქვეყნეს თავიანთ გვერდებზე.

“იმედის” მიერ დაფინანსებული პოსტი “გელაპის” კვლევის შესახებ

უკვე პირველ მაისს “გელაპის” კვლევით გამოწვეული “შფოთი” პროსამთავრობო მედიასაშუალებებს გასცდა და ამერიკელი ახალგაზრდების ლგბტ თემთან იდენტიფიცირების მაჩვენებელს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” სათავო ოფისიდან გამოეხმაურნენ.

მმართველი პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის კომენტარი ერთ-ერთი ჟურნალისტის შესაბამის კითხვას მოჰყვა.

“თქვენ გახსოვთ ალბათ წლების განმავლობაში კონცეფცია იმის შესახებ, რომ პროპაგანდამ არ შეიძლება ამ მიმართულებით ვიღაცის რაოდენობა გაზარდოს ან შეამციროს, მაგრამ რასაც “გელაპის” კვლევაში ვკითხულობთ, ეს ნიშნავს, რომ პროპაგანდას შეუძლია გარკვეული რაოდენობის ზრდა. და თან არა უბრალო ზრდა, [არამედ] სერიოზული ზრდა”,  — დასძინა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძე

იმის დაუკონკრეტებლად, თუ რას გულისხმობს “პროპაგანდაში”, “ოცნების” ლიდერმა განაგრძო:

“უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან გარკვეული თემების პროპაგანდა, მათ შორის ლგბტ პროპაგანდა და ადამიანების უფლებების დაცვა, რომელიც გარკვეულ ჯგუფს წარმოადგენენ… არანაირი განსხვავებული ნიშანი არ შეიძლება გახდეს რაიმე დისკრიმინაციის საფუძველი… უნდა შევთანხმდეთ, რომ არავინ უნდა დაიჩაგროს რაიმე განსხვავებულობის გამო.

მეორე მხრივ, აბსოლუტურად სხვა თემაა პროპაგანდა, რომელმაც, „გელაპის” კვლევას თუ დავუჯერებთ — ეს არის ძალიან ავტორიტეტული ორგანიზაცია — ამბობს, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში — არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაში — დრამატულად გაზარდა, როგორც იტყვიან, კონკრეტული ჯგუფის წარმომადგენლების რაოდენობა.

ამიტომ ჩვენ გვმართებს, რომ ამაზე სერიოზულად ვიფიქროთ. ეს არ არის მარტივი თემა, ძალიან სენსიტიური თემაა, რომელსაც თავისი განშტოებები აქვს და ყველა განშტოებას თავისი მიმდევარი ჰყავს ადამიანებზე ფსიქოლოგიური ზემოქმედების თვალსაზრისით”.

მდინარაძე მანიპულირებს — აი, რატომ

მამუკა მდინარაძის განცხადება რამდენიმე მიზეზითაა პრობლემური.

ჯერ ერთი, არ არსებობს რომელიმე ავტორიტეტული სამეცნიერო ორგანიზაციის კვლევა, რომელიც ამბობს, რომ რაიმე სახის “პროპაგანდას” ადამიანის სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის შეცვლა შეუძლია.

მსოფლიოს არაერთ წერტილში, მათ შორის აშშ-ში, ამ თემით მრავალი ულტრაკონსერვატიული ჯგუფი მანიპულირებს, თუმცა — მყარი მეცნიერული დასაბუთების გარეშე. არიან ისეთებიც, რომლებიც ამტკიცებენ ან წარსულში ამტკიცებდნენ, რომ გარკვეულ “თერაპიებს” ლგბტ ადამიანების ორიენტაციის ან იდენტობის შეცვლა ძალუძთ. არაერთმა ასეთმა ფსევდოთერაპევტმა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა მავნე და საშიში პრაქტიკის გამოყენებისთვის, ზოგიერთი კი იმაშიც გამოტყდა, რომ თავად გეია.

მეორეც, “ქართული ოცნების” ლიდერი პირდაპირ მანიპულირებს, როცა ამბობს, რომ ის, რასაც თავად გვიმტკიცებს, “გელაპის” კვლევას ემყარება.

ავტორები არსად ამბობენ, რომ ლგბტ თემთან თვითიდენტიფიკაციის მზარდი მაჩვენებელი რაიმე სახის “პროპაგანდას” უკავშირდება.

რაც მთავარია, კვლევაში ვერ ნახავთ მტკიცებას, რომ თვითიდენტიფიკაციის ზრდა ავტომატურად ნიშნავს ლგბტ თემის წევრთა რაოდენობის ზრდას.

“[ლგბტ ადამიანების] რიცხვი გაიზარდა თუ შემცირდა, ამაზე ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ ამ კვლევიდან გამომდინარე, რადგან ეს ჩვენ არ ვიცით”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” “კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC) მკვლევარი გივი სილაგაძე.

“ეს ზრდა უფრო შეეხება ამ ადამიანების თვითიდენტიფიკაციას და არა მაინცდამაინც [ლგბტ] ადამიანების რაოდენობის ზრდას. სავსებით შესაძლებელია, რომ ლგბტ თემის წევრთა რაოდენობა არ გაზრდილა, უბრალოდ გაიზარდა ამერიკელების მზაობა, რომ ეს ღიად დააფიქსირონ სატელეფონო გამოკითხვაში”.

“შეიძლება, 10 წლის წინ ადამიანები სხვადასხვა მიზეზით თავს უფრო იკავებდნენ ამის დაფიქსირებისგან. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ ამ კვლევით ვერ გავიგებთ, ლგბტ ადამიანების რიცხვი მართლა გაიზარდა თუ უბრალოდ თვითიდენტიფიკაცია გაიზარდა”, — ამატებს ის.

გივი სილაგაძე. ფოტო: პირადი ფეისბუკიდან 

“გელაპმა” მსგავსი კვლევა 2021 წელსაც ჩაატარა და ლგბტ თემთან თვითიდენტიფიცირების მაჩვენებლის ზრდა, 2012 წელთან შედარებით, მაშინაც ნათელი იყო. 2 წლის წინ ეს რიცხვი 7.1%-ს შეადგენდა. ანუ 2022 წლისთვის 0.1%-იანი მატებაა.

ორგანიზაციის უფროსი რედაქტორი ჯეფრი ჯონსი ამბობდა, რომ თემის წევრად თვითიდენტიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი დაკავშირებული იყო ლგბტ ადამიანების მზარდ კულტურულ მიმღებლობასთან საზოგადოების მხრიდან.

ამასთან, მკვლევარი ხაზს უსვამდა ფაქტსაც, რომ აშშ-ის მოსახლეობაში იზრდება Gen Z თაობის ხვედრითი წილი.

“[Gen Z  თაობის წარმომადგენლები] გაიზარდნენ კულტურაში, სადაც ლგბტ თემის წევრობა იყო ნორმალური [ფაქტი] და არა ისეთი რამ, რისიც ადამიანებს უნდა რცხვენოდეთ და მის დამალვას შეეცადონ…

რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული დისკრიმინაცია, მაგრამ ეს არ არის ისეთი, როგორიც იყო [იმ დროს], როცა უფროსი თაობები იზრდებოდნენ… იცვლება ქცევები და დამოკიდებულებები, ასევე იცვლება მოსახლეობაც”, — ეუბნებოდა ის Washington Post-ს.

ის, რომ Gen Z  თაობის წარმომადგენლები უფრო ლგბტ-მეგობრულ გარემოში გაიზარდნენ და მეტად არიან მზად, დააფიქსირონ თავიანთი იდენტიფიკაცია ლგბტ თემთან, გივი სილაგაძეს ხსენებული მაჩვენებლის მატების მნიშვნელოვან კომპონენტად მიაჩნია.

“Gen Z თაობის წარმომადგენელი ამერიკელები (18-25 წლის) უფრო ღიად ამბობენ, რომ თავს თვლიან ლგბტ თემის წევრებად, სხვა თაობები — უფრო ნაკლებად… შეიძლება, ბოლო 10 წელიწადში იმ ამერიკელების წილის მცირე მატება, რომელიც თვითიდენტიფიცირებას ახდენს ლგბტ თემთან, არის განპირობებული იმით, რომ უფრო მეტი და მეტი Gen Z ხდება სრულწლოვანი”, — დასძენს ის, ხაზს უსვამს რა, რომ კვლევა მხოლოდ სრულწლოვან ამერიკელებში ჩატარდა.

წინა თაობებთან შედარებით ახალგაზრდა ამერიკელები ნაკლები სტიგმისა და მიუღებლობის პირობებში რომ გაიზარდნენ, აშშ-ის მიერ მიღებული მთელი რიგი კანონების გარდა, საზოგადოებრივი აზრის კვლევებიც ადასტურებს.

“გელაპის” ოფისი. ფოტო: Gallup 

მაგალითად, “გელაპის” 2022 წლის მონაცემებით, 71%-ს მიაღწია იმ ამერიკელების რიცხვმა, რომლებიც ერთნაირსქესიანთა ქორწინების კანონიერებას უჭერენ მხარს. 10 წლით ადრე ეს მაჩვენებელი 54%-ს შეადგენდა, 18 წლით ადრე — 42%-ს.

1977 წელს მხოლოდ 14% ეთანხმებოდა გეი და ლესბოსელი ადამიანებისთვის შვილის აყვანის უფლების მიცემას. 42 წლის შემდეგ, 2019 წელს, იგივე პოზიცია 75%-მა დააფიქსირა.

კიდევ ერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის, Pew Research-ის 2015 წლის კვლევით, 57%-მდე გაიზარდა იმ ამერიკელთა რიცხვი, რომელთა თქმითაც არ ექნებათ უარყოფითი რეაქცია, თუ გაიგებენ, რომ მათი შვილი გეი ან ლესბოსელია. 1985 წელს ასეთი რესპონდენტების რიცხვი სულ 9% იყო.

აზრები უფრო მეტადაა გაყოფილი ტრანსი ადამიანების საკითხებზე, რომელიც განსაკუთრებით პოლიტიზებულია აშშ-ის იმ შტატებში, სადაც რესპუბლიკურ პარტიას უმრავლესობა აქვს. თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი თანხმდება, მაგალითად, იმაზე, რომ ტრანსი ადამიანები დაცულნი უნდა იყვნენ დისკრიმინაციისგან.

“ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს”

იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიმღებლური და სიძულვილისგან თავისუფალი გარემო, რათა ადამიანმა ღიად შეძლოს თავის სექსუალურ ორიენტაციაზე თუ გენდერულ იდენტობაზე საუბარი, მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილიც უსვამს ხაზს.

“როცა ვსაუბრობთ თვითგანსაზღვრაზე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოს, როცა მე შემიძლია, ასე ხმამაღლა მოვახდინო [ჩემი სექსუალური ორიენტაციის] დეკლარირება, გეი ვარ, ბისექსუალი თუ ვინ.

ეს თვითდეკლარირება მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მტრულია ჩემ მიმართ გარემო, ან რამდენად მიმღებლურია ის.

იმის გამო, რომ გარემო ნაკლებად ჰომოფობიური გახდა ბოლო წლებში, ადამიანებს შეუძლიათ, ღიად განაცხადონ საკუთარი იდენტობის შესახებ. ეს არის მნიშვნელოვანი”, — ეუბნება “ნეტგაზეთს” აღდგომელაშვილი, რომელიც “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს” (WISG) წარმოადგენს.

ეკა აღდგომელაშვილი. ფოტო: ნეტგაზეთი

აღდგომელაშვილი დასძენს, რომ რამდენადაც უფრო ღრმად ხდება სექსუალობის სხვადასხვა ასპექტის შესწავლა, მით უფრო მრავალფეროვანი ხდება თვითიდენტიფიკაციის კრიტერიუმები.

ამასთან, მკვლევრის თქმით, ახალი თაობის წარმომადგენლები უარს ამბობენ ტრადიციული გენდერული ნორმებისადმი მორჩილებაზე, რაც ასევე ზრდის მრავალფეროვნებას იმ კუთხით, თუ ვინ როგორ აიდენტიფიცირებს თავს.

“და როცა აღარ ხარ ასე ჩაკეტილი, გაცილებით უფრო გიადვილდება, რაღაცებს სახელი დაარქვა და წნეხისა და შიშის გარეშე შეძლო ამ პოლიტიკური აქტის განხორციელება, რასაც საკუთარი სექსუალობის და საკუთარი იდენტობის სახელდება ჰქვია”.

ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ტექნოლოგიებიც. შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, შეიძლება, არც ჰქონოდათ თავიანთი სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის სახელდების საშუალება, ინფორმაციის ნაკლებობის გამო.

ახლა, ინტერნეტის ეპოქაში, კვლევაც მეტია და ინფორმაციაც.

რაში სჭირდება “ოცნებას” ამერიკული კვლევით მანიპულაცია

ტერმინი “ლგბტ პროპაგანდა” საქართველოს რეალობისთვის ახალი არ არის. ის აქამდეც ისმოდა ჰომოფობიური ჯგუფებისგან, რომლებიც ღიად ძალადობენ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე, არაერთ შემთხვევაში კი ეს პოლიციის თანდასწრებით, პროცესში მისი არაეფექტური ჩართულობის ან უმოქმედობის ფონზე ხდება.

მეორე მხრივ, მსგავსი რიტორიკა მსოფლიოს პოპულისტი ლიდერების ნაწილისგან არაერთგზის ხმიანდება, რუსეთში კი ამან ოფიციალური სახეც მიიღო და კანონით აიკრძალა “ლგბტ პროპაგანდა”. მოსკოვის ეს ქმედება ევროპის სასამართლომ დისკრიმინაციულად შეაფასა.

უკვე ახლა “ლგბტ პროპაგანდაზე” უშუალოდ “ქართული ოცნებაც” ალაპარაკდა. მდინარაძემდე ეს ტერმინი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ახსენა, რასაც წინ უძღოდა აგენტების შესახებ “რუსული კანონის” ჩაგდება.

რას გულისხმობენ კრემლი, “ოცნება” და სხვები “პროპაგანდაში”, ეკა აღდგომელაშვილს არ ესმის:

“რას ნიშნავს ეს? როცა ვსაუბრობ იმაზე, რომ თანასწორნი უნდა იყვნენ ადამიანები მიუხედავად მათი სექსუალური, ეთნიკური და სხვა მიკუთვნებულობისა, ამ ყველაფრის პროპაგანდას ვახდენ?.. ანდა, რომ გამოვიდე და ვთქვა, რომ ქალი ვარ, ქალობის პროპაგანდირებას მოვახდენ? ესაა უაზრო, ლოგიკას გამოცლილი მსჯელობა”.

თუმცა მკვლევარს ესმის, რაში სჭირდება “ქართულ ოცნებას” მსგავსი აქცენტებით საუბარი:

“მდინარაძის კომენტარი, ჩემი აზრით, უნდა განვიხილოთ “ოცნების” მიერ წინასწარ დაგეგმილი კამპანიის ნაწილად, რომელიც არის ერთგვარი გაგრძელება “რუსული კანონის” მიღების მცდელობისა, [რუსეთის საწინააღმდეგო] სანქციებზე არმიერთებისა, პრემიერის თანხმობისა უნგრეთში დაგეგმილ კონფერენციაზე წასვლასთან დაკავშირებით და ა.შ.

ესაა გრძელი ჯაჭვის ერთი ნაწილი, რომელსაც ჰქვია [ევროკავშირის წევრობის კანდიდატის] სტატუსის საკითხის ბოიკოტირება”.

აღდგომელაშვილი ახსენებს როგორც მარტის აქციებს, ისე IRI-ს კვლევას, რომლის თანახმადაც გაიზარდა ევროინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი, “ქართული ოცნების” რეიტინგი კი — შემცირდა.

თბილისში მომღერალ გია გაჩეჩილაძის(“უცნობი”) ორგანიზებით გაიმართა აქცია, რომელზეც “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვის მოთხოვნაც გაისმა.

ამ ფონზე, მკვლევრის აზრით, მმართველი გუნდი შეეცდება, ძალაუფლების შესანარჩუნებლად “მაქსიმალურად გამოიყენოს ყველაფერი, თუკი რაიმე ტიპის ფობიას უარსებია საზოგადოებაში”.

მდინარაძის ზემოხსენებულ განცხადებამდე, თბილისში გაიმართა აქცია მომღერალ გია გაჩეჩილაძის(“უცნობი”) ორგანიზებით, რომელზეც, სხვა მოთხოვნებთან ერთად, “ლგბტ პროპაგანდის” აკრძალვაც გაახმიანეს. შეკრებას მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მხარდამჭერი განცხადებებით უპასუხეს.

აღდგომელაშვილის მსგავსად, არც გივი სილაგაძე ფიქრობს, რომ “ლგბტ პროპაგანდით” მანიპულირება ცალკე უნდა განვიხილოთ და არა ერთიანი პროცესის ნაწილად.

“პროსახელისუფლებო მედიასაშუალებების მიერ ჩრდილოეთ ამერიკაში და ევროპაში ლგბტ თემთან დაკავშირებული საკითხებით ბოლოდროინდელი დაინტერესება გვაფიქრებინებს, რომ ეს არის დღის წესრიგი, რომლითაც ქართული ოცნება, სავარაუდოდ, იმოქმედებს მომავალი თვეების განმავლობაში, რომ თითქოს ლგბტ ნიაღვარი მოედინება დასავლეთიდან და მმართველმა ძალამ ამას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს”, — აღნიშნავს მკვლევარი.

როგორც სილაგაძე, ისე აღდგომელაშვილი ფიქრობენ, რომ მმართველი პარტიის ეს რიტორიკა, შესაძლოა, მართლაც მიანიშნებდეს ლგბტ-დისკრიმინაციული კანონპროექტის შემოტანის მცდელობაზე.

“მგონია, რომ შეიძლება, ჭკუა ისწავლეს “რუსული კანონის” გამოცდილებიდან და არ სურთ, საზოგადოების წინასწარი მომზადების გარეშე მოწმენდილ ცაზე შემოიტანონ კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ანტიდასავლური იქნება…

ვიცით, რომ საქართველოში ტრადიციული ღირებულებები, რელიგიური განწყობები, საკმაოდ გავრცელებულია. შესაბამისად, შეიძლება ეს იყოს ერთ-ერთი თემა, რომელზეც მმართველი პარტია ფსონს დებს”, — გვეუბნება გივი სილაგაძე.

ეკა აღდგომელაშვილის შეფასებით, “ქართული ოცნება” პროცესის წარმოჩენას ცდილობს ისე, თითქოს მსგავსი კანონის მიღების მოთხოვნა ხალხისაგან მოდის:

“სინამდვილეში, ესეც არის ფარსი. ესაა მცდელობა, რომ ვითომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ამ ნარატივს. “იმედის” სიუჟეტები, მდინარაძის განცხადება, აქციაზე  გაჟღერებული მოთხოვნა… ფონი იქმნება წინასწარ, რომ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას არ ჰგავდეს მათი ეს ქმედება”.

ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია პარლამენტთან 5 ივლისის ძალადობის შემდეგ. 06.07.21 ფოტო: ნინო ბიძინაშვილი/ნეტგაზეთი

საპარლამენტო პარტიის, “ევროპელი სოციალისტების” წარმომადგენელმა ფრიდონ ინჯიამ უკვე თქვა, რომ მისი გუნდი მზადაა, “უცნობის” აქციაზე გახმოვანებული მოთხოვნების ინიცირება მოახდინონ პარლამენტში, კანონპროექტების პაკეტის სახით.

თუმცა პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია მსგავსი კანონპროექტი. მისი ავტორები 2021 წლის 5 ივლისის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები არიან, რომლებიც პრორუსულ ტელევიზიას, “ალტ-ინფოს” წარმოადგენენ. მოთხოვნა ლგბტ თემატიკასთან დაკავშირებული დემონსტრაციების აკრძალვაა.

3 მაისს მდინარაძემ თქვა, რომ “ლგბტ-პროპაგანდის” შესახებ კანონის მიღება “ქართულ ოცნებაში” არ განიხილება. ჰომოფობიური რიტორიკა მას არც ამ შემთხვევაში დავიწყებია და თქვა, რომ მსგავს კანონს არ განიხილავენ არა მხოლოდ სამართლებრივი მიზეზების გამო, არამედ იმიტომ, რომ “ეს შეიძლება აწყობდეთ უფრო ლგბტ პროპაგანდისტებს და რადიკალურ ძალებს, რომლებიც ამაზე აგებენ თავის ნარატივს”.

როდის განიხილავენ “ალტ-ინფოს” კანონპროექტს ან შეასრულებენ თუ არა დანაპირებს “ევროპელი სოციალისტები”, ჯერ უცნობია. თუმცა ნათელია, რომ მმართველი პარტია უკვე თავად საუბრობს ენით, რომლითაც სულ ცოტა ხნის წინ მარგინალური ჰომოფობიური ჯგუფები ლაპარაკობდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი