ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ევროკომისიის წარმომადგენლებს სთავაზობენ საჯარო დებატებს ყველა საკითხზე, იქნება ეს დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ეკონომიკური საკითხები, „რუსული კანონი“ თუ სხვა.
ამ თემაზე მან ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას ისაუბრა.
მისი მტკიცებით,  ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა „ოცნებამ“, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში.
„გადაწყვეტილება იყო, რომ დღის წესრიგში არ იქნებოდა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება, ეს იყო ჩემი პირადი განცხადება, მაგრამ ჩვენ ხაზი გავუსვით იმას, რომ ევროპული კომისია თუ გადაწყვეტდა გაწევრიანებაზე მოლაპარაკების დაწყებას, ჩვენ მომენტალურად მივუერთდებოდით. მაგრამ საბოლოოდ ევროპულმა კომისიამ გადაწყვიტა და არა ჩვენ, რომ შეეწყვიტა პოლიტიკური დიალოგი საქართველოსთან 2024 წლის ივნისში, სანამ ჩვენ გავაკეთებდით ამ განცხადებას. ჩვენ ვუპასუხეთ ევროპული კომისიის ზოგად პოლიტიკას, უსამართლო პოლიტიკას“, – თქვა კობახიძემ.
მისივე მტკიცებით, ევროპული კომისია პირველ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის საკითხს და შემდეგ ეტაპზე მიერთებაზე მოლაპარაკებების საკითხს იყენებდა „ქართული საზოგადოების შანტაჟისთვის“.
კობახიძე ამბობს, რომ ევროპული კომისიის მიმართ ქართულ საზოგადოებაში ნდობა „ძალიან დაბალია“.
ჟურნალისტმა მას ჰკითხა გაფართოების ანგარიშზე, რომელიც აკრიტიკებს „ოცნების“ ქმედებებს. ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად მიმართავდა ანტიევროპულ რიტორიკასა და დეზინფორმაციას, რაც წამყვანმა კობახიძესაც შეახსენა.
საპასუხოდ კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნება“ ევროპელ ბიუროკრატებს აკრიტიკებს. მისივე მტკიცებით, ეს „პოლიტიზებული ანგარიშია“,  საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის „ერთ-ერთი ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა“ და საქართველოში დაცულია კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები.
„ჩვენ ვთავაზობთ საჯარო დისკუსიებს, საჯარო დებატებს ევროპული კომისიის წარმომადგენლებს, იმიტომ, რომ ჩვენ გვწამს, რომ ყველაფერი, რაც ანგარიშშია შესული, არ შეესაბამება რეალობას. ჩვენ სრულად ვართ დარწმუნებული, მაგრამ მოდით, ვიკამათოთ, გავმართოთ საჯარო დებატები ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან“, – თქვა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას „ოცნების“ მიერ მიღებულ კანონებზე, რომელთა გაუქმებასაც ვენეციის კომისია ითხოვს, კობახიძე იმეორებს, რომ კანონმდებლობა სრულად უპასუხებს ევროპულ სტანდარტებს.
„ვენეციის კომისიის ანგარიში სრულად პოლიტიზებულია. არაფერი არ ესაქმება მას იურიდიულ სტანდარტებთან“, – თქვა კობახიძემ.
მოდერატორი შეეცადა გარკვეულიყო, ვინ არიან „ევრობიუროკრატები“.
  • მოდერატორი: „უბრალოდ ვცდილობ გავიგო, ვინ არიან ევროპელი ბიუროკრატები? [ევროკავშირის] 27 ქვეყანა?
  • კობახიძე: „დიახ ყველა ის ქვეყანა, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს“.
  • მოდერატორი: „თუ ვენეციის კომისიაც ევროპული ბიუროკრატიაა, ევროკომისიაც და 27 ქვეყნის ლიდერებიც ბიუროკრატიის ნაწილი არიან, მაშინ, ბატონო, საერთოდ რატომ გსურთ ამ ევროკავშირში გაწევრიანება?“
  • კობახიძე: „ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ ისინი შეიცვლებიან“.
  • მოდერატორი: „ეს სეროზული თემაა. ჩვენ ვხედავთ დემონსტრაციებს, თქვენ ჭკვიანი კაცი ხართ, იცით, რომ 27 ქვეყანა არ იტყვის – ჩვენ შევიცვლებით, რომ მოვერგოთ საქართველოს. ისინი იტყვიან: თქვენ გინდათ ჩვენს კლუბს შემოუერთდეთ, თქვენ გჭირდებათ შეცვლა. თუ ეს არ გსურთ, თავისუფლები ხართ – შეგიძლიათ აქ არ იყოთ“. […]
საპასუხოდ კობახიძემ თქვა, რომ „ოცნებას“ სურს ქვეყანა „ღირსებით“ შევიდეს ევროკავშირში – „ჩვენ ოპტიმიზმით ვართ სავსე, რომ მიდგომები შეიცვლება. ჩვენ არ ვართ მარიონეტები“, – თქვა მან.
მოდერატორმა „ოცნების“ ლიდერს ჰკითხა პარტიების აკრძალვასა და იმაზეც, შეუქმნიდა თუ არა ეს ქვეყნის გაწევრიანებას პრობლემას მომავალში: – „თქვენ ხართ ქვეყანა, რომელშიც მიდის პოლიტიკური პარტიების აკრძალვის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, არის ეს, რასაც ძლიერი დემოკრატია აკეთებს?“
კობახიძემ საპასუხოდ განაცხადა, რომ „კარგი მაგალითებია“ უკრაინასა და მოლდოვაში.
მოდერატორმა კობახიძეს ასევე უთხრა, რომ ზოგიერთ ევროპელ ლიდერს მასთან ფოტოს გადაღება არ სურს. „მე ყველასთან მაქვს ფოტოები გადაღებული“ – თქვა კობახიძემ საპასუხოდ.