„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ კანონპროექტმა “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რომლის მიღებაზეც მმართველმა გუნდმა უარი თქვა საზოგადოების პროტესტის შემდეგ, თავისი მნიშვნელოვანი საქმე უკვე გააკეთა.
განცხადებაში იგი ახსენებს ჰომოფობიურ ტერმინს „ლგბტ“ პროპაგანდა, რომლის გატარებაშიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ადანაშაულებს. ამასთან, კობახიძე, რომელიც რამდენიმე კვირის წინ ამ კანონის კონტექსტში სიტყვა აგენტს უწყინარ ტერმინად წარმოაჩენდა, ახლა თავად მიანიშნებს, რომ “უცხოური გავლენის” კონტექსტში აგენტს ნეგატიური კონოტაცია აქვს.
„პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ამ კანონპროექტმა თავისი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველი, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა არის სათაკილო საქმე, ვისი აგენტიც არ უნდა იყო. ეს არის პირველი მიღწევა, რაც აქვს ამ კანონპროექტს. მეორე რაც არის, ყველამ გაიგო ის ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა არასახელმწიფოებრივ საქმიანობაში არიან ჩართულები, როგორიც არის იგივე, მაგალითად, მთავრობის გადადგომის მოთხოვნა სცენიდან, რაც არ არის არასამთავრობო ორგანიზაციების საქმე, დამეთანხმებით.
ასევე, როგორიც არის გაუყალბებელი არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, PVT-ის გაყალბება, როგორიც არის ეკლესიის გინება, ლგბტ პროპაგანდა, პროვოკაციების მოწყობა ე.წ. საზღვართან ე.წ. სამხრეთ ოსეთის. ეს ორგანიზაციები, სინამდვილეში, არიან არა ქართველი ხალხის აგენტები, არამედ უცხოური გავლენის აგენტები, ეს არის მეორე ინფორმაცია, რომელიც ამ კანონპროექტმა გაუზიარა ქართველ საზოგადოებას ძალიან ცხადად და მკაფიოდ. და მესამე მნიშვნელოვანი გზავნილი, რაც აქვს ამ კანონპროექტს, არის ის, რომ ვერასოდეს განხორციელება „ბაკურიანის გეგმა“, ანუ NGO-ების ხელით საქართველოში „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლებაში ვერავინ დააბრუნებს“, — აცხადებს ირაკლი კობახიძე.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მადლობას უხდის „ხალხის ძალის“ დეპუტატებს კანონპროექტის ინიციირებისთვის და „ქართული ოცნების“ გუნდს პარლამენტში დოკუმენტის პირველი მოსმენით მხარდაჭერისთვის:
დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენაზე “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ რუსული კანონი ჩააგდო. 1 მომხრე, 35 წინააღმდეგი – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები. კანონპროექტმა კანონად დამტკიცებისთვის საჭირო ხმები ვერ დააგროვა, შესაბამისად, ჩავარდა.
ის ერთი დეპუტატი, ვინც კანონპროექტს კვლავ მხარი დაუჭირა, კენჭისყრის ოქმის მიხედვით, სწორედ დიმიტრი სამხარაძე იყო. ქართული ოცნების სხვა დეპუტატები კენჭისყრაში არ მონაწილებდნენ. რუსული კანონის წინააღმდეგ ხმა მხოლოდ ოპოზიციონერებმა მისცეს.
საქართველოს პარლამენტის 76-მა დეპუტატმა 7 მარტის სესიაზე პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი რუსულ კანონპროექტს, რომლის მიზანიც ქვეყანაში მედიისა და სამოქალაქო სექტორის დისკრედიტაცია და შეზღუდვაა.
მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს და მას შემდეგ ქვეყანაში, ფაქტობრივად, გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ისინი ჯერ „უცხოეთის აგენტებად“ გამოაცხადეს, შემდეგ კი საქმიანობაც აუკრძალეს.
კანონს საქართველოს დასავლური ინტეგრაციის შემაფერხებლად მიიჩნევენ საქართველოს დასავლელი პარტნიორები, მათ შორის, აშშ და ევროკავშირი.
მმართველი გუნდის ამ ნაბიჯს საქართველოს მრავალი მოქალაქის პროტესტი და მასშტაბური დემონსტრაციები მოჰყვა. 7-8 მარტს, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ, ხელისუფლებამ გამოიყენა ფიზიკური ძალა, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი.
დარბევებისას პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა აქციის მხარეს მყოფი ადამიანების ნაწილი. დაზიანდა პოლიციის ავტომობილები, დაშავდნენ როგორც პოლიციელები, ისე – აქციის მონაწილეები.
8-9 მარტის ღამეს, რუსთაველზე აქციის დაშლის შემდეგ სპეცრაზმმა აქციის მონაწილეებს მიმდებარე ქუჩებზე დილამდე სდია და აკავებდა მათ.
ორდღიანი საპროტესტო აქციებისა და წინააღმდეგობის შემდეგ ხელისუფლებამ თქვა, რომ გაიწვევს რუსულ კანონს, რომელიც ქვეყანაში სამოქალაქო სექტორსა და მედიას ზღუდავს.
პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტის გაწვევის მექანიზმი არ არსებობს. საჭირო გახდა პირველი მოსმენით მიღებული პროექტის, მეორე მოსმენით ჩაგდება.