5 ივლისს რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები ძალადობამ მოიცვა. პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ჩასაშლელად გამოსული ჰომოფობიური ჯგუფების უპირველესი სამიზნე ჟურნალისტები იყვნენ: აგრესიული ადამიანები თავს ესხმოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ ყველას, ვინც რაიმე ნიშნით — მიკროფონით, კამერითა თუ ფოტოაპარატით — მედიასთან ასოცირდებოდა.
ქალაქის ცენტრში, პოლიციის თანდასწრებით, ჟურნალისტებს უმოწყალოდ სცემდნენ, აგინებდნენ, აპარატურას სტაცებდნენ და უმტვრევდნენ. გარდა მძიმე გამოცდილებისა, რომელიც მედიის წარმომადგენლებმა ძალადობრივი ჯგუფების მოქმედების შედეგად მიიღეს, არაერთი დაზარალებული ხაზს უსვამს უმოქმედობას პოლიციისა, რომელიც 5 ივლისს, მოვლენათა ეპიცენტრში, შესამჩნევად მცირე რაოდენობით იყო წარმოდგენილი.
მძიმე მოვლენების დროს 40-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა. ზოგიერთი ახლაც საავადმყოფოშია. “ნეტგაზეთი” დაზარალებულების ნაწილს დაუკავშირდა და სთხოვა, გაეხსენებინათ ის, რაც დაინახეს, გაიგონეს და საკუთარ თავზე გამოსცადეს.
“რადიო თავისუფლება”
დათო ქორიძე, ოპერატორი
ჩვენ, “რადიო თავისუფლება”, თბილისი პრაიდზე ვაკეთებთ ფილმს და ბოლო ერთი კვირა, თითქმის 24 საათი სულ პრაიდის აქტივისტებთან ერთად ვიყავით. დღესაც “სირცხვილიას” ოფისში ვიმყოფებოდით დილით და გადაღება გვქონდა დაწყებული, როცა ჩემმა პროდიუსერმა დამირეკა და მითხრა, სიძულვილის ჯგუფების დაახლოებით 500-მდე წარმომადგენელი მოდის მანდო.
მალევე დავორგანიზდით. რაც შეიძლება, მალე უნდა გამოვსულიყავით, თორემ მერე ალყას შემოგვარტყამდნენ. როგორც კი გავედით უკანა შესასვლელიდან, მაშინვე შევარდნენ იქ სიძულვილის ჯგუფები და დალეწეს მთელი სადარბაზო: შუშები დალეწეს, ოპერატორები სცემეს…
ოფისიდან გამოვედით მე, “რადიო თავისუფლების” ჟურნალისტი თორნიკე მანდარია, აქტივისტები — გიორგი თაბაგარი და თამაზ სოზაშვილი. გადავწყვიტეთ, გადავსულიყავით გაეროს ოფისში, რომელიც შედარებით უსაფრთხო იყო და ვიფიქრეთ, რომ იქ ვერ მოაგნებდნენ. თუმცა იქ მისვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ იქაც მოვიდნენ ეს ადამიანები.
იმავე მიზეზით, რომ ექსცესები აგვერიდებინა, კვლავ გადავწყვიტეთ ლოკაციის შეცვლა. მე, თორნიკე და გიორგი თაბაგარი გამოვედით. გიორგის მრგვალ ბაღთან ეყენა მანქანა. შორიდანვე შევამჩნიე, რომ 50-მდე ადამიანი იყო ბაღში შეკრებილი.

დათო ქორიძე ფოტო: რადიო თავისუფლება
წავედით მანქანისკენ, ჩავსხედით მე და გიორგი და როცა თორნიკე ჯდებოდა, ამ დროს მივარდა ერთ-ერთი და ჩაარტყა სახეში. ისეთი ძალით ჩაარტყა, დავარდა ძირს, წამოუვიდა სისხლი და ჩაემტვრა კბილები. გავაღე კარი, გადმოვედი და დავიწყე ყვირილი, პოლიცია სად არის — მეთქი.
ყველაზე საშიში მთელ ამ პროცესში იყო ის, რომ პოლიცია იდგა იქვე, ამ ყველაფერს ხედავდა და რეაქცია ჰქონდა ნული. ყველაზე მეტად რამაც შემაშინა, იყო ეს. იმ ადამიანებზე ვიცი, რომ ბნელები, ბოროტები არიან, არაფერი აინტერესებთ, მაგრამ ყველაზე საშიში რაც იყო ჩემთვის დღეს მომხდარი ამბებიდან, იყო პოლიციის ფაქტორი.
შემდეგ მე დამაგდეს ძირს, დაახლოებით 10 კაცი მირტყამდა. თან მირტყამდნენ თავში. არ ვიცი, დავალება ჰქონდათ თუ რა იყო. გვერდებში ან ზურგში კი არა, თავში მირტყამდნენ გამეტებით, ოღონდ არა გვერდიდან, არამედ ზემოდან ქვემოთ. რაღაცას რომ ჩეჩქვავ, ეგეთი ძალით.
მეშინოდა, თვალებში არ მომხვედროდა, მხედველობა არ დამზიანებოდა და თვალებზე მქონდა ხელი აფარებული ბოლომდე. დაახლოებით 10 წამის შემდეგ, რომ აღარ გაჩერდნენ, ქალებმა ატეხეს ყვირილი, რას აკეთებთ, ხომ არ კლავთო?
ამ ქალების ყვირილზე და გამვლელების რეაქციაზე ჩაერთო პოლიცია, ისიც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული. ვინაიდან სამოქალაქო ფორმები ეცვათ, მეგონა, ისინიც მოძალადეები იყვნენ და რომ მეუბნებოდნენ, წამოდექიო, მეშინოდა, არ ვდგებოდი. ვეღარ ვხვდებოდი, ვინ იყო პოლიცია და ვინ — [მოძალადე].
საბოლოო ჯამში, ისევ სამოქალაქო ფორმაში გადაცმულმა, სავარაუდოდ, პოლიციელებმა გამიყვანეს. ერთ-ერთმა მკითხა, სად გინდა, წახვიდეო. ისევ გაეროს ოფისში დაბრუნება ვარჩიე. თან გაბრუებული ვიყავი ცემით, თან თორნიკე სად იყო, არ ვიცოდი, ვერ ვტოვებდი მარტო და ამაზეც მეფიქრებოდა.
დავბრუნდი გაეროს ოფისში, მერე სასწრაფო დახმარება მოვიდა, “რადიო თავისუფლების” ოფისიც ჩაერთო და გადაგვიყვანეს საავადმყოფოში.
ტვინში დაზიანება არ არის, უბრალოდ ჰემატომა მაქვს ძალიან დიდი და თავის ტკივილი მაქვს კიდევ. მეტი არაფერი.
თორნიკე მანდარია, ჟურნალისტი
დღეს, მას შემდეგ, რაც “სირცხვილიას” ოფისთან მოვიდნენ ის ადამიანები და გაჩნდა რისკი, რომ იქ გავჭედილიყავით ან უფრო მძიმე საფრთხე შეგვქმნოდა, მანამდე გამოვედით და მე, ოპერატორი დათო ქორიძე, აქტივისტები — გიორგი თაბაგარი და თამაზ სოზაშვილი- წავედით სხვა ოფისში, მრგვალ ბაღთან.
იქაც, [ძალადობრივი ჯგუფების მობილიზების გამო] გადაწყდა, რომ უნდა გადავსულიყავით კიდევ სხვა ოფისში. გამოვედით იქიდან, წავედით გიორგი თაბაგარის მანქანისკენ. გიორგი და დათო ქორიძე ჩასხდნენ წინ. მე გამოვაღე უკანა კარი და მანქანაში უნდა ჩავმჯდარიყავი, როცა ძალიან ძლიერად დამარტყეს სახეში.

ვერ ვიხსენებ, იყო თუ არა ეს რაიმე მძიმე საგანი. უფრო მგონია, რომ ხელი იყო, თუმცა დარტყმა იყო ძალიან ძლიერი. უცებ წამსკდა სისხლი. ამ დროს გადმოვიდა დათო მანქანიდან და დაიწყო გამოსარჩლება, თან კამერა ჰქონდა ჩართული. მერე გადაერთნენ დათოზე. ორივე ვყვიროდით და ვეძახდით პოლიციას, რომელიც 30, მაქსიმუმ, 50 მეტრში იდგა და ცალსახად შეეძლოთ, რომ გაეგონათ ჩვენი ყვირილი. ათამდე პოლიციელი იდგა. როგორც ჩანს, ისინი არ სცილდებოდნენ იმ შენობას[სადაც იდგნენ] თუ რა ხდებოდა, ვერ მივხვდი.
დათოზე როცა გადაერთო ეს, დაახლოებით 20 ადამიანი, და ვხედავდი, რომ კიდევ მოდიოდნენ ჩვენკენ, გავიქეცი პოლიციისკენ ყვირილით: ხომ აქ ხართ პოლიცია, დაგვეხმარეთ-მეთქი. არცერთი მათგანი არ გაინძრა. მერე ერთ-ერთმა შემიყვანა იქვე, ეზოში, წყალზე. სხვა არაფერი გაუკეთებიათ.
ამასობაში დათო ქორიძეც გაიყვანეს იქიდან და დააბრუნეს ოფისში. მერე მოვიდა სასწრაფო და წამომიყვანა.
ახლა მაქვს ცხვირი გატეხილი, რამდენიმე ნაკერი მადევს და წინა კბილები მაქვს ცოტათი ჩამსხვრეული.
“ტვ პირველი”
გუგა მაისურაძე, ჟურნალისტი
იყო ასეთი სიტუაცია: 9 აპრილის ბაღის მიმდებარედ ვიყავით შეკრებილნი ჟურნალისტები. უცებ ერთ გოგონას, რომლის ჩაცმულობაც, სავარაუდოდ, პუტინისტურ ჯგუფებს არ მოეწონათ, გაეკიდნენ და დაუწყეს ცემა-ტყეპა და გინება. ამ ეპიზოდს ვაშუქებდით ჩვენ. ასე შევედით 9 აპრილის სკვერში, საიდანაც შემდგომ გავერიდეთ, რათა ამ აგრესიული ადამიანების გაღიზიანება არ გამოგვეწვია.
ამ დროს ჩვენმა კამერამ დაფიქსირდა, ერთ-ერთი მოძალადე როგორ ურტყამდა იქ მყოფ ფოტოგრაფს პირდაპირ კბილებში. ეს ყველაფერი ხდებოდა კრიმინალური პოლიციის თვალწინ, პოლიციელთა მობილიზების ფონზე. როცა პირდაპირ ეთერში დავიწყე ამ ამბის მოყოლა და ვთქვი, როგორც ხედავთ, თავს ესხმიან ფოტოგრაფს-მეთქი, დაიწყო აგრესია ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართაც. გვეუბნებოდნენ, გადით, დატოვეთ ტერიტორიაო.
დავიწყეთ იქიდან გასვლა, თუმცა ამ დროს დაიწყეს ქვების, ბოთლების სროლა. რამდენიმე ქვა მოგვხვდა ჩვენც და კამერასაც. გავიქეცით მე და ჩემი ოპერატორი, რა დროსაც შემეჯახა აქციის ერთ-ერთი მონაწილე, დავეცი და დამიზიანდა ხელი.
საბოლოოდ მოვახერხე, გამოვქცეულიყავი, თუმცა ჩემი ოპერატორი ლევან ბრეგვაძე მოექცა ამ გავეშებული ხალხის წრეში. ყველანაირად, ყოველგვარი დანდობის გარეშე, სასულიერო პირების თვალწინ და მათი ჩართულობითაც კი, ფეხებით შედგნენ ჩვენს ოპერატორს და უმძიმესი დაზიანებები მიაყენეს. პოლიციისა და სასულიერო პირების თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. და იცით, რომელი პოლიციის? მობილიზებულნი რომ იყვნენ, დამატებითი ძალები რომ გადმოისროლეს და სპეციალური ეკიპირება რომ ჰქონდათ ადგილზე, აი, იმ პოლიციის თვალწინ ხდებოდა ყოველივე ეს.
მიბარებენ, რომ ჩვენება მივცე, მაგრამ ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი, ვიზამ თუ არა ამას. გვახსოვს, როგორ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ჩვენს ჟურნალისტს, ნინო ელიკაშვილს, 5 დღის წინ. ბრალდებული დაიჭირეს და მერე 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
რა აზრი აქვს, ჩემი ჩვენება იდება თუ არა პოლიციელების საქმეში? ყველაფერი იყო პირდაპირ ეთერში და ყველამ ყველაფერი ნახა, რადგან ჩემ გარდა ჩემი სხვა კოლეგებიც იყვნენ იქ.
ლევან ბრეგვაძე, ოპერატორი
ბავშვს მისდევდნენ, მისი ჩაცმულობა არ მოეწონათ. სიტყვიერად შეურაცხყვეს და იძალადეს მასზე. ცოტა რომ დაიძაბა სიტუაცია, გამოვშორდი, მეც რომ არ მოვხვედრილიყავი შუაში. რაღაც პერიოდის მერე იმ ტალღასთან ცოტა ახლოს მოვხვდი. მგონი, უცხოელ ფოტოგრაფს ურტყამდნენ სახეში და გადავიღე ეს კადრი.
ამის შემდეგ ეგრევე, სწრაფი ნაბიჯით წამოვედი უკან და ზუსტად ამ დროს დაიწყეს ქვებისა და ბოთლების სროლა. ერთი ქვა, რომელიც ჩემთვის უნდა გაერტყათ, კამერას მოხვდა. მე და ჩემი ჟურნალისტი, გუგა მაისურაძე გავრბოდით. გუგამ შედარებით მოასწრო გაქცევა, თუმცა მე ეგრევე დამესია 15-20 კაცი. როგორც კი წამაქციეს, ეგრევე წიხლებით შემდგნენ. შედგომაც არ ერქვა ამას. რა ჩხუბებში არ ვყოფილვარ, სად არ ვყოფილვარ და ასეთი რამ ფილმებშიც კი არ მინახავს, მართლა გეუბნებით.

რომ იღლებოდნენ, ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და ისე მირტყამდნენ ფეხებს. მერე პოლიციამ გამიყვანა ერთი 5-6 მეტრის იქით და ალყაში ვყავდი, მაგრამ იქაც [მომწვდნენ] და მირტყამდნენ. ხან თავში მხვდებოდა, ხან ზურგში, ხან მუცელში, ხან ფეხებში… ბოლოს, რომ ვერ მწვდებოდნენ მუშტებით, ბოლომდე იწელებოდნენ და პწკენა უნდოდათ, თქვენ წარმოიდგინეთ, იმისთვის, რომ ტკივილი მოეყენებინათ.
ერთი მამაო იყო, მართლა კარგი მამაო, გადამეფარა და მიცავდა. სთხოვდა, არ დაარტყათო, მაგრამ ფეხებზე ეკიდათ, მაინც მირტყამდნენ. თითქოს სიამოვნებას იღებდნენ ამისგან. ახალგაზრდები იყვნენ, მაქსიმუმ, 21-დან 25 წლამდე ადამიანები.
თავი რომ დამეცვა, კამერა და პირდაპირი ჩართვის აპარატი უნდა გადამეგდო. მაგრამ ეს არ ვქენი. ვიფიქრე, რომ აპარატურასაც დავიცავდი და საკუთარ თავსაც, თუმცა ვეღარ მოვასწარი ეს და დამიჭირეს… მერე კამერაც გატყდა და ჩართვის აპარატიც. ტელეფონიც დამიზიანდა. მაისური ხომ შემოხეული მქონდა, საუბარიც არ არის ამაზე.
თავთან და ზურგზე მაქვს დაზიანებები, ასევე, მხარზე მიკბინა ვიღაცამ.
ნანუკა ქაჯაია, ჟურნალისტი
მე რუსთაველის მეტროს მიმდებარედ ვმუშაობდი ჩემს ოპერატორთან ერთად, რადგან იქ უნდა ჩაევლოთ პრაიდის მონაწილეებს. ძალიან დიდი აგრესიით გამოირჩეოდნენ ჩვენ მიმართ. მაგალითად, პოლიციელმა გაიყვანა ერთი მოქალაქე, რომელმაც ისე ჩამარტყა მუშტი წელში, რომ ჩავიხარე.
პირდაპირი ჩართვის დროს წიხლებს გვირტყამდნენ მეც და ჩემს ოპერატორსაც. ჩართვაზე რომ ვიდექი, ბოთლი დამიშინა ერთმა… ასეთი ინციდენტები ბევრი იყო.
მარტო “ტვ პირველის” მიმართ არ ყოფილა ეს აგრესია. თითქმის ყველას გვირტყამდნენ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ. პირდაპირ ეთერშიც გადიოდა ეს კადრები.
ძალიან ბევრი ადამიანი იყო იქ, რადიკალური ჯგუფები. ჩრდილში იყვნენ გადანაწილებულნი, ვინაიდან ძალიან ცხელოდა. 500-მდე მაინც იქნებოდნენ იმ პერიმეტრზე და ამ ფონზე იდგა ზუსტად 8 პოლიციელი, რომლებიც არც კი ინძრეოდნენ, ჩვენ რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდნენ და ფეხებს გვირტყამდნენ.
ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა ეთერში ვთქვი, როგორც ხედავთ, გვიპირისპირდებიან, თუმცა პოლიცია არაფერს აკეთებს-მეთქი და ამ დროს მოვიდნენ პოლიციელები, გამიკეთეს წრე და მითხრეს, გაგიყვანთ აქედანო.
ძალიან უმოქმედოები იყვნენ დღეს. არცერთ აქციაზე ასე არ არის ხოლმე. ვერ დავემდურები სხვა შემთხვევებში სამართალდამცავებს, ყოველთვის ძალიან აქტიურები არიან, თუმცა დღეს, ფაქტობრივად, არაფერს აკეთებდნენ.
ტელეკომპანია “იმედი”
დიმიტრი ყირიმლიშვილი, ჟურნალისტი
კონკრეტული ლოკაცია მოგვცა პროდიუსერმა, სადაც უნდა წავსულიყავით და გადაგვეღო კონტრაქცია. ეს იყო ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორია, 9 აპრილის სკვერთან. დაახლოებით 09:30 საათზე უკვე იქ ვიყავი.
9 აპრილის სკვერში დავიწყეთ ინტერვიუების აღება, რესპონდენტების ჩაწერა და კადრების გადაღება. იქ მამაო ჩავწერეთ, აქციის ორგანიზატორიც, ჩვეულებრივი მონაწილეც…
ამის შემდეგ გავიგე მოწოდება ერთ-ერთი ორგანიზატორისგან, ახლა ყველანი გადავდივართ პარლამენტთან და უნდა გავწმინდოთ იქაურობა უწმინდურებისგანო.
როცა უკვე მივდიოდით პარლამენტისკენ, სადაც კარვები დაანგრიეს ამ აქციის მონაწილეებმა, იქ უკვე აღინიშნებოდა აგრესია ჟურნალისტებსა და ოპერატორებზეც. როცა ლაივში ვაპირებდით შესვლას, დავინახე, რომ მარცხენა მხარეს ჩოჩქოლი იყო და ვიღაცას აგინებდნენ. თავიდან “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი მეგონა, მაგრამ მერე დავინახე, რომ ოპერატორი იყო.
რომ მივედით ვითარების გასარკვევად, ჩვენზეც გადმოვიდა ეს აგრესია. სულ არ აინტერესებდათ, რომელი ტელევიზიის წარმომადგენელი იყო, ოპერატორი თუ ჟურნალისტი. ჩემს ოპერატორს თავზე გადაამტვრიეს დროშის ტარი. როგორც კი მის დასახმარებლად გავიწიე და გავიწიე იმ კაცისკენაც, ვინც ჩაარტყა, მომიტრიალდნენ, როგორ ბედავ მის დახმარებასო.
თურმე, ჩვენ გვერდით სხვა ოპერატორებსა და ჟურნალისტებსაც სცემდნენ. რომ შევატყვე, რომ მათთან არც სიტყვა ჭრიდა და არც მოწოდება და თან ისე გვცემეს, თვალებში გვიბნელდებოდა უკვე ორივეს, გამოვიქეცით და “რედისონს” შევაფარეთ თავი. “რედისონამდე” გვდიეს.
მერე სასწრაფოში დავრეკეთ, თუმცა დააგვიანეს. შემდგომ ტელევიზიაში გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
მე პირადად სახის მარცხენა არეში მაქვს დაზიანებები, მსუბუქი ტრავმა და ტვინის შერყევა. ასევე, ნეკნები მაქვს ჩაბეჟილი. ოპერატორს მარჯვენა ყურისა და თავის არეში ჭრილობებიც აქვს, ხელკეტი რომ გადაარტყეს, ყური გაუსკდა. ფეხიც ჩაარტყეს მუცელში, თუმცა უფრო თავისკენ იყვნენ ორიენტირებული, რომ თავში ჩაერტყათ და წაექციათ.
იქ რომ წავქცეულიყავი, ალბათ, გამომიტანდნენ. მე იმან მიშველა, რომ ცოტას ვვარჯიშობ, ვერ წამაქციეს და მოვახერხე, გამოვქცეულიყავი. ამაზე გამწარებულებმა იმდენი გვდიეს, პოლიციაც ვერ აჩერებდა.
ვერ ვიტყოდი, პოლიცია იდგა და უყურებდა-მეთქი. 8 წელია ჟურნალისტი ვარ, ვუყურებ, რაც ხდება, მაგრამ შოკში ვიყავით დღეს, ისეთი განუკითხაობა ხდებოდა. ქალი, კაცი, დიდი, პატარა, მრევლი, მღვდელი… ყველა ფიზიკურად უსწორდებოდა ადამიანებს. იმდენად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი…
პოლიციელებს რომ შევხედე, ცდილობდნენ არა ჩვენს გამორიდებას, არამედ იმ ბრბოს დაკავებას. და სულ იყო 4 ეკიპაჟი. ოთხმა ეკიპაჟმა რა რეაგირება უნდა მოახდინოს მინიმუმ 1 000 კაცის წინააღმდეგ? საკმარისი რაოდენობით არ იყვნენ და ამას ყველგან ვიტყვი, არ მომერიდება. მაგრამ ვინც იყო, ვერ ვიტყვი, რომ უმოქმედოდ იდგნენ.
ტელეკომპანია “ფორმულა”
ლუკა ხაჩიძე, ჟურნალისტი
მე ვმუშაობდი “სირცხვილიას” ოფისში და რაღაც მომენტში, 12:00 საათის შემდგომ, ითქვა, რომ სიძულვილის ჯგუფების ნაწილმა გამოთქვა სურვილი, მოსულიყვნენ იქ, ოფისთან. იქ მყოფმა აქტივისტებმა ეს გააჟღერეს, რის შემდეგაც შევთანხმდით, რომ დავტოვებდით ოფისს, რადგან პოლიცია არ იყო მობილიზებული და უსაფრთხო აღარ იყო იქ ყოფნა.
დავიწყეთ შენობის დატოვება. ნაწილი ლიფტით ჩავიდა, თუმცა მივხვდით, რომ დიდი დრო დაგვჭირდებოდა და შეიძლებოდა, უკვე ოფისშიც შემოსულიყვნენ. ამიტომ გავედით უკანა კარიდან. აქტივისტების ნაწილი ავტომობილით გავიდა, ნაწილი — ჩემთან ერთად იყო ბოლო მომენტამდე. ახლომდებარე კორპუსთან მივედით და ხალხს ვთხოვეთ, ეს ადამიანები შეეყვანათ შიგნით. მაგრამ უკვე [მოძალადე ჯგუფების] ხმა გვიახლოვდებოდა და მეც უფრო მეტ ყურადღებას ვიქცევდი ამ კამერით, ამიტომ [მე და ჩემი ოპერატორი] გამოვერიდეთ იქაურობას.
დაახლოებით 15 წუთში მივბრუნდი ოპერატორთან ერთად იმ შენობასთან, სადაც “სირცხვილიას” ოფისია განთავსებული. მაინტერესებდა, რა ხდებოდა და აქტივისტებიდან ხომ არ იყო დარჩენილი ვინმე. შენობის უკანა ეზოში ჩავედით. შედარებით უსაფრთხო გარემო მეგონა, რადგან იქ არ იყვნენ ეს ჯგუფები. თუმცა, როგორც კი ჩავედი, სიღრმიდან დაიწყეს გამოსვლა.
შეურაცხყოფები იყო “ფორმულას” მიმართ, გვემუქრებოდნენ, აგრესია ჰქონდათ, რომ კამერა გვქონდა მათკენ მიტრიალებული… მატულობდა და მატულობდა მათი რაოდენობა. 50-მდე იქნებოდნენ. ვინაიდან ეს იყო ჩაკეტილი ეზო, ერთ კუთხეში მიგვიმწყვდიეს. ფიზიკურად ვეღარ გავდიოდით და ვერც წინ წავიდოდით.
შემდგომ მოვიდა პოლიცია: თავიდან- 5, შემდგომ, მაქსიმუმ, 10 პოლიციელი. გვთხოვეს, დაიხარეთო, რადგან ქვებს, ბოთლებსა და კვერცხებს გვესროდნენ. შემდგომ გვითხრეს, რომ რამდენიმე წუთით გავჩერებულიყავით, რათა მოეფიქრებინათ, როგორ გავეყვანეთ ტერიტორიიდან. გააკეთეს პატარა დერეფანი და ამ დერეფნით დავტოვეთ ტერიტორია. პოლიციას ამ ადამიანების ეზოდან გაყვანა არც უცდია, რადგან 10 პოლიციელი 50 ადამიანის წინაშე ვერაფერს გახდებოდა.
შემდეგ ჩაგვსვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და წაგვიყვანეს მოშორებით.
ვერაფერს ვიზამდით იმ ეზოში, პოლიცია რომ არ მოსულიყო გარკვეული ხნის შემდეგ. ძალიან აგრესიულები იყვნენ. კადრებშიც ჩანს, რომ მიუხედავად პოლიციელების იქ დგომისა, ერთი მაინც მოგვეპარა და წიხლი ჩაარტყა ჩემს ოპერატორს.
მოხდა ისეც, რომ მეზობლები გამოვიდნენ აივნებზე, ეუბნებოდნენ, გაჩერდით, აქ სხვა ადამიანებიც ცხოვრობენო. აიღეს ქვები და [დაუწყეს სროლა], ვინც პროტესტს გამოთქვამდა. შუშებიც ჩაიმსხვრა.
გიორგი გაბუნია, ჟურნალისტი
რუსთაველის გამზირზე, ქაშუეთის წინ, მე და ჩემი ოპერატორი ვასრულებდით ჩვენს საქმიანობას, რა დროსაც დავინახე, რომ ძირს ეგდო ერთ-ერთი სხვა არხის ოპერატორი, რომელსაც გამეტებით ურტყამდნენ. მე რომ ვთხოვე ჩემს ოპერატორს, გადაიღე ეს ყველაფერი- მეთქი — არ ვიცი, შეიძლება, ეს არ მოეწონათ – უცებს ჩვენც მოგვკიდეს ხელი და დაგვიწყდეს უმოწყალოდ რტყმა.
პოლიცია ცოტა მოშორებით იდგა. მერე მოვიდნენ და გაგვიყვანეს. მე რაც ვნახე ჩემი თვალით, ადამიანები, ვინც ჩვენ გვირტყამდა, პოლიციას არ დაუკავებია. როგორც მაქვს ინფორმაცია, ძალიან ბევრ ჟურნალისტზე იძალადეს და არავინ არის დაკავებული ამ დრომდე.
ამბობენ, რომ გამოძიება წავა იმ კუთხით, რომ დააკავებენ ყველას, მაგრამ რა ვიცი… რა იქნება, არ ვიცი.
ეს არის ჩემი ისტორია. ფეხზე მაქვს ჯოხი გადარტყმული და თავში მაქვს რაღაც ჩარტყმული. რა ჩამარტყეს, ვერ დავინახე.
ერთი სული გვქონდა, გაგვეღწია იქიდან. შეუძლებელი იყო იქ მუშაობა. ვერაფერს იზამდი. რომ იტყვიან, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა გვირტყამდა.
რატი წვერავა, ჟურნალისტი [კომენტარი გაავრცელა “ტვ ფორმულამ]
მე პირველად ვიგრძენი, რა არის დაუცველობა: ეს მოხდა ცენტრში, პარლამენტის წინ. კადრებიც არსებობდა, პირდაპირ ეთერში ვიყავით, დაახლოებით 200 მეტრის მანძილზე. ადამიანები გამეტებით მირტყამდნენ ისე, რომ ერთი სამართალდამცავი არ გამოჩნდა, რომელიც გადამფარებოდა. დაახლოებით ქაშუეთის ეკლესიასთან, ჩასასვლელში, ერთადერთმა პოლიციელმა დამიცვა, თუმცა უძლური იყო, ბუნებრივია.

…დაახლოებით 200 მეტრის განმავლობაში დავდიოდი და მირტყამდნენ. თავი დახრილი მქონდა, ვიგუდებოდი, ვერ ვლაპარაკობდი და ვთხოვდი, იქნებ ვინმე დამეხმაროს-მეთქი. დახმარება კი არა, ყველა მირტყამდა გამეტებით. არ აინტერესებდათ, ადამიანი იყავი, ვინ იყავი… უბრალოდ უნდოდათ, მოვეკალი. ერთი ნაბიჯი არის იქამდე, რომ ამ ადამიანებმა მოგკლან. ერთადერთი მიზანი აქვს, რომ შენ რადგან კითხვას უსვამ მას და შეიძლება, კრიტიკულო კითხვა დაუსვა, მოგკლან”.
სულხან ელბაქიძე, “ფორმულა”
თავიდანვე აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. თუმცა, როდესაც მეუფესთან[იოანე გამრეკელთან] მივედით ჩასაწერად, რატომღაც უფრო აგრესიულები გახდნენ. სხვები, კონკრეტულად მამაო – არა.
მოვიდნენ ეს ადამიანები და ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს. დააზიანეს ტექნიკაც. ზუსტად იცოდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ: კამერას ხელს აფარებდნენ, რომ არ გადაგვეღო და ჭრიდნენ პირდაპირი ჩართვის აპარატის კაბელებს იმისთვის, რომ ლაივში არ ყოფილიყო ეს კადრები.
ალბათ, ორგანიზებულები იყვნენ და კონკრეტული რაღაცები იცოდნენ, თორემ სხვა აქციაზე არ მინახავს, რომ ჩართვის აპარატის კაბელები გადაეჭრას ვინმეს. ჩემი აპარატის თავიც და ბოლოც გადაჭრილია.
როცა ვიღაცას სცემდნენ, სცემდნენ ჯგუფურად. გაურკვეველია, რატომ. ჩვენ არ ვიყავით ისეთი ბევრნი და ჯანიანები, რომ ერთ ან ორ კაცს ვერ ვეცემეთ. მაგრამ მოდიოდნენ ბევრნი, ჯგუფურად და ისე გვირტყამდნენ.
პოლიციას არანაირი რეაგირება არ ჰქონდა. რეალურად, დავალება იყო ეგეთი, ალბათ… რიგ შემთხვევებში გული შესტკიოდათ, ისე იყურებოდნენ ხოლმე… თუმცა, როცა ჩვენ გვცემდნენ, პოლიცია ამას ხედავდა, მაგრამ არაფერი ქმედება არ განუხორციელებია.
კამერა, ხომ იცით, მხარზე გვიდევს ხოლმე. ასე რომ, სახის არეში რაც უნდა დაერტყათ, ხვდებოდა კამერას. მაგრამ ასევე გვირტყამდნენ წიხლებსაც. უმოწყალოდ გვცემდნენ. წიხლებით, ხელებით… საგნებსაც ურტყამდნენ ადამიანებს.
კამერის რაღაც ნაწილები გატყდა, შტატივი დაიმტვრა,…ასევე, მიკროფონი წაიღეს სადღაც. სად და რატომ, არ ვიცით. შეიძლება, იმიტომ არ ამტვრევდნენ და მიჰქონდათ, რომ აპარატურის დაზიანების ფაქტი არ დაფიქსირებულიყო. მაგალითად, ჩართვის აპარატი რაშიც დევს, ის ჩანთა წაიღეს. თვითონ აპარატი გამოვგლიჯე, მაგრამ ჩანთა წაიღეს. წაიღეს აკუმულატორიც.
მსგავსი რამ არ მინახავს. 10 წელია ვმუშაობ, იყო შემთხვევები, რომ აპარატურას გვიმტვრევდნენ, მაგრამ ის, რომ ტექნიკა გაეტაცებინათ, პირველად იყო ასეთი შემთხვევა.
“ნეტგაზეთი”
ლუკა პერტაია, ჟურნალისტი
რუსთაველის გამზირზე დაახლოებით 11:00 საათის შემდეგ მივედი, მას შემდეგ, რაც მალხაზ მაჩალიკაშვილის და ენმ-ის მხარდამჭერების კარვები დაანგრიეს დემონსტრანტებმა. მეცვა გრძელი, მუქი ფერის ჯინსის შარვალი და შავი, მოკლემკლავიანი მაისური, რომელსაც წინიდან და უკნიდან ეწერა „პრესა“.
რამდენიმე წუთში პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, შუა მონაკვეთში, არეულობა დაიწყო. მალევე ჩავრთე პირდაპირი ეთერი მობილური ტელეფონით, რომელიც სელფის ჯოხზე მქონდა დამაგრებული, რათა მაღლიდან უკეთ გადამეღო. როგორც აქციის მონაწილეებისგან და მათი შეძახილებიდან გავიდე, იქ ტელეჟურნალისტები იდგნენ და აქციის მონაწილეები მათ აგდებდნენ ადგილიდან. ხმაურსა და არეულობას გავყევი.
ასე მივედი ქაშუეთისა და ეროვნული გალერეის მიმდებარე ტერიტორიაზე. დავინახე, როგორ სვამდნენ პოლიციელები პოლიციის მანქანაში ერთ ადამიანს, სავარაუდოდ, ჟურნალისტს. ამ დროს ჯერ ერთი ადამიანი მოვიდა და აქციიდან მაგდებდა. იმ დროს, თუ არ ვცდები, ერთი პოლიციელიც მომიახლოვდა და ისიც მომიწოდებდა, გავრიდებოდი იქაურობას, თან ეს ადამიანიც გასწია.
ამის შემდეგ, მალევე, სამი ადამიანი მომიახლოვდა ყვირილით, აგრესიულად, თუ არ ვცდები, შეურაცხმყოფელი შეძახილებით. მიყვიროდნენ, რომ წავსულიყავი იქიდან. „პროვოკატორიც“ დამიძახეს, ვერც მივხვდი, რის გამო. უბრალოდ ვიღებდი. და აშკარა იყო, რომ ჟურნალისტი ვიყავი. შემდეგ მეც დავუყვირე, დამშვიდდი, მივდივარ, „ნელა“-მეთქი და როგორღაც დავაღწიე თავი. თუმცა ის კადრები, რისთვისაც იქ ვიდექი, ვერ გადავიღე.
ამის შემდეგ დავინახე, როგორ ურტყამდა ერთი პირი გრძელ საგანს ერთ-ერთ ოპერატორს. ჩვენს კადრებშიც უნდა ჩანდეს ეს ეპიზოდი. და შემდეგ წუთებში ასეთი არაერთი ეპიზოდი იყო.
პარლამენტის წინ დაწყებული ნადირობა ჟურნალისტებზე რუსთაველის გამზირის დასაწყისამდე, „მერანის“ სავაჭრო ცენტრამდე გაგრძელდა. ჩემ თვალწინ არაერთი გადამღები ჯგუფი ჩაისვეს პოლიციელებმა მანქანებში, – იმის მიუხედავად, რომ მათ ამის სურვილი არ ჰქონდათ, პირიქით, — თუმცა აგრესიული დემონსტრანტები კვლავ აგრძელებდნენ დევნას.
ეს დევნა რომ მორჩა, ვიფიქრე, რომ ჟურნალისტის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები უნდა მომეშორებინა. თანამშრომელმა ოფისიდან სხვა მაისური მომიტანა, პარლამენტის უკან ავედი, რომელიღაცა კორპუსის ავტოსადგომში ჩავედი და იქ გამოვიცვალე…
თუკი სხვა შემთხვევაში, — ალბათ, ომშიც კი, — პროფესიის მაიდენტიფიცირებელი ნიშნები უსაფრთხოების გარანტიას ან მეტი დაცულობის განცდას აჩენს, ამ შემთხვევაში, ის სამიზნედ გაქცევდა. და არაერთი კოლეგა ვიცი ონლაინ მედიიდან, ვისაც ასე მოუწია მუშაობა. ასევე, ცალსახა იყო პოლიციის არასაკმარისი რაოდენობით მობილიზება, რამაც უფრო მოწყვლადები გაგვხადა ჟურნალისტები. დაცულობის შეგრძნება საერთოდ არ მქონია.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”
მარიკა გოცირიძე, ჟურნალისტი
მე ვიყავი პირდაპირ ეთერში და ვიდექი პარლამენტის წინ, სადაც კარვები დაშალეს. მეგონა, გამზირი რაღაცნაირად მოცარიელდა. მაგრამ რომ გადავინაცვლე წინა ნაწილში, უკვე დავინახე, რომ ჟურნალისტებს მისდევდნენ.
რა თქმა უნდა, ჩვენ მიმართაც წამოვიდა ძალიან დიდი აგრესია. შევეცადეთ, გავრიდებოდით. ამ დროს დავინახე, რომ ჩვენი გადამღები ჯგუფის სხვა წარმომადგენლები უკვე ძალიან რთულ ვითარებაში მუშაობდნენ. რა თქმა უნდა, მივუახლოვდით მათ.
ვცდილობდით, ერთად ვყოფილიყავით, თითქოს [გვეგონა], რომ ერთად ისე ვერ გაგვისწორდებოდნენ ფიზიკურად, როგორც ცალ-ცალკე. მაგრამ… ჩემი 11-წლიანი კარიერის განმავლობაში მართლა პირველად შემეშინდა ასე ძალიან. მივხვდი, რომ უკონტროლო სიტუაციაში ვიყავი და ვეღარაფერი გადაგვარჩენდა ღმერთის გარდა.
იქ იყო ფურთხება, გინება, დროშის ტარებს ურტყამდნენ ოპერატორებს… მიზანმიმართული ძალადობა იყო ჟურნალისტებზე.
ამ დროს საპატრულო ეკიპაჟის წევრებმა მეც და ჩემს ოპერატორსაც მოგვკიდეს ხელი, ჩაგვსვეს მანქანაში და გაგვარიდეს. წაგვიყვანეს საკმაოდ შორს და ჩამოგვსვეს სადღაც ვაკეში.
იმ ადგილზე, სადაც ძალადობა ხდებოდა, იყო ძალიან ცოტა სამართალდამცავი. იმიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ის რაოდენობა, ვინც იყო, არ ეყო ამ ყველაფრის განეიტრალებას. ალბათ, ამიტომაც არ მოხდა იქვე იმ ადამიანების დაკავება, ვინც ძალადობდა ჟურნალისტებზე.
თამარ თათარაშვილი, ჟურნალისტი
არ იქნებოდა 11:00 საათი, როცა ვიყავით რუსთაველზე და ვაშუქებდით საპროტესტო აქციას. ვიდექით სადღაც პირველი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როდესაც დავინახეთ, რომ ცოცხალი ძალა წამოვიდა ჩვენი მიმართულებით.
უცებ ვერ გავიაზრეთ, რატომ მოდიოდნენ, რა უნდოდათ… დროშები ეჭირათ, დროშის ტარებით მოდიოდნენ. შემდეგ იყო ფიზიკური ანგარიშსწორება. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნენ, ფიზიკურად გვისწორდებოდნენ… არ ჰქონდა მნიშვნელობა, რომელ მედიასაშუალებას წარმოადგენდი.
ერთ მომენტში ოპერატორთან ერთად ვიდექი და დავინახე, რომ სხვა რამდენიმე ოპერატორს ურტყამდნენ. უცებ ერთი მამაკაცი, რომელიც მოპედზე იჯდა, წამოვიდა ჩემი და ჩემი ოპერატორის მიმართულებით და მიზანმიმართულად დაგვეჯახა. განგებ ეჯახებოდა ჟურნალისტებს და ერთ-ერთი ვიყავი მე. საბედნიეროდ, არ დავშავებულვარ, რადგან პოლიციამ მოასწრო, გადასდგომოდა და ოდნავ შემეჯახა. მერე პოლიციელებმა განარიდეს ის პიროვნება.
ყველას მიმართ ჰქონდათ ერთნაირი აგრესია. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ბიჭი ოპერატორებისა და ბიჭი ჟურნალისტების მიმართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ, დანარჩენები, დაცულები ვიყავით. პოლიციამ იმ მომენტში გამოგვიყვანა იმ ტერიტორიიდან. მოდიოდნენ ეკიპაჟები, გვსვამდნენ მანქანაში და გვაცილებდნენ. ეს რომ არ ყოფილიყო, რა მოხდებოდა, არ ვიცით. ვერ ვიგებდით, საერთოდ რა უნდოდათ ჩვენგან.
ეს იყო პირველი აგრესია, თუმცა ის აქ არ დამთავრებულა. როგორც იცით, შემდეგი ლოკაცია იყო, მაგალითად, ფილარმონია, ლგბტ თემის წარმომადგენელთა ოფისი… იქაც მოდიოდნენ და გვეუბნებოდნენ, წადით, მოშორდით აქედან, თქვენ უწევთ ამ ამბავს პროპაგანდას და ნაწილობრივ თქვენი ბრალია, რაც ხდებაო.
ზურა მანაგაძე, ოპერატორი
მარიოტის მიმდებარედ პირველი არხის ოპერატორს სცემდნენ და ამას ვიღებდი. შემეძლო, გავცლოდი იქაურობას, თუმცა არ წავედი. ეს ხალხი გაიშალა და ვერც გაიგებდი, საიდან შეიძლებოდა, დაგსხმოდნენ თავს. ყველა მხრიდან გესხმოდნენ.
უცებ მარცხნიდან გამოხტა ვიღაც და დამარტყა ისე, რომ დამაგდო. არ გავთიშულვარ, უბრალოდ ტუჩი გამისკდა. კამერა გადავარჩინე. დაუწყეს ჯაჯგური, თუმცა გავასწარი და გავეცალე.
პოლიცია იყო, მაგრამ არა საკმარისი რაოდენობით. იმ რაოდენობის პოლიცია იმ გამგელებულ ხალხს ვერ გააშველებდა.